ამასთან, სერია A-ს 2011/12 წლების გათამაშება უკვე დასრულდა და არც სატრანსფერო სეზონი გახურებულა, რომ წინა პლანზე სხვა თემებმა წამოიწიოს.
თუმცა, რომელ თემებზეა საუბარი, როდესაც წინ ევროპის ჩემპიონატი გველოდება, კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირი.
ბუნებრივია, ყურადღების ცენტრშია ჩეზარე პრანდელი, რომელმაც პრესკონფერენცია გამართა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა...
გაფართოებული შემადგენლობა
თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ გაფართოებულ შემადგენლობას დავასახელებდი და მხოლოდ შემდეგ შევარჩევდი 23 ფეხბურთელს. ეს პრაქტიკა
შეიძლება მოთამაშე თავის გუნდში ასპარეზობისას მოგეწონოს, მაგრამ საწვრთნელ პროცესში თავი ვერაფრით წარმოაჩინოს. ამიტომ ვარჯიშებზე გარკვეული პერიოდით გაფართოებული შემადგენლობა მჭირდება, რათა ოპტიმალური 23 მოთამაშე მივიღო.
ფეხბურთელები იმის მიხედვით შევარჩიე, თუ ვინ როგორ გაისარჯა გასრულებულ სეზონში. ბევრს გაუკვირდა, როდესაც "აძურას" სტაჟიანი წევრები განაცხადს მიღმა დავტოვე, მაგრამ ამ ფეხბურთელებმა, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.
როდესაც ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ, ნაკრების კარი მათთვის ყოველთვის ღია იყო - ამჯერად არჩევანი სხვებზე გაკეთდა და ეს სწორად უნდა გაიგონ.
32 - 23
ვის დავტოვებ 23-კაციან განაცხადში? - სიმართლე გითხრათ, ასეთი სულელური კითხვით ჯერ არავის მოუმართავს. ეგ რომ ვიცოდე, პირდაპირ 23 ფეხბურთელს გამოვიძახებდი და უკრაინა-პოლონეთში გავემგზავრებოდი. საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპი სწორედ ფეხბურთელებზე დაკვირვებაა, რის შემდეგაც გავაკეთებ საბოლოო არჩევანს.
დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული ფეხბურთელი საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდება. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა - აქ პირად ინტერესებზე მაღლა გუნდური მიზანია და სწორედ ამის გააზრებით უნდა დაიწყოს ჩვენი მოსამზადებელი ეტაპი. მადლობა ღმერთს, მაღალი კლასის ფეხბურთელები არ გვაკლია და თუ ამას საქმისადმი სწორ მიდგომას დავუმატებთ, ყველაფერი კარგად იქნება.
საქმისადმი სწორ მიდგომაში დისციპლინას ვგულისხმობ, რომელიც აუცილებლად უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დამყარებული - ამას უფრო მეტად ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ვამბობ, რომლებსაც შეცდომები ხშირად მოსდით.
თუნდაც მარიო ბალოტელი ავიღოთ, რომელსაც შეცდომის უფლება, უბრალოდ, აღარ აქვს - დროა დაჭკვიანდეს და მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება. მას შესანიშნავი მაგალითი აქვს ანტონიო კასანოს სახით, რომელიც მარიოს ასაკში კიდევ უფრო შარიანი იყო. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
ფავორიტები და პირველი მატჩი
საყოველთაო მოსაზრებით, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები გერმანია და ესპანეთი არიან, რასაც მეც დავეთანხმები. გერმანელებს ძალიან სწრაფი, მოქნილი და მძლავრი გუნდი ჰყავთ, რასაც უკვე წლებია, ვუყურებთ.
რაც მთავარია, ბუნდესგუნდი წლიდან წლამდე პროგრესირებს და ვფიქრობ, რომ ამ ხანგრძლივი პროგრესის პიკი სწორედ ევროპის მოახლოებული ჩემპიონატი იქნება. რაც შეეხება ესპანეთს, პირინეელები ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან და ამით ყველაფერი ნათქვამია.
პირველი მატჩი სწორედ ესპანელებთან გვიწევს და ამ პაექრობას სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ.
სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ, რომ სასტარტო პაექრობა ასეთ ძლიერ გუნდთან მოგვიწევს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, საკუთარი თავის რწმენა ერთიათად გაგვეზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, უკვე ბევრჯერ მოვისმინე ესპანელებთან ჯახის სავარაუდო სცენარი - ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, თუ რამხელა ინტერესია მთლიანად ევროპის ჩემპიონატის მიმართ.
რას ვიტყოდი ესპანელებთან თამაშის სცენარზე? - დაცვაში არ ჩავდგებით, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.
აქვე აუცილებლად უნდა დავამატო, რომ არანაკლებ რთული მატჩები გველის ხორვატიასა და ირლანდიასთან - ბალკანელებს შესანიშნავი ნახევარდაცვა ჰყავთ, რომელსაც ნებისმიერ პაექრობაში შეუძლია ცენტრზე გაბატონება. კელტებს კი ჯოვანი ტრაპატონი უდგათ სათავეში და ამით ყველაფერია ნათქვამი. მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო ბატალიები გველის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"