"გაძეტა დელო სპორტის" ერთ-ერთ ბოლო ნომერში პირველ გვერდზე იმ მოთამაშეთა მაისურები გამოიტანეს, რომლებმაც წასვლის შესახებ გააკეთეს განცხადება და გულშემატკივრებთან გამოთხოვებას აპირებენ.
მართალია, ამ ფეხბურთელთა ნაწილი კიდევ ერთი სეზონით აპირებს თამაშს სადმე არაბეთში ან ამერიკაში, მაგრამ ეს საქმის ვითარებას არ ცვლის - ნამდვილი ფეხბურთიდან ისინი სწორედ ამ სეზონის დასრულებისთანავე მიდიან.
"გაძეტამ" ის განსაკუთრებული ნომერი დიდწილად სწორედ წამსვლელ ფეხბურთელებს მიუძღვნა
ალესანდრო დელ პიერო (37 წლის, იტალია)
კარიერა
1991-93 პადოვა 14 თამაში (1 გოლი)
1993-2012 იუვენტუსი 512 (207)
ეროვნული ნაკრები 91 (27)
ტიტულები
სკუდეტო (6): 1994/95, 1996/97, 1997/98, 2001/02, 2002/03, 2011/12;
სერია B (1): 2006/07;
იტალიის თასი (1): 1994/95;
იტალიის სუპერთასი (4): 1995, 1997, 2002, 2003;
ჩემპიონთა ლიგა (1): 1995/96;
ევროპის სუპერთასი (1): 1996;
ინტერტოტოს თასი (1): 1999;
საკონტინენტთაშორისო თასი (1): 1996;
მსოფლიოს ჩემპიონატი (1): 2006;
ალესანდრო დელ პიერო იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ყველას უყვარს განურჩევლად იმისა, თუ რომელ გუნდს გულშემატკივრობენ; დელ პიერო იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ლეგენდები არიან განურჩევლად იმისა, რა ტიტულები მოიგეს კარიერის განმავლობაში; დელ პიერო იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც მთელი საფეხბურთო კარიერა ერთ გუნდს მიუძღვნეს; დელ პიერო ერთი-ორი სეზონით, ალბათ, სადმე ითამაშებს, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა - ის "იუვეს" ლეგენდაა და მუდამ ასეთად დარჩება.
დელ პიერო იმ იშვიათ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ბურთს რაღაც სხვანაირად ეპყრობიან - თითქოს არა ფეხით, არამედ ხელით თამაშობენ და შესაბამისად, რასაც უნდათ, იმას უშვებიან მრგვალ სფეროს.
დელ პიერო იმ ამპლუის მოთამაშეა, რომელიც თითქოს მხოლოდ იტალიაში იბადება - სადღაც ფორვარდს და გამთამაშებელს შორის. დელ პიერო ლეგენდაა, ნამდვილი ლეგენდა.
ფილიპო ინძაგი (38 წლის, იტალია)
კარიერა
1991-95 პიაჩენცა 39 (15)
1995-96 პარმა 15 (2)
1996-97 ატალანტა 33 (24)
1997-2001 იუვენტუსი 122 (58)
2011-12 მილანი 200 (72)
ეროვნული ნაკრები 57 (25)
ტიტულები
სკუდეტო (3): 1997/98, 2003/04, 2010/11;
სერია B (1): 1994/95;
იტალიის თასი (1): 2002/03;
იტალიის სუპერთასი (2): 1997, 2011;
ჩემპიონთა ლიგა (2): 2002/03, 2006/07;
ევროპის სუპერთასი (2): 2003, 2007;
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (1): 2007;
ინტერტოტოს თასი (1): 1999;
მსოფლიოს ჩემპიონატი (1): 2006;
დელ პიეროსგან განსხვავებით, ფილიპო ინძაგი ბურთს ნაკლებად იმორჩილებს, უფრო თითქოს ხვდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბურთი კარის ჩარჩოში შეგორდეს.
თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულია, რადგან ფილიპომ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.
მოდით, სიტყვა პირდაპირ სუპერპიპოს გადავცეთ - უფრო სწორად, მისი გამოსამშვიდობებელი წერილის შემოკლებულ ვარიანტს გავეცნოთ:
"ყველაზე მეტად მაშინ ვღელავდი, როდესაც ჩემი "მილანში" გადასვლის საკითხი წყდებოდა. ბოლომდე არ ვახმაურებდი ამ ამბავს, რომ მოლაპარაკებები არ ჩამეშალა. გულშემატკივრები რაღაც პერიოდი მაკვირდებოდნენ, შემდეგ კი შემიყვარეს და თავიანთი თავიც შემაყვარეს. ჩვენ ერთად მოვიგეთ ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა.
ჩვენ ერთად წავაგეთ სტამბულში და შემდეგ ერთად ავიღეთ რევანში ათენში. ჩვენ ერთად მოვიგეთ სკუდეტოები, თასები და ერთად განვიცადეთ დიდი გამარჯვებების სიხარული.
მადლობა ბერლუსკონის, მადლობა გალიანის, მადლობა თანაგუნდელებს, მადლობა გულშემატკივრებს და მადლობა ოჯახს გვერდში დგომისთვის. ჩემი გული "მილანს" და ფეხბურთს ეკუთვნის, სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე".
ალესანდრო ნესტა (36, იტალია)
კარიერა
1993-2002 ლაციო 193 (1)
2002-12 მილანი 218 (7)
ეროვნული ნაკრები 78 (0)
ტიტულები
სკუდეტო (3): 1999/2000, 2003/04, 2010/11;
იტალიის თასი (3): 1997/98, 1999/2000, 2002/03;
იტალიის სუპერთასი (4): 1998, 2000, 2004, 2011;
ჩემპიონთა ლიგა (2): 2002/03, 2006/07;
უეფას თასი (1): 1998/99;
ევროპის სუპერთასი (3): 1999, 2003, 2007;
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (1): 2007;
მსოფლიოს ჩემპიონატი (1): 2006;
ბევრის აზრით, ალესანდრო ნესტა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო, ან სულაც, საუკეთესო მცველია და ეს აზრი სულაც არ არის საფუძველს მოკლებული.
ნესტა იმ მცველთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა თამაშის ყურება ისეთივე სასიამოვნოა, როგორც ნებისმიერი ვირტუოზი შემტევის.
სანდრო უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური უკანახაზელია, რომელიც ყოველთვის სუფთად და საოცრად ეფექტურად თამაშობს. წელის ქრონიკული ტკივილების გამო ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში საკმაოდ ბევრი გაუცდა, მაგრამ მიუხედავად ამისა - მან უდიდესი კვალი დატოვა კალჩოს და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
ნესტა იმ უკანახაზელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის თამაშის ჩანაწერებსაც ხშირად უნდა უყურონ დამწყებმა ფეხბურთელებმა და ისწავლონ, როგორ უნდა დაცვაში დგომა.
ჯენარო გატუზო (34, იტალია)
კარიერა
1995-97 პერუჯა 10 (0)
1997-98 რეინჯერსი 34 (3)
1998-99 სალერნიტანა 25 (0)
1999-2012 მილანი 334 (9)
ეროვნული ნაკრები 73 (1)
ტიტულები
სკუდეტო (2): 2003/04, 2010/11;
იტალიის თასი (1): 2002/03;
იტალიის სუპერთასი (2): 2004, 2011;
ჩემპიონთა ლიგა (2): 2002/03, 2006/07;
ევროპის სუპერთასი (2): 2003, 2007;
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (1): 2007
მსოფლიოს ჩემპიონატი (1): 2006;
ჯენარო გატუზო, ფეხბურთელი, რომელსაც ამპლუა არ აქვს... თუ გვეტყვით, რომ ის საყრდენი ნახევარმცველია, არც მასეა საქმე, რადგან ხშირ შემთხვევაში, ის ნომინალური მარჯვენა ნახევარმცველი გახლდათ.
გავიხსენოთ კარლო ანჩელოტის "მილანი" და ამ შესანიშნავი გუნდის ნახევარდაცვა: საყრდენად ანდრეა პირლო, გამთამაშებლად კაკა, მარცხენა ფრთაზე კლარენს ზეედორფი და მარჯვნივ სწორედ რინო გატუზო.
თუმცა, ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ის მხოლოდ მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა - რინო იყო ყველგან, სადაც გუნდს სჭირდებოდა და სწორედ ეს გახლდათ ამ ფეხბურთელის მთავარი ღირსება.
მოკლედ, გატუზოს ამპლუა არ აქვს. ის ჩაშლასთან ასოცირდება და იქ მოქმედებდა, სადაც მის გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა.
გატუზო არჩევანის წინაშეა - ან უნდა დაასრულოს კარიერა, ან კიდევ ერთი სეზონი გლაზგოს "რეინჯერსში" ითამაშოს.
მოკლედ, კალჩოდან ნებისმიერ შემთხვევაში მიდის, იტალიელებს კი ყველაზე მეტად იმაზე სწყდებათ გული, რომ ჯენაროს მსგავსად ეროვნულ ჰიმნს, ალბათ, ვეღარავინ იმღერებს.
ჯანლუკა ძამბროტა (35, იტალია)
კარიერა
1994-97 კომო 48 (6)
1997-99 ბარი 59 (6)
1999-2006 იუვენტუსი 217 (6)
2006-08 ბარსელონა 58 (3)
2008-12 მილანი 84 (2)
ეროვნული ნაკრები 98 (2)
ტიტულები
სკუდეტო (4): 2001/02, 2002/03, 2004/05, 2010/11;
იტალიის სუპერთასი (3): 2002, 2003, 2011;
ინტერტოტოს თასი (1): 1999;
მსოფლიოს ჩემპიონატი (1): 2006
ფეხბურთელი, რომელიც, ალბათ, ყველა მწვრთნელის მონახაზში, სტილში და გნებავთ, ფილოსოფიაში ჩაჯდება, რადგან ჯანლუკა ძამბროტა თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია - დიახ, არის და არა იყო, რადგან კარიერის დასრულების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ძამბრო უნივერსალური თვისებებით დაჯილდოებული მოთამაშეა, რომელიც კარიერის საწყის ეტაპზე ნახევარმცველი იყო, შემდეგ კი ამპლუა შეიცვალა და დაცვაში დაიწია.
თავისუფლად ირჯებოდა იქ, სადაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა - ნახევარდაცვასა თუ დაცვაში, მარჯვენა თუ მარცხენა ფლანგებზე. საუკეთესო წლებში ბრწყინვალე იყო უშუალო მოვალეობის შესრულებისას და აქტიურად ერთვებოდა შეტევებში; ამ ყველაფერს კი შეგვიძლია დავუმატოთ მაღალი სისწრაფე, პასის სიზუსტე და ყუმბარისებური დარტყმა.
კლარენს ზეედორფი (36, ჰოლანდია)
კარიერა
1992-95 აიაქსი 65 (11)
1995-96 სამპდორია 32 (3)
1996-99 რეალი 121 (15)
1999-2002 ინტერი 64 (8)
2002-12 მილანი 297 (47)
ეროვნული ნაკრები 87 (11)
ტიტულები
სკუდეტო (2): 2003/04, 2010/11;
იტალიის თასი (1): 2002/03;
იტალიის სუპერთასი (2): 2004, 2011;
ჰოლანდიის ერედივიზიონი (2): 1993/94, 1994/95;
ესპანეთის ლა ლიგა (1): 1996/97;
ესპანეთის სუპერთასი (1): 1997;
ჩემპიონთა ლიგა (4): 1994/95, 1997/98, 2002/03, 2006/07;
ევროპის სუპერთასი (2): 2003, 2007;
საკონტინენტთაშორისო თასი (1): 1998;
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (1): 2007
კლარენს ზეედორფის კარიერა ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ: "მილანამდე" და "მილანში". "როსონერიში" გადასვლამდე ჰოლანდიელს უფრო მებრძოლი ნახევარმცველის იმიჯი ჰქონდა, რომელიც საჭირო მომენტში ყუმბარისებურად ურტყამდა.
ასეთი იყი "რეალში" და ასეთი იყო "ინტერში". აი, "მილანში" კი სულ სხვაგვარად გაიხსნა, თითქოს გარდაისახა და ახალი ზე დაიბადა: საოცრად ტექნიკური, ვირტუოზული და დახვეწილი, რომლის თამაშის ყურება ერთ რამედ ღირდა.
კლარენსი "აიაქსის" სკოლის აღზრდილია. მან სამ გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მისი სახლი მაინც მილანშია, "მილანელოზე", იქ, სადაც 10 წელი გაატარა და იქ, სადაც არა მებრძოლი ნახევარმცველი, არამედ ვირტუოზი გახლდათ.
ანტონიო დი ნატალე (34, იტალია)
კარიერა
1996-2004 ემპოლი 158 (49)
2004-12 უდინეზე 263 (135)
ეროვნული ნაკრები: 36 (10)
მარკო დი ვაიო (35. იტალია)
კარიერა
1993-95 ლაციო 8 (3)
1995-96 ვერონა 7 (1)
1996-97 ბარი 27 (3)
1997-99 სალერნიტანა 67 (33)
1999-2002 პარმა 83 (41)
2002-04 იუვენტუსი 55 (18)
2004-05 ვალენსია 35 (11)
2005-07 მონაკო 29 (8)
2007-08 ჯენოა 44 (12)
2008-12 ბოლონია 135 (65)
ეროვნული ნაკრები: 14 (2)
ტიტულები
სკუდეტო (1): 2002/03;
სერია B (1): 2001/02;
იტალიის თასი (1): 2001/02;
იტალიის სუპერთასი (1): 2003;
ევროპის სუპერთასი (1): 2004;
ივან კორდობა (35, კოლუმბია)
კარიერა
1993-95 დეპორტივო რიონეგრო 42 (1)
1997-98 ატლეტიკო ნასიონალი 69 (1)
1998-99 სან ლორენსო 57 (7)
1999-2012 ინტერი 324 (15)
ეროვნული ნაკრები 67 (5)
ტიტულები
სკუდეტო (5): 2005/06, 2006/07, 2007/08, 2008/09, 2009/10;
იტალიის თასი (4): 2004/05, 2005/06, 2009/10, 2010/11;
იტალიის სუპერთასი (4): 2005, 2006, 2008, 2010;
ჩემპიონთა ლიგა (1): 2009/10;
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (1): 2010;
კოპა ამერიკა (1): 2001;
კახა კალაძე (34, საქართველო)
კარიერა
1993-96 დინამო თბ. 82 (1)
1998-2001 დინამო კ. 71 (6)
2001-10 მილანი 194 (12)
2010-12 ჯენოა 48 (1)
ეროვნული ნაკრები 83 (1)
ტიტულები
სკუდეტო (1): 2003/04;
იტალიის თასი (1): 2002/03;
იტალიის სუპერთასი (1): 2004;
საქართველოს უმაღლესი ლიგა (5): 1993/94, 1994/95, 1995/96, 1996/97, 1997/98;
საქართველოს თასი (4): 1994, 1995, 1996, 1997;
უკრაინის პრემიერლიგა (3): 1998/99, 1999/2000, 2000/01;
უკრაინის თასი (3): 1997/98, 1998/99, 1999/2000;
ჩემპიონთა ლიგა (2); 2002/03, 2006/07;
ევროპის სუპერთასი (2): 2003, 2007;
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (1): 2007;
"გაძეტა დელო სპორტში" ვრცლად იყო მოთხრობილი სხვა ფეხბურთელების შესახებაც, თუმცა, თქვენის ნებართვით, ანტონიო დი ნატალეზე, მარკო დი ვაიოსა და ივან კორდობაზე მხოლოდ სტატისტიკით შემოვიფარგლეთ.
რაც შეეხება კახა კალაძეს, მასზე ჩვენი იტალიელი კოლეგები ძალიან თბილად საუბრობენ და, რა თქმა უნდა, არ ავიწყდებათ, რომ "მილანთან" ერთად ჩვენებურმა ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის გათამაშება... საიმედო მცველი, რომელიც თანაბარი წარმატებით თამაშობდა როგორც დაცვის ცენტრში, ისე მარცხენა ფრთაზე; საიმედო დასაყრდენი ისეთი დიდი მცველებისთვის, როგორებიც პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, ალესანდრო კოსტაკურტა, კაფუ, იაპ სტამი და სხვები გახლდნენ.
კახა მნიშვნელოვანი რგოლი იყო იმ დიდი გუნდის, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო - GRAZIE KAKHA, GRAZIE RAGAZZI.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"