სიცილიელთა მძიმე რეალობა

AutoSharing Option
"პალერმოს" მესვეურები წლებია იქადნებიან, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იაქტიურებენ და არაერთ ექსტრა-კლასის ფეხბურთელს დაიმატებენ, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი მომხდარა და ისეთი პირი უჩანს, რომ არც ამ ზაფხულს მოხდება. ეგ კი არა, დიდია შანსი, კუნძულელები წამყვან ფეხბურთელებს შეელიონ და კიდევ უფრო დასუსტდნენ.

"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეზონის დასრულებისთანავე "პალერმო" საბოლოოდ გამოეთხოვება მატია კასანის, რომელიც ისედაც "ფიორენტინაში" ასპარეზობს იჯარის წესით.

სიცილიელებს ძალიან უნდათ მატიას დაბრუნება, მაგრამ სავარაუდოდ, ამ ფრონტზეც ხელი მოეცარებათ. ამაზე კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, გილერმო მაჩიკეს სიტყვები მოწმობს:

"კასანი ბრწყინვალე
მცველია, რომლისგანაც არასდროს უნდა ელოდე არასასიამოვნო სიურპრიზებს. მის გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდით, მაგრამ თავად მოისურვა "ფიორენტინაში" გადაბარგება და ძალით ვერ გავაჩერებდით.

ფლორენციაში იჯარის წესით არის გაშვებული და თუ "ფიორენტინას" მესვეურები მის გამოსყიდვას მოისურვებენ, ხუთი მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. სიმართლე გითხრათ, კასანის დაბრუნება ჩვენთვის ბევრად უფრო სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ფლორენციელები მის გამოსყიდვას აპირებენ. არ მიკვირს, რადგან მატია ძალიან საიმედო უკანახაზელია, მხოლოდ 28 წლისაა და კიდევ დიდხანს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში".

"პალერმოსთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, სიცილიური გუნდის 22 წლის ნახევარმცველით, არმინ ბაჩინოვიჩით "ინტერია" დაინტერესებული. სლოვენიელი "პალერმოს" ერთ-ერთ ლიდერად ითვლება და გასაკვირი არაა, რომ მის მიმართ არაერთი ევროპული გრანდი იჩენს ინტერესს.

ბაჩინოვიჩის "ინტერში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, კომენტარი მილანური გრანდის სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ გააკეთა და აღნიშნა, რომ არმინზე დაკვირვება მიმდინარეობს და ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია. მოკლედ, შენაძენების რა გითხრათ და, ფაქტია, რომ წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება სიცილიელებს ძალიან გაუჭირდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული