იტალია. სერია A. XXXI ტური: ლიდერი შეიცვალა

AutoSharing Option
აი, ამას კი უკვე აღარავინ მოელოდა - "მილანმა" საკუთარ მოედანზე "ფიორენტინა" მიიღო და სენსაციური მარცხი განიცადა. "როსონერი" დამარცხდა გუნდთან, რომელიც სატურნირო ცხრილის ფსკერზეა, საშინელი დროება უდგას და ღრმა კრიზისშია ჩაფლული.

"ვიოლას" მძიმე მდგომარეობაზე სამი ტურის წინ ფლორენციაში გამართული მატჩი მეტყველებს, როდესაც დელიო როსის გუნდმა "იუვენტუსი" მიიღო და ხუთი ბურთის სხვაობით განადგურდა. სწორედ ამ დაბეჩავებულ "ფიორენტინასთან" დამარცხდა "მილანი", რაც შეიძლება ლომბარდიელებს სკუდეტოს დაკარგვად დაუჯდეთ.

თითქოს ვალი დაუბრუნეს
"სან სიროზე" გამართული შეხვედრა დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა. მომენტები თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიქმნა და
შესაბამისად, ბევრი არაფერია მოსაყოლი.

ანგარიში ანტრაქტამდე გაიხსნა და თავი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინა; აღსანიშნავია რომ არბიტრმა მასპინძელთა სასარგებლოდ ერთობ საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც მაქსი ლოპესმა გამოიმუშავა - ამ ეპიზოდმა "ბარსელონა"-"მილანის" თამაში გაგვახსენა, არბიტრებმა კი ლომბარდიელებს თითქოს ვალი დაუბრუნეს.

პირველ ტაიმში მაქსისაც შეეძლო გატანა. იბრაჰიმოვიჩის პასი კარგად მიიღო და უძლიერესად დაარტყა, თუმცა ბურთი ძელმა აისხლიტა.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ფლორენციელებმა ანგარიში გაათანაბრეს - მილანელები ხელოვნური თამაშგარეს შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ შეცდნენ და სტევან იოვეტიჩი კრიასტიან აბიატისთან პირისპირ დატოვეს. ჩერნოგორიელმა ფორვარდმა უზუსტესად დაარტყა და 1:1.

მილანელებმა მეტოქის კარზე დაწოლის გაძლიერება სცადეს, მაგრამ ხეირი ამას არ მოჰყოლია. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა ორი-სამი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ყველა ამ ეპიზოდში ფლორენციელთა მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე.

ბოლო ათწუთეულში ალეგრი ვა-ბანკზე წავიდა, ჯანლუკა ძამბროტას ნაცვლად ანტონიო კასანო ჩართო თამაშში და ოთხი ნომინალური ფორვარდით შეუტია. ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ფლორენციელთა წისქვილზე დაასხა წყალი - სტუმრებმა მასპინძელთა მოშიშვლებული ზონები კარგად გამოიყენეს და შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გამარჯვების გოლი გაიტანეს: სტევან იოვეტიჩისა და კარვალიო ამაურის კომბინაცია ამ უკანასკნელის უზუსტესი დარტყმით დაგვირგვინდა, 1-2.

დიახ, ამაურიმ პირველი ფლორენციული გოლი გაიტანა და ამით ძალიან დიდი საქმე გაუკეთა ტურინის "იუვენტუსს", რომლის საკუთრებაშიცაა დღემდე ბრაზილიური წარმოშობის იტალიელი ფორვარდი.

ცალკე სალაპარაკო თემაა ანტონიო კასანოს დაბრუნება და ეს, ალბათ, ერთადერთი პოზიტიური ამბავია, რაც ბოლო პერიოდში "მილანის" თავს მოხდა. ანტონიომ სულ რამდენიმე წუთი ითამაშა, თუმცა მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა - ნამატჩევს მცირე კომენტარიც გააკეთა და უმჯობესია, სიტყვა პირდაპირ მას გადავცეთ:

"საოცარი შეგრძნება დამეუფლა, როდესაც მოედანზე გავედი და ჯერ კიდევ შთაბეჭდილებებში ვარ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც მხურვალე მხარდაჭერა გამომიცხადეს. რა თქმა უნდა, მარცხი ძალიან საწყენია, მაგრამ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. მთავარი ბრძოლები წინ გველის და მჯერა, რომ სკუდეტო ჩვენ დაგვრჩება".

მასიმილიანო ალეგრიმ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს მარცხი მისთვისაც მოულოდნელი, თუმცა შეგირდთა გადაღლილობის გამო, გარკვეულწილად კანონზომიერიც იყო - შეაქო მეტოქე გუნდი და დასძინა, რომ "ფიორენტინა" სატურნირო ცხრილში გაცილებით მაღალ პოზიციას იმსახურებს.

მოგება სიცილიაზე
"მილანის" წაფორხილებით "იუვენტუსმა" კარგად ისარგებლა, "პალერმო" სიცილიაზე დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. დიახ, XXXI ტურში "ვეკია სენიორა" გალიდერდა და თუ დარჩენილ შვიდ შეხვედრასაც მოიგებს, სკუდეტოში ნამდვილად ვეღარავინ შეეცილება.

"იუვე" რომ სკუდეტოს მოსაგებად მზად არის, სიცილიურმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა - "პალერმოსთან" გასვლაზე მოგება, ტრადიციულად, ურთულესი საქმეა, მაგრამ ტურინელებმა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს; ორივე მეორე ტაიმში და ორივე ერთობ ეფექტური - ჯერ ლეონარდო ბონუჩიმ შეაგდო თავური დარტყმით, შემდეგ კი ფაბიო კვალიარელამ გამოიჩინა თავი და უზუსტესი დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 0:2.

ტურინელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. მატჩის შემდეგ ანტონიო კონტე ბედნიერი გახლდათ:

"პირველ ადგილზე თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მომავალს კიდევ უფრო ოპტიმისტურად ვუყურებ. უკვე ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებულნი და თუ დარჩენილ შეხვედრებს მოვიგებთ, ჩემპიონობაში ვერავინ შეგვეცილება. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებთ და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. ბოლო ტურებში ძალიან ძლიერ მეტოქეებს ვძლიეთ და ყველა ეს მოგება სრულიად დამსახურებული გახლდათ".

მაურის შედევრი
ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგნენ. "ლაციო" და "ნაპოლი" 6-ქულიან თამაშში შეებნენ ერთმანეთს და გამარჯვება დედაქალაქელებს დარჩათ.

მართლაც უცნაური გუნდია "ლაციო" - აუტსაიდერებთან დაუნანებლად კარგავს ქულებს, უშუალო კონკურენტებთან კი, როგორც წესი, გამარჯვებული გამოდის.

ანგარიში ანტონიო კანდრევამ გახსნა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მორგან დე სანკტისის კარი უძლიერესი დარტყმით დალაშქრა, 1:0.

ნეაპოლელები მალე მოვიდნენ გონს და ტაიმის შუაწელს გაათანაბრეს კიდეც ანგარიში - ესეკილ ლავეცის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გორან პანდევი გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა, 1:1.

აღსანიშნავია, რომ მაკედონიელი გამთამაშებლის პოზიციაზე გაისარჯა, რაც ვალტერ მაცარის ექსპერიმენტის დამსახურება გახლდათ - ნეაპოლელთა თავკაცმა ამჯერად 4-3-1-2 სქემა აირჩია და ფორვარდთა უკან სწორედ გორანი გაამწესა.

მეორე ნახევარი მთლიანად რომაელების გამოდგა. 68-ე წუთზე სტეფანო მაურიმ ულამაზესი, "მაკრატელა" დარტყმით შეარხია დე სანკტისის კარის ბადე; თამაშის დასრულებამდე დაახლოებით ათი წუთით ადრე კი შეხვედრის საბოლოო შედეგი კრისტიან ლედესმას ზუსტი თერთმეტმეტრიანით დაფიქსირდა, 3:1.

"ლაციომ" მესამე ადგილზე პოზიცია გაიმყარა, ნეაპოლელებმა ძალიან გაირთულეს მდგომარეობა.

იტალია. სერია A. XXXI ტური

მილანი-ფიორენტინა 1:2
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, მექსე, ბონერა, ძამბროტა (84. კასანო) - ამბროზინი (54. აკვილანი), მუნტარი, ნოჩერინო - ემანუელსონი (62. რობინიო) - მაქსი ლოპესი, იბრაჰიმოვიჩი.
ფიორენტინა (4-4-2): ბორუცი - დე სილვესტრი, ნატალი, კამპორეზე (70. ფელიპე), პასკუალი - ნასტასიჩი, ხარჯა (87. ოლივერა), ბერამი, ლაძარი - იოვეტიჩი, ლიაიჩი (77. ამაური).
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (31-პენ.), 1:1 იოვეტიჩი (47), 1:2 ამაური (89).
გაფრთხილება: ბონერა, ამბროზინი, აკვილანი - ბორუცი, პასკუალი, დე სილვესტრი, ნასტასიჩი.
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 19(5)-11(5); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 52 000

ატალანტა-სიენა 1:2
ატალანტა (4-4-2): კონსილი - მანფრედინი, ლუკინი (59. ბელინი), სტენდარდო, პელუზო - ჩიგარინი, სკელოტო, კარმონა, მორალესი - ტირიბოკი (63. დენისი), გაბიადინი (83. კაროცა).
სიენა (4-4-2): პეგოლო - კონტინი, ტერცი, როსეტინი, როსი - გროსი (81. ბოგდანი), გაცი (86. პარავიჩინი), ვერგასოლა, ჯორჯი - დესტრო, ლარონდო (73. დაგოსტინო).
გოლები: 1:0 სკელოტო (9), 1:1 ლარონდო (13-პენ.), 1:2 დესტრო (90).
გაფრთხილება: სტენდარდო, მანფრედინი - ტერცი, ჯორჯი.
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12(10)-7(3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 16 000

კალიარი-ინტერი 2:2
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, ასტორი, კანინი, აგოსტინი - კონტი, ეკდალი (83. პერიკო), ნაინგოლანი - კოსუ (86. ნენე) - პინილია, რიბეირო (71. იბარბო).
ინტერი (4-3-3): კასტელაცი - ძანეტი, რანოკია, სამუელი, კივუ - გუარინი (56. პოლი), სტანკოვიჩი (83. ობი), კამბიასო - სარატე, ფორლანი (77. პაცინი), მილიტო.
გოლები: 1:0 ასტორი (5), 1:1 მილიტო (6), 2:1 პინილია (61), 2:2 კამბიასო (64).
გაფრთხილება: კონტი, კოსუ - სტანკოვიჩი, ფორლანი, სარატე.
გაძევება: პინილია (63. კალიარი).
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7(4)-15(9); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 9 000

ჩეზენა-ბოლონია 0:0
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - კომოტო, როდრიგესი, ფონ ბერგენი, ლაურო - კოლუჩი, არიგონი (81. ჩეკარელი), სანტანა, დელ ნერო (63. ფილიპი) - რენელა, რაფაელი (75. დოკოვიჩი).
ბოლონია (3-4-2-1): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, კერუბინი - პულცეტი (81. კონე), რუბინი (67. მორლეო), პერესი, მუდინგაი - რამირესი (64. აკვაფრესკა), დიამანტი - დი ვაიო.
გაფრთხილება: კომოტო, კოლუჩი, დელ ნერო, რენელა - კერუბინი, მუდინგაი, დი ვაიო, აკვაფრესკა.
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 25-19; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9(5)-12(6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 16 000

კიევო-კატანია 3:2
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - დრამე (61. სარდო), ცეზარი, ფრეი, ანდრეოლი - ბრედლი, ლუსიანო, რიგონი - კრუსადო (64. ჰეტემაი) - პალოსკი (72. თერეუ), პელისიერი.
კატანია (3-5-2): კარიცო - სპოლი, ლეგროტალიე, მოტა (76. ლანცაფამე) - მარკეზე, გომესი, ისკო, ლოდი, ლიამა (66. კაპუანო) - ბერგესიო, რიკიუტი (54. ალმირონი).
გოლები: 1:0 ბრედლი (6), 2:0 პელისიერი (20-პენ.), 2:1 ანდრეოლი (32-საკ. კარში), 3:1 პალოსკი (51), 3:2 ალმირონი (85).
გაფრთხილება: ჰეტემაი - მარკეზე.
გაძევება: სპოლი (19. კატანია)
კუთხური: 8-9; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 11-2; კარში დარტყმა: 12(8)-12(9); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 11 000

ლეჩე-რომა 4:2
ლეჩე (4-4-2): ბენასი - ოდო, მილიონიკო, ტომოვიჩი, ბრივიო - ჯაკომაცი (82. ბერტოლაჩი), ბლაზი, კუადრადო (62. გროსმიულერი), დელვეკიო - მურიელი (73. ბოჟინოვი), დი მიკელე.
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - როზი, კიაერი, ჰაინცე, ანხელი - გაგო, დე როსი, მარკინიო - ოსვალდო, ლამელა, ბოიანი.
გოლები: 1:0 მურიელი (22), 2:0 დი მიკელე (44), 3:0 მურიელი (49), 4:0 დი მიკელე (56-პენ.), 4:1 ბოიანი (88), 4:2 ლამელა (90).
გაფრთხილება: მილიონიკო, ბლაზი, დელ ვეკიო, დი მიკელე - ანხელი, მარკინიო.
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 8(3)-13(6); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 13 000

ნოვარა-ჯენოა 1:1
ნოვარა (4-4-2): ფონტანა - მორგანელა, ლიზუძო, ჯემიტი, ჩენტურიონი (61. მასკარა) - გარსია, პეშე, პორკარი (86. იენსენი), რიგონი - ჯედა (54. რუბინო), კარაჩოლო.
ჯენოა (4-3-3): ფრეი - მორეტი (81. ბოვო), გრანკვისტი, კალაძე, მესტო - ბიონდინი, ველოზო (87. კუჩკა), როსი - სკული (54. იანკოვიჩი), პალასიო, ჯილარდინო.
გოლები: 0:1 პალასიო (7), 1:1 მასკარა (68).
გაფრთხილება: ლიზუძო, გარსია - მესტო, ჯილარდინო, კუჩკა.
გაძევება: კარაჩოლო (89. ნოვარა).
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13(9)-6(5); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 10 000

უდინეზე-პარმა 3:1
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია (41. კოდა), დანილო, დომიცი - პერეირა, პაციენცა, ასამოა, პინცი, არმერო (83. პასკუალე) - ბარეტო (64. აბდი), დი ნატალე.
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - მარიგა, ვალდესი (62. ოკაკა), ბიაბიანი, გალოპა, გობი (67. მოდესტო) - ჯოვინკო, ფლოკარი.
გოლები: 1:0 ასამოა (45), 2:0 დი ნატალე (56), 2:1 ლუკარელი (85), 3:1 ასამოა (90).
გაფრთხილება: დომიცი, არმერო, პერეირა - პალეტა, გობი, ვალდესი.
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10(4)-11(7); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 19 000

პალერმო-იუვენტუსი 0:2
პალერმო (3-5-2): ვივიანო - ლაბრინი, მუნიოსი, მილანოვიჩი - პიზანო, მილიაჩო (73. ბაჩინოვიჩი), ბარეტო, დელა როკა, ასკუა (62. ბუდანი) - ილიჩიჩი (83. ვასკესი), მიკოლი.
იუვენტუსი (3-5-3): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - ესტიგარიბია, მარკიზიო, პირლო, ვიდალი (84. პეპე), კასერესი - ვუჩინიჩი (67. მატრი), კვალიარელა (78. დელ პიერო).
გოლები: 0:1 ბონუჩი (56), 0:2 კვალიარელა (69).
გაფრთხილება: მარკიზიო (77. იუვენტუსი).
კუთხური: 0-8; ჯარიმა: 14-5; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 1(0)-16(8); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 28 000

ლაციო-ნაპოლი 3:1
ლაციო (4-3-2-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიაკიტე, რადუ - ცანა (75. ბროკი), ლედესმა, კანდრევა (90. სკალონი) - მაური, ერნანესი (46. გონსალესი) - როკი.
ნაპოლი (4-3-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, ბრიტოსი არონიკა (72. დოსენა) - ჯემაილი, ინლერი, ჰამშიკი - პანდევი (79. ვარგასი) - ლავეცი, კავანი.
გოლები: 1:0 კანდრევა (9), 1:1 პანდევი (34), 2:1 მაური (68), 3:1 ლედესმა (81-პენ.).
გაფრთხილება: ბიავა, ბროკი - კანავარო, ბრიტოსი, ჯემაილი.
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10(4)-3(1); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 35 000

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 31 17 14 0 51-17 65
2. მილანი 31 19 7 5 61-26 64
3. ლაციო 31 16 6 9 47-38 54
4. უდინეზე 31 14 9 8 43-29 51
5. ნაპოლი 31 12 12 7 55-38 48
6. რომა 31 14 5 12 49-41 47
7. ინტერი 31 13 6 12 45-44 45
8. კატანია 31 10 13 8 41-41 43
9. კიევო 31 11 9 11 30-39 42
10. სიენა 31 10 9 12 36-32 39
11. პალერმო 31 11 6 14 44-49 39
12. კალიარი 31 9 11 11 33-38 38
13. ატალანტა 31 10 13 8 34-33 37
14. ბოლონია 31 9 10 12 32-38 37
15. ფიორენტინა 31 9 9 13 32-38 36
16. პარმა 31 8 11 12 39-50 35
17. ჯენოა 31 9 8 14 42-57 35
18. ლეჩე 31 7 10 14 35-47 31
19. ნოვარა 31 5 10 16 27-52 25
20. ჩეზენა 31 4 8 19 18-47 20

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ბომბარდირები
23 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 20 - დი ნატალე (უდინეზე); 19 - კავანი (ნაპოლი); 18 - მილიტო (ინტერი); 17 - პალასიო (ჯენოა).

მომდევნო ტური
10 აპრილი
კიევო-მილანი;

11 აპრილი

ნაპოლი-ატალანტა, ჯენოა-ჩეზენა, იუვენტუსი-ლაციო, კატანია-ლეჩე, პარმა-ნოვარა, ფიორენტინა-პალერმო, ინტერი-სიენა, რომა-უდინეზე;

12 აპრილი
ბოლონია-კალიარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული