ეს იყო მეორე შემთხვევა მიმდინარე სეზონში, როდესაც არბიტრებმა ლომბარდიულ გრანდს წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს.
ამ ამბავმა "როსონერის" მესვეურთა აღშფოთება გამოიწვია და მათ გარკვეულ ზომებსაც მიმართეს - მაგალითად, ადრიანო გალიანიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის,
"ის, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს თავს ხდება, რთული ასახსნელია. ფაქტია, რომ მსაჯების შეცდომების გამო ოთხი ქულა დავკარგეთ და მინდა დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით, უნებლიე შეცდომების გამო მოხდა. ამიტომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში წერილი გავგზავნე, სადაც საუბარია იმაზე, რომ სერია A-ს მატჩებზე არა სამი, არამედ ხუთი არბიტრი მუშაობდეს.
ეს პრაქტიკა ჩემპიონთა ლიგაში უკვე დანერგილია და საკმაოდ კარგად მუშაობს. ერთ ლაინსმენს რომ კარის ხაზზე ემუშავა, ეს ორივე გოლი ჩაითვლებოდა და დღეს ოთხი ქულით მეტი გვექნებოდა. იმედი მაქვს, ფედერკალჩო ჩემს ინიციატივას აიტაცებს და მომდევნო სეზონიდან ჩემპიონატის მატჩებს ხუთი მსაჯი მოემსახურება".
არჩათვლილ გოლებს თვით "მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი გამოეხმაურა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა ოფიციალურად აღნიშნულ პოსტს - მოვუსმინოთ "როსონერის" ძველ-ახალ პრეზიდენტს: "პრობლემა ნათელია და ადრიანო გალიანის ინიციატივას სრულიად ვეთანხმები.
ფაქტია, რომ არბიტრთა შეცდომების გამო ქულები დავკარგეთ და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. სკუდეტოსთვის მთელი წელი ვიბრძვით, გუნდს 38 თამაშის ჩატარება უწევს და არ შეიძლება, რომ ამხელა შრომა შეცდომების გამო წყალში ჩაიყაროს. ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მომხრე არ ვარ, მაგრამ მსაჯების რაოდენობის გაზრდამ შეიძლება ძალიან დადებითი შედეგი მოგვიტანოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"