გასული სეზონი, ამ მხრივ, მართლაც გამორჩეული გახლდათ და საინტერესო ეპიზოდებიც უხვად იყო როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა.
ქვემოთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან, გნებავთ, გახმაურებულ მოვლენას გავიხსენებთ, რომლებიც დღემდე განსჯის საგანია. მაშ ასე, ტოპ 5 მოვლენა...
5. დელიო როსი VS ადემ ლიაიჩი
ფეხბურთში რას არ ნახავს ადამიანი, მაგრამ ის, რაც "ფიორენტინა"-"ნოვარას" პაექრობისას მოხდა, მართლაც განსაკუთრებული შემთხვევა გახლდათ...
მატჩის 30-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ფლორენციელები
პირველივე ტაიმში გამოცვლა ფეხბურთელისთვის შეურაცხმყოფელი გამოდგა და სათადარიგო სკამისკენ მიმავალმა მწვრთნელს კარგად შეუკურთხა - აი, აქ კი მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: როსი თავს დაესხა შეგირდს და მასთან ხელჩართულ ჩხუბში ჩაება (იხილეთ ვიდეო).
მართალია, ადემი, ძირითადად, თავდაცვით გახლდათ დაკავებული და ასაკით უფროსზე ხელი არ აღუმართავს, მაგრამ კრივი მაინც კარგი სანახავი გამოვიდა.
მატჩის შემდეგ დელიო როსი მყისვე გაათავისუფლეს დაკავებული პოსტიდან, ადემ ლიაიჩი კი სეზონის ბოლომდე მოკვეთეს გუნდიდან და ფინანსური ჯარიმაც დააკისრეს.
სახელგატეხილმა მწვრთნელმა პრესაში კომენტარები არიგა და განაცხადა, რომ ადემმა მის ინვალიდ შვილს მიაყენა შეურაცხყოფა, თუმცა ფეხბურთელმა როსის ბრალდება კატეგორიულად უარყო.
სხვათა შორის, ლიაიჩს თანაგუნდელებმაც დაუჭირეს მხარი და ერთხმად აღნიშნეს, ადემის მხრიდან მწვრთნელის ინვალიდი შვილის შეურაცხყოფა არავის გაგვიგიაო.
მტყუან-მართალის გარკვევა ძალიან რთულია, თუმცა, როგორც უნდა იყოს, ერთი ფაქტია - როსის ძალიან გაუჭირდება ახალი სამსახურის მოძებნა.
4. სალი მუნტარის არჩათვლილი გოლი
25 თებერვალს ჩემპიონატის ყველაზე სკანდალური მატჩი შედგა, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ "მილანი" და "იუვენტუსი" წარსდგნენ (იხილეთ ვიდეო).
შეხვედრა "სან სიროზე" გაიმართა და მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. სწორედ ამ პაექრობაში იყო "იუვე" ყველაზე ახლოს მარცხთან, რადგან "მილანი" უშუალო კონკურენტს აშკარად აღემატებოდა - განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, როდესაც ჯანლუიჯი ბუფონს მთელი თავისი ოსტატობა დასჭირდა იმისთვის, რომ ანგარიში გამანადგურებელი არ ყოფილიყო.
მილანელებმა ორი მაინც გაიტანეს, თუმცა არბიტრებმა იქიდან მხოლოდ ერთი ჩათვალეს... აი, სალი მუნტარის 100%-იანი გოლი კი ყველამ დაინახა მსაჯების გარდა და ამად იყო, რომ მატჩის შემდეგ კარგახანს მხოლოდ ამ ეპიზოდზე ლაპარაკობდნენ.
მუნტარის გოლი რომ ჩათვლილიყო, ანგარიში 2:0 გახდებოდა მილანელთა სასარგებლოდ და აი, შემდეგ კი ტურინელებს ნამდვილად გაუჭირდებოდათ თამაშის შემოტრიალება. ისე კი, ერთი ბურთი გაქვითეს და უმნიშვნელოვანესი ქულა ჩაიწერეს აქტივში.
"როსონერის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი დღემდე ვერ ივიწყებს ამ ეპიზოდს და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ მთელ საფეხბურთო სამყაროს მუნტარის არჩათვლილი გოლი გაახსენოს, პირველ რიგში კი, ტურინელებს, რომლებიც ასე ამაყობენ 30-ე, გნებავთ, 28-ე სკუდეტოთი.
3. კასანოს ოპერაცია და დაბრუნება
ანტონიო კასანოს ტალანტს მთელ საფეხბურთო მსოფლიოში ჰყავს დამფასებლები, იტალიაში კი ეს ფეხბურთელი განსაკუთრებით უყვართ, რადგან ის ფანტაზიორია, მოთამაშე, რომელიც მოედანზე შოუს დგამს.
ამასთან, კასანო იტალიის ეროვნული ნაკრების იმედია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე უწევს ასპარეზობა. შესაბამისად, როდესაც ანტონიოს ავადმყოფობის შესახებ გახდა ცნობილი, ეს ამბავი ერთნაირად განიცადეს როგორც "მილანის", ისე სხვა იტალიური გუნდების გულშემატკივრებმა.
კასანოს გულზე შეექმნა პრობლემები და ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ამის გამო მას კარიერის დასრულება მოუწევდა.
საბედნიეროდ, აღნიშნული პროგნოზი არ გამართლდა - ანტონიოს გამოჯანმრთელების პროცესში ლამის მთელი ქვეყანა ჩაერთო, რამაც შედეგი მალევე გამოიღო - "მილანის" ფორვარდმა არათუ კარიერა დაასრულა, სეზონის დასკვნითი ნაწილი ითამაშა და შესანიშნავადაც წარმოჩინდა.
შედეგად, კასანო "სკუადრა აძურას" დაუბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზეც მიემგზავრება.
მოდით, თავად ანტონიოს მოვუსმინოთ, რომელიც სარეაბილიტაციო პერიოდში თურმე მართლაც ფიქრობდა კარიერის დასრულებაზე:
"გასული სეზონი თავგადასავლებით გახლდათ აღსავსე და განსაცდელიც ბევრი შემხვდა. როდესაც მითხრეს, რომ გულზე მქონდა პრობლემები და ამის გამო კარიერა უნდა დამესრულებინა, ექიმს რისხვა დავატეხე თავს და სახლში გავიქეცი.
მახსოვს, ოთახში დაახლოებით 5-6 საათი გაუნძრევლად ვიჯექი, კედელს ვუყურებდი და ვფიქრობდი - იქვე გადავწყვიტე, რომ მოედანზე აუცილებლად დავბრუნდებოდი. თუმცა, გამოგიტყდებით და, იყო ერთი მომენტი, როდესაც კარიერის დასრულებაზე მე თვითონ დავფიქრდი და უკვე აქეთ დამჭირდა გადარწმუნება.
როდესაც პიერმარიო მოროზინი მოედანზე გარდაიცვალა, შიში გამიჩნდა და ვიფიქრე, რომ დრო იყო, ბუცები ლურსმანზე ჩამომეკიდა - აქ კი ექიმებმა ითავეს ჩემი დამშვიდება და დამარწმუნეს, რომ ფეხბურთში დასაბრუნებლად 100%-ით მზად ვიყავი.
ასეა თუ ისე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ საყვარელ საქმეს ვაკეთებ".
2. რომაული რევოლუცია
"რომა" პირველი გუნდია სერია A-ში, რომელსაც უცხოელი მეპატრონე ჰყავს და ეს უდავოდ ახალი ფურცელია კალჩოს ისტორიაში. მართალია, ტომას დი ბენედეტოს იტალიური ფესვები აქვს, მაგრამ ამერიკის მოქალაქეა და კლუბშიც ამერიკულ ინვესტიციებს აბანდებს.
დედაქალაქელთა ახალ მეპატრონეს დიდი გეგმები აქვს - დაწყებული ახალი სტადიონის მშენებლობით, გაგრძელებული "რომაში" ახალი საფეხბურთო ფილოსოფიის დანერგვით, რომელიც ბურთის რაც შეიძლება, დიდხანს ფლობას და მრავალსვლიან კომბინაციებს გულისხმობს.
დიახ, ეს "ბარსელონას" ფოლოსოფიაა, რომელსაც მეორენაირად ტიკი-ტაკას უწოდებენ და რომლის კოპირებაც დი ბენედეტოს ასე ძალიან უნდა.
სწორედ ამად იყო, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად კატალონიელი ლუის ენრიკე დანიშნა, რომელიც "ბარსას" დუბლ-შემადგენლობის მთავარი მწვრთნელი გახლდათ და მისთვის ეს ტიკი-ტაკა ისეთივე მშობლიურია, როგორც, ალბათ, თვით ხოსეპ გვარდიოლასთვის.
რომაელებმა ტრანსფერებიც შესაბამისი გააკეთეს და ორიენტაცია ახალგაზრდა მოთამაშეებზე აიღეს, რომლებიც ბურთთან შენობით არიან და მოედნის ხედვასთან ერთად, არც სისწრაფე დაეწუნებათ...
"რომამ" ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა და ამას ლუის ენრიკეს სკამი შეეწირა, მაგრამ როგორც კლუბის მესვეურები აცხადებენ, გასულ ზაფხულს დაწყებული ახალი რომაული პროექტი არ ჩავარდნილა და პროცესი, რომელსაც ბევრი "ბარსელონიზაციას" უწოდებს, აუცილებლად გაგრძელდება.
"ჯალოროსის" მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება - ალბათ, ვინჩენცო მონტელა და საინტერესოა, როგორი გაგრძელება ექნება რომაულ რევოლუციას...
1. იუვენტუსი: იტალიის ჩემპიონი
6-წლიანი პაუზის შემდეგ "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონია და ბუნებრივია, ეს გასული სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. თანაც, ტურინელებმა მთელი ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და ამაზე სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს - ხუმრობა საქმე ხომ არაა, 38 მატჩი გამართო და არცერთში დამარცხდე.
ეგ კი არა, ისეთ შეხვედრასაც ვერ ვიხსენებთ, სადაც "ბიანკონერი" ახლოს იყო მარცხთან და ვთქვათ, ბოლო წუთებზე გადარჩა. "იუვე" პირველია, რომელმაც 20-გუნდიანი ჩემპიონატი მარცხის გარეშე დაასრულა და პირველია კიდევ ბევრ სხვა კომპონენტში, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.
ამ ტრიუმფის მთავარი შემოქმედი ანტონიო კონტე გახლავთ, სპეციალისტი, რომელმაც გასულ ზაფხულს ჩაიბარა "იუვენტუსი" და მყისვე მიაღწია წარმატებას. მეტიც, ისეთი პირი უჩანს, რომ "იუვეს" ახალ ერას, ახალ დიდებას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც კიდევ ბევრ გამარჯვებას უქადის გუნდის გულშემატკივრებს.
"იუვეს" ქომაგები 30-ე სკუდეტოს ზეიმობენ, თუმცა ოფიციალურად, ტურინული გრანდი 28 გზის ჩემპიონია და ესეც სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა; მიუხედავად ბევრი გაფრთხილება-დამუქრებისა, ტურინელები თავისას არ იშლიან და 30-ე ჩემპიონობას ზეიმობენ.
საინტერესოა, რამდენი ვარსკვლავი იქნება დატანილი "ბიანკონერის" ახალ მაისურზე? - ესეც ახალი ინტრიგა ჯერ არდაწყებული ჩემპიონატის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"