მარკო მხოლოდ 19 წლისაა, "პესკარაში" ასპარეზობს და უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ აღნიშნული გუნდი სერია B-ში შესანიშნავად ასპარეზობს და ელიტაში გადასასვლელად იბრძვის.
მარკო ახალგაზრდულ გუნდებში გამთამაშებლის პოზიციაზე ასპარეზობდა, თუმცა "პესკარას" მთავარმა მწვრთნელმა, ზდენეკ ზემანმა მას პოზიცია შეუცვალა და უკან დახია.
დღეს ვერატი უფრო საყრდენი, ან გნებავთ, კლასიკური ცენტრალური ნახევარმცველია, მაგრამ მეტწილად საკუთარი გუნდის იერიშების ორგანიზებით არის დაკავებული. ბევრი მას ანდრეა პირლოს
"პირლოს თამაშს ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდები, რადგან მსურს, მისგან რაც შეიძლება, მეტი ვისწავლო.
ბოლო პერიოდში აქტიურად მუსირებს აზრი ჩემი "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მსიამოვნებს, რადგან ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, იქ ჩემი კუმირი ასპარეზობს.
თუმცა ტურინში გადაბარგებაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა - მსურს, "პესკარასთან" ერთად სერია A-ში ვიასპარეზო და იქამდე სულაც ევროპის ჩემპიონატზე მოვსინჯო ძალები".
ევროპის ჩემპიონატი ცალკე სალაპარაკო თემაა და ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი ამ თემაზე განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს: "როდესაც მაცნობეს, რომ ეროვნულ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული, შოკურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და კარგახანს გონს ვერ მოვდიოდი.
"სკუადრა აძურაში" ასპარეზობა ჩემი ბავშვობის ოცნებაა და თუ ეს ოცნება ამისრულდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ იქნება.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩეზარე პრანდელის, რომელმაც ასეთი ნდობა გამომიცხადა და ეს, მიუხედავად იმისა, მოვხვდები თუ არა 23-კაციან განაცხადში. ნებისმიერ შემთხვევაში, პრანდელის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის".
მარკო ვერატიმ დაახლოებით 3 წლისწინანდელი ისტორიაც გაიხსენა, როდესაც მისით "მილანის" სკაუტები დაინტერესდნენ და ხელშეკრულების გასაფორმებლად ლომბარდიის დედაქალაქში ჩაიყვანეს - მოვუსმინოთ მარკოს: "პესკარას" იუნიორთა გუნდში ვთამაშობდი, როდესაც ჩემით "მილანის" მესვეურები დაინტერესდნენ და კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს.
ამ საქმისთვის ლომბარდიის დედაქალაქში ვიყავი ჩასული და უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო, როდესაც ფეხი დავკარი და "პესკარაში" დავბრუნდი. მახსოვს, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, მშობლიურ ქალაქში მინდოდა დაბრუნება ჩემს თანაგუნდელებთან, რომლებსაც დღემდე ძმებად მივიჩნევ.
რა დასამალია და იმ ღამეს ვიტირე კიდეც, დილას კი ჩემოდანი ჩავალაგე და სახლში დავბრუნდი. არ ვიცი, ოდესმე კიდევ მომეცემა თუ არა ევროპულ გრანდში გადაბარგების შანსი, მაგრამ ის გადაწყვეტილება ერთი წუთითაც არ მინანია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"