მილანური ამბები: ადრიანო გალიანი ყველაფერს მსაჯებს აბრალებს

AutoSharing Option
"მილანი" იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან ლომბარდიული გრანდის თავს ბევრი საინტერესო რამ ხდება.

ყველაზე აქტუალური თემა ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასთან" განმეორებითი პაექრობაა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა...

იტალიაში თვლიან, რომ ამ ორმატჩიანი დუელის ბედი დიდწილად განმეორებითი პაექრობის არბიტრმა, ჰოლანდიელმა კუპერსმა გადაწყვიტა, რომელმაც კატალონიელებს ორი თერთმეტმეტრიანი დაუნიშნა. იქიდან ერთი - ნამდვილად შეცდომით. მივყვეთ თანმიმდევრობით...

ისევ მსაჯები
მოკლედ, "მილანი" და მსაჯები მიმდინარე სეზონში ვერაფრით ეგუებიან ერთმანეთს და უკვე მერამდენედ გვიწევს ამ თემაზე საუბარი.

აქამდე ყველაზე დიდი ხმაური "მილანი"-"იუვენტუსის"
დაპირისპირებას მოჰყვა, რომელშიც ლომბარდიელებს წესების სრული დაცვით გატანილი გოლი გაუუქმეს.

მაშინ სალი მუნტარის არ გაუმართლა, ვისი თავურის შემდეგაც ბურთმა აშკარად გადაკვეთა ჯიჯი ბუფონის კარის ხაზი, მაგრამ ეს მხოლოდ არბიტრებმა ვერ დაინახეს.

სულ ახლახან "როსონერის" ანალოგიურ ვითარებაში კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, როდესაც უკვე რობინიოს დარტყმის შემდეგ გადაკვეთა ბურთმა ხაზი და მსაჯები ისევ ვერ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე - ეს ამბავი "კატანიასთან" პაექრობაში მოხდა და ის გოლი რომ ჩაეთვალათ, დიდი ალბათობით, "მილანი" აღარ დაკარგავდა ორ ქულას.

ამ ამბავს აპენინებზე დიდი რეზონანსი მოჰყვა. "მილანისტებმა" განგაშის ზარს შემოჰკრეს და უკმაყოფილება საჯაროდ თვით სილვიო ბერლუსკონიმაც კი გამოხატა.

და აი, "ბარსელონასთან" პაექრობაში "მილანი" ისევ დაიჩაგრა, რამაც ლომბარდიული გრანდის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ლამის ჭკუიდან გადაიყვანა - მოვუსმინოთ მას:

"რომ არა არბიტრთა შეცდომები, დღეს ალბათ სკუდეტოსთან ძალიან ახლოს ვიქნებოდით და არც ჩემპიონთა ლიგის დატოვება მოგვიწევდა.

"ბარსელონას" სიძლიერეში ეჭვი ნამდვილად არ შემაქვს, მაგრამ პირველი ტაიმი რომ სასურველი ანგარიშით დაგვესრულებინა, მეორეში მიზნის მიღწევა გაცილებით იოლი იქნებოდა. მიმდინარე სეზონში არბიტრებმა აშკარად დაგვჩაგრეს და ამას, წესით, ყველა უნდა ამჩნევდეს.

ყველა სიკეთესთან ერთად, ტრავმებშიც არ გვიმართლებს. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი მუდმივად გვაკლია, რაც ხშირ შემთხვევაში გადაუჭრელ პრობლემას გვიქმნის. იმედი მაქვს, სეზონის დასკვნით ნაწილში მაინც შეიცვლება ვითარება და სკუდეტო ჩვენ დაგვრჩება".

ალეგრი და სკუდეტო
მას შემდეგ, რაც "მილანი" მასიმილიანო ალეგრიმ ჩაიბარა, პირველად გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ 44 წლის სპეციალისტი შეიძლება პოსტიდან გაათავისუფლონ. "ტუტო სპორტის" მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, "ბარსელონასთან" გამოვარდნამ სილვიო ბერლუსკონი ძალიან გააბრაზა და თუ "როსონერიმ" ვერც სკუდეტო მოიგო, მაშინ ალეგრის პოსტის დატოვება მოუწევს.

პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, რადგან "მილანი" ჯერ იტალიის თასიდან გამოვარდა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგიდან და თუ სკუდეტოც "იუვენტუსს" დაუთმო, მაშინ მწვრთნელის მუშაობა ვერაფრით შეფასდება დადებითად. ამ თემაზე თვითონ ალეგრიმაც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"ყველაფერს აქვს დასასრული და, ადრე თუ გვიან, მეც მომიწევს "მილანის" დატოვება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ამბავი ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედის. სწორი კურსი გვაქვს არჩეული და ეს "ბარსელონასთან" თამაშებმაც დაადასტურა - მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ბევრი არაფერი დავუთმეთ და რომ არა ის გამოგონილი თერთმეტმეტრიანი, კაცმა არ იცის, ვინ გავიდოდა ნახევარფინალში. სკუდეტოს მოპოვების საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს და პოზიციების დათმობას არ ვაპირებთ. მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს და წასვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ".

კონტე: "მილანი" უფრო საშიში გახდა
"მილანი"-"ბარსელონას" შესახებ კომენტარი "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემაც გააკეთა და ბუნებრივია, ეს ამბავი სასკუდეტო ორთაბრძოლის ჭრილში განიხილა:

"ყურადღებით ვუყურე "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრას და ვფიქრობ, რომ "მილანმა" თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

"ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში ურთულესი საქმეა და როდესაც შენს კარში ორი თერთმეტმეტრიანი ინიშნება, იქ უკვე რთულია წარმატებაზე საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში, "როსონერიმ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის გუნდია. ლომბარდიელთა ლიგიდან გამოვარდნა ჩვენთვის არცთუ კარგი ამბავია, რადგან მთლიანად სერია A-ზე გადმოერთვებიან და ძალების დაზოგვაზე აღარ მოუწევთ ზრუნვა.

შესაბამისად, "როსონერი" კიდევ უფრო სახიფათო გახდა და სკუდეტოს მოპოვება კიდევ უფრო გაგვიჭირდება. რაც უნდა იყოს, ჩვენი ვალია, თითოეულ თამაშზე სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ და ერთადერთი კონკურენტის წაფორხილებას დაველოდოთ".

პატო სეზონის ბოლომდე დაშავდა
ალეშანდრე პატო "ბარსელონას" წინააღმდეგ მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და მალევე ისევ შესაცვლელი გახდა. დიახ, ბრაზილიელი ფორვარდი ისევ დაშავდა და სეზონის ბოლომდე ვეღარც დაუბრუნდება მოედანს.

საგულისხმოა, რომ 2010 წლის იანვრის შემდეგ პატო 14-ჯერ დაიმტვრა, რაც ვგონებთ სარეკორდო მაჩვენებელი უნდა იყოს. ბოლოს ალეშანდრეს ფრანგი ექიმი ჟან-პიერ მეერსემანი მკურნალობდა და სწორედ მან მისცა ბრაზილიელს "ბარსელონასთან" თამაშის უფლება... ჟურნალისტები სწორედ ჟან-პიერს დაუკავშირდნენ და შეეცადნენ გაერკვიათ, რა დაემართა ფორვარდს:

"ძალიან შეწუხებული ვარ. მთელი ღამე არ მეძინა, რადგან პატოს სწორედ მე მივეცი თამაშის უფლება. შესაბამისად, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და მზად ვარ, მისი მკურნალობა საფასურის გარეშე ისევ საკუთარ თავზე ავიღო. ბოლო ორ წელიწადში ვინ აღარ მკურნალობდა პატოს, დაწყებული ამერიკიდან, დასრულებული გერმანიით, მაგრამ მის ტრავმიანობას არაფერი ეშველა. სიმართლე გითხრათ, უკვე აღარ ვიცი, სად არის გამოსავალი.

ზუსტად ვიცი, როგორ უნდა მოვუხსნა ტკივილები და როგორ გამოვაჯანმრთელო, მაგრამ მომდევნო ტრავმისგან როგორ დავიცვა, მაგდენს ვეღარ ვხვდები".

პატოს ტრავმას "მილანის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი გამოეხმაურა და ბოლოს სწორედ მას გადავცეთ სიტყვა: "პატომ ისევ იგრძნო ტკივილები ფეხში და როგორც ვიცი, სეზონის ბოლომდე თამაშს ვეღარ შეძლებს. უკვე ორი წელია იტანჯება და გამოსავალიც არ ჩანს.

მინდა გამძლეობა ვუსურვო ალეშანდრეს და მხარდაჭერა გამოვუცხადო, რადგან ვიცი, რა რთულია ამდენი ხანი ტრავმებთან ბრძოლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული