მაურიციო ძამპარინი: ზაფხულში გავძლიერდებით

AutoSharing Option
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პალერმოს" მესვეურები წამყვანი ფეხბურთელების შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ და მეტიც, ზაფხულში გაძლიერებას აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ეს საკითხი აქედანვე დგას დღის წესრიგში.

სიცილიური კლუბი უკვე წლებია, რაც სერია A-ში წარუმატებლად ასპარეზობს. ამიტომ მოთამაშეებს გაქცევაზე უჭირავთ თვალი და საინტერესო წინადადებებს განიხილავენ.

გამომდინარე აქედან, "პალერმოს" მესვეურებს თითოეული ფეხბურთელის შენარჩუნება დიდ ძალისხმევად უჯდებათ. მართალია, სიცილიური გუნდი, ძირითადად, ცხრილის ზედა ნაწილში ტრიალებს, მაგრამ ევროსაგზურის მოპოვება ყოველთვის უჭირს, ჩემპიონთა ლიგა კი
აგერ, უკვე რა ხანია, აუხდენელ ოცნებად იქცა. მოკლედ, მოთამაშეები უფრო ამბიციურ გუნდებში გადასვლას ლამობენ და ეს არცაა გასაკვირი.

ერთხანს აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ 21 წლის ურუგვაელი ფორვარდი აბელ ერნანდესი "პალერმოდან" "რომაში" აპირებდა გადაბარგებას, თუმცა გუშინ ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა უარყო: "რომაელებთან არავითარი მოლაპარაკება არ გამიმართავს და ვერ გეტყვით, საიდან გავრცელდა ასეთი ინფორმაცია.

"პალერმოში" თავს კარგად ვგრძნობ და თუ გაცილებით უკეთესმა გუნდმა არ მიმიწვია, არსადაც არ წავალ. მეტსაც გეტყვით, სიცილიური კლუბის მესვეურები ახალ კონტრაქტს მიმზადებენ, რომელიც 2016 წლამდეა გათვლილი და დიდია შანსი, მას ხელი მოვაწერო".

"პალერმოს" მესვეურები ახალ ხელშეკრულებას 22 წლის ნახევარმცველ არმინ ბაჩინოვიჩსაც უმზადებენ, თუმცა რამდენად კმაყოფილი დარჩება სლოვენიელი შეთავაზებით, ძნელი სათქმელია. ამბობენ, რომ არაერთი გაცილებით უფრო ამბიციური გუნდი იწვევს და წასვლა მყარად აქვს გადაწყვეტილიო. სატრანსფერო საკითხებზე მოკლე კომენტარი "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ გააკეთა:

"სალვატორე სირიგუს და ხავიერ პასტორეს შეველიეთ, რაც სრულიად საკმარისია. არავის გაშვებას აღარ ვაპირებ და პირიქით, მსურს ზაფხულში გუნდი გავაძლიერო. დროა, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ და საამისოდ ახალი ფეხბურთელების მოყვანაა საჭირო. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. პირადად მე, "პალერმოს" გასაძლიერებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ".

ძალ-ღონეზე მეტად ფინანსებია საჭირო და ვნახოთ, რამდენად შეასრულებს სიტყვას მაურიციო ძამპარინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული