უდინეში ანტონიო დი ნატალეს ვერ ელევიან

AutoSharing Option
განვლილ სეზონში თუ ვინმე გამოირჩა "უდინეზეს" შემადგენლობაში, ისევ და ისევ ანტონიო დი ნატალე გახლავთ - გამოცდილმა ფორვარდმა ჩემპიონატი ბომბარდირთა შორის დაასრულა და ის, რომ ფრიულელებმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს, დიდწილად სწორედ ტოტოს დამსახურებაა.

შესაბამისად, დი ნატალეს განცხადება კარიერის დასრულების შესახებ, უდინეში ლამის ტრაგედიად აღიქვეს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტოტოს გადაწყვეტილება შეაცვლევინონ.

აქტიურობენ გულშემატკივრები, "უდინეზეს" ფეხბურთელები და რაც მთავარია, კლუბის მესვეურები - აი, რას ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში "უდინეზეს" პრეზიდენტი ჯამპაოლო პოცო:

"დი ნატალე "უდინეზეს" ლეგენდაა და მასთან განშორება ძალიან
გაგვიჭირდება. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აზრი შევაცვლევინოთ და ფეხბურთში კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით დავტოვოთ.

ტოტო იტალიის ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზეა, ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და დღეს, ამ თემაზე მასთან საუბარი არასწორი იქნება - დასრულდება ევროფორუმი და მას აუცილებლად შევხვდები, რათა აზრი შევაცვლევინო.

ვნახოთ, დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ანტონიოსთან ერთად გავიდეთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული