იტალია: პოლიცია, კორუფცია, ნგრევა და 1000 უბედურება

AutoSharing Option
იტალიურ ფეხბურთში ისეთი სკანდალი აგორდა, 2006 წელი და "კალჩოპოლის" ცნობილი პროცესები ნამდვილად მონაგონია.

გუშინდელ ნომერში გამცნეთ, რომ გარიგებული თამაშების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 19 ფეხბურთელი უკვე დაკავებულია და როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, ანუ უახლოეს მომავალში დაპატიმრებათა ახალ სერიას უნდა ველოდეთ და დიდია შანსი, გისოსებს მიღმა კიდევ უფრო ცნობილი ადამიანები ვიხილოთ.

ამასობაში იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც "სკუადრა აძურას" ამხანაგური თამაშის ჩატარების საშუალება არ მისცა - არადა, ჩეზარე პრანდელი დიდი მონდომებით ამზადებდა შეგირდებს ლუქსემბურგთან სათამაშოდ და ამბობდა, ასეთ
მეტოქესთან სპარინგი გუნდის შესათამაშებლად იდეალური ვარიანტიაო.

მოკლედ, ჩეზარეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და კიდევ ერთხელ შეექმნა გაუთვალისწინებელი პრობლემები.

მიწისძვრა იქით იყოს და, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალს თვით იტალიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და არანაკლებ სკანდალური განცხადება გააკეთა - ყველაფერ ამის შესახებ კი ქვემოთ ვისაუბრებთ...

ლაციოს მხარდაჭერა მაურის
დაკავებული ფეხბურთელებიდან ყველაზე ცნობილი სტეფანო მაური გახლავთ და ბუნებრივია, რომ მის მიმართ მასმედია განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს.

"ლაციოს" კაპიტანი რამდენიმე მატჩის ჩაწყობის ორგანიზების მცდელობაშია ეჭვმიტანილი, რომელთაგან ყველაზე გახმაურებული "ლაციო"-"ჯენოას" დაპირისპირება გახლავთ - ეს მატჩი 2011 წელს რომში გაიმართა და მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა, 4:2.

გავრცელებული ცნობის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს სტეფანოს მაკომპრომიტირებელი სატელეფონო ჩანაწერები აქვთ, რომლებსაც მალე წარუდგენენ საზოგადოებას. ჯერჯერობით მაურის დანაშაულებრივი ქმედებების დეტალები უცნობია და მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია ვიცით.

ამასობაში "ლაციოს" ოფიციალური პოზიცია გახდა ცნობილი და როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბმა თავის კაპიტანს მხარდაჭერა გამოუცხადა - გავეცნოთ რომაელთა წერილს:

"ჩვენ პატივს ვცემთ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს და მივესალმებით მათ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ ყველა მიმართულებით, მათ შორის, საფეხბურთო სამყაროში.

"ლაციოს" ერთადერთი ინტერესია, რომ გაირკვეს სიმართლე და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯნონ. ამასთან, დარწმუნებულნი ვართ ჩვენი კაპიტნის, სტეფანო მაურის უდანაშაულობაში და გვჯერა, რომ სიმართლე მალე გაირკვევა".

კონტეს სახლი გაუჩხრიკეს
გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალში ანტონიო კონტეს გვარიც ფიგურირებს, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს მის დასაკავებლად ჯერ საკმარისი სამხილები არ აქვთ.

სწორედ ამ სამხილების მოსაპოვებლად, შესაბამისი ორგანოს თანამშრომლებმა "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის სახლი გაჩხრიკეს.

ჩხრეკვის დროს კონტე სახლში არ იყო, რამაც ანტონიო წყობიდან გამოიყვანა და ამ თემაზე მან პრესკონფერენციაც კი გამართა - მოვუსმინოთ მას:

"სახლი ისე გამიჩხრიკეს, რომ ჩემთვის არაფერი უთქვამთ - არადა, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს ჩემთვის შეტყობინება უნდა გამოეგზავნათ. ისე მომექცნენ, როგორც ბოროტმოქმედს, რამაც ჩემი აღშფოთება გამოიწვია.

გარიგებულ მატჩებთან არაფერი მაკავშირებს და წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდო
დათ ჩემს სახლში. მთელი ცხოვრება სპორტული პრინციპების დამცველი ვიყავი და ეძებონ რაც უნდათ, მაინც ვერაფერს იპოვნიან".

პრესკონფერენციის შემდეგ კონტე დაკითხეს და სახლში გაუშვეს - არადა, იყო მოლოდინი, რომ ანტონიოს იქვე დააკავებდნენ და "ვირის აბანოში" გამოამწყვდევდნენ. ჯერჯერობით კონტეს ეჭვმიტანილის სტატუსი არ აქვს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

მარიო მონტის სკანდალური განცხადება
ვინც არ იცით, გეტყვით, რომ მარიო მონტი იტალიის პრემიერ-მინისტრია, ანუ ქვეყნის პირველი პირი და ფაქტობრივი მმართველი.

სენიორ მარიო კალჩოში აგორებულ მორიგ სკანდალს გამოეხმაურა და სენსაციური განცხადება გააკეთა - ბევრს აღარ გავაგრძელებთ და სიტყვას პირდაპირ მას გადავცემთ:

"პირველად არ ხდება, რომ სამართალდამცავი ორგანოები გარიგებულ მატჩებში მონაწილეებს ამხელენ და ფეხბურთელებს აპატიმრებენ. ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია და გადამჭრელი ზომები უნდა მივიღოთ.

ჩემი პირადი აზრით, იტალიაში საფეხბურთო ტურნირები ორი-სამი წლით უნდა შეწყდეს, რათა ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო.

ხაზს ვუ
სვამ, რომ ეს ჩემი პირადი აზრია და არა მთავრობის შეთავაზება იტალიის ფეხბურთის ფედერაციისთვის - ბუნებრივია, ჩვენ ფედერკალჩოს მუშაობაში ვერ ჩავერევით, რადგან ამის უფლება არ გვაქვს. ისე კი, ჩემი ნება რომ იყოს, მინიმუმ ორი სეზონით იტალიაში ფეხბურთის ყველა ტურნირს გავაუქმებდი".

იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ფედერკალჩოს პრეზიდენტი ჯანკარლო აბეტე გამოეხმაურა და პრესას შემდეგი კომენტარი მისცა: "მონტის ემოციები და განწყობა გასაგებია, მაგრამ მის პირად მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები.

ორი-სამი წლით პაუზის აღება იტალიური ფეხბურთისთვის დამღუპველი იქნება და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

ჩვენ დიდი ბრძოლა გამოვუცხადეთ საფეხბურთო კორუფციას და დღეს ამის შედეგებს ვიმკით - თუმცა ეს პროცესი ისედაც წარმატებით მიმდინარეობს და არაა საჭირო ვითარების კიდევ უფრო მეტად დრამატიზება".

მიწისძვრა და გადადებული მატჩი
გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ისეა იტალიური ფეხბურთის საქმე... 29 მაისს "სკუადრა აძურას" ამხანაგური მატჩი უნდა ეთამაშა ლუქსემბურგის უმთავრეს გუნდთან, მაგრამ ძლიერი მიწისძვრის გამო მატჩი გადაიდო, ან საერთოდ გაუქმდა.

შეხვედრა ქალაქ პარმაში, "ენიო ტარხდინიზე" უნდა შემდგარიყო, მიწისძვრის ეპიცენტრი კი მოდენაში იყო და მისმა სიმძლავრემ 5.8 ბალი შეადგინა. პარმა მოდენასთან ახლოს მდებარეობს და სტიქიურმა მოვლენამ ამ ქალაქსაც დიდი ზიანი მიაყენა...

საგულისხმოა, რომ მიწისძვრის დროს "სკუადრა აძურა" პარმაში იყო და იქიდან, სასწრაფო წესით, "კოვერჩიანოზე" დაბრუნდა. ამ ყველაფერმა ჩეზარე პრანდელი ძალიან გაანაწყენა:

"რაღაც უბედურება ხდება, ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ მიეწყო და შესაბამისად, იმედგაცრუებული ვარ. სამწუხაროა, რომ ამხანაგური მატჩი ჯერ კიდევ ვერ ჩავატარეთ და ეს მაშინ, როდესაც სხვა გუნდებმა ორ-ორი სპარინგი გამართეს. იმედია, ამ მიწისძვრით ყველაფერი ცუდი უკან მოგვრჩება და მზადებას გეგმის მიხედვით გავაგრძელებთ".

იტალიის ნაკრებს მომდევნო ამხანაგური მატჩი რუსეთთან აქვს დაგეგმილი - ეს შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 1 ივნისს უნდა გაიმართოს და იმედი დავიტოვოთ, რომ იქამდე აპენინელები მშვიდობით მიაღწევენ.

დესტრო და რანოკია სახლში
იტალიის ნაკრების საწვრთნელი შეკრება კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა და საბოლოოდ მივიღეთ ის 23-კაციანი შემადგენლობა, რომელსაც ჩეზარე პრანდელი უკრაინა-პოლონეთში იახლებს.

29 მაისს ვივარაუდეთ, რომ განაცხადს მიღმა მატია დესტრო და ანჯელო ოგბონა დარჩებოდნენ - პრანდელიმ ნაწილობრივ დაგვიჯერა - დესტრო ოფსაიდში დატოვა; აი, ოგბონა კი პირიქით, დაიტოვა და მის ნაცვლად სახლში ანდრეა რანოკია გაუშვა. გადაწყვეტილება სენიორ ჩეზარემ ასე დაასაბუთა:

"დესტროს დიდი ხანია ვაკვირდები, ძალიან კარგი ფორვარდია, მაგრამ უფრო მომავალია, ვიდრე აწმყო.

ვფიქრობ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ის იტალიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება. დღეს კი უმჯობესია, რომ ადგილი სხვებს დაუთმოს. მატიას პირადად ვესაუბრე და მიხარია, რომ ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა. პირიქით, მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრაც მისთვის დიდი პატივი იყო.

ასეთი მიდგომით ის იოლად გაიკაფავს გზას წარმატებისკენ და აგერ, ნახავთ, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ჩამოყალიბდება. რაც შეეხება ანდრეა რანოკიას, მისი ტალანტის დიდი დამფასებელი ვარ, მაგრამ სამ
წუხაროდ, სათამაშო პრაქტიკის უქონლობამ დათვური სამსახური გაუწია. "ინტერში" იშვიათად უწევდა თამაში და ეს მის ფიზიკურ კონდიციაზე უარყოფითად აისახა".

ვერ დავიჩემებთ, რომ დესტროსა და რანოკიას დაწუნებამ იტალიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია - აპენინებზე ამ ორი ფეხბურთელის ისედაც ნაკლებად ეიმედებოდათ...

მაგრამ ეიმედებათ კი იმათი, ვინც მოხვდა 23-კაციან განაცხადში და ვინც უკრაინა-პოლონეთში ქვეყნის ღირსება უნდა დაიცვას? - ამაზე დღეს ვრცლად საუბარი ნამდვილად გაგვიჭირდება. თავად მოთამაშეები კი თავს დებენ, არავის არაფერს დავუთმობთ და ევროფორუმზე წარმატებით ვიასპარეზებთო. სულ ბოლოს "აძურას" რამდენიმე ფეხბურთელსაც მოვუსმინოთ...

ანჯელო ოგბონა: "სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ მეგონა, თუ 23-კაციან განაცხადში მოვხვდებოდი. ეს არის ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში და ემოციების დამალვა მიჭირს.

დარწმუნებული ვარ, იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და პირველობისთვისაც იბრძოლებს. შემადგენლობით ნამდვილად არავის ჩამოვრჩებით და ამას მალე დაინახავთ".


ანტონიო დი ნატალე: "ძალიან კარგი შეგრძნებაა, იყო ქვეყნის უმთავრესი გუნდის ნაწილი, თუმცა იტალიურ ფეხბურთში განვითარებული პროცესები ყველას გვიფუჭებს ხასიათს. იმედი მაქვს, პრობლემები კიდევ უფრო გაგვაერთიანებს და ერთ მუშტად შეგვკრავს.

კალჩო დღეს გარიგებულ მატჩებთან, კორუფციასთან ასოცირდება და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგი ასპარეზობით ეს სირცხვილი ნაწილობრივ მაინც ჩამოვირეცხო
თ".

ჯანლუიჯი ბუფონი: "2006 წელი მახსენდება. მაშინაც ანალოგიური პროცესები განვითარდა და მაშინაც იგივე განწყობა იყო გუნდში.

მთავარია, ძალები მოვიკრიბოთ და ისევე დავდგეთ ერთად, როგორც ეს 2006 წელს მოხდა. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება და უკრაინა-პოლონეთში უმაღლესი დონის ფეხბურთს ვითამაშებთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული