არადა, სამხრეთელებმა ჩემპიონთა ლიგას გემო გაუსინჯეს და სამეულს მიღმა დარჩენა მათთვის დიდი დარტყმა იყო. აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ მაცარი დატოვებს პოსტს და სამწვრთნელო კარიერას კიდევ უფრო ამბიციურ გუნდში გააგრძელებს.
არადა, თავად ვალტერმა ერთხელ უკვე განაცხადა, რომ
მაცარის კიდევ ერთწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს კლუბთან და ამ ლოგიკით, მინიმუმ ერთი სეზონი ის "სან პაოლოზე" აუცილებლად დარჩება.
მეტიც, 31 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაინტერესებულია, რომ მაცარისთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს - მოვუსმინოთ სენიორ აურელიოს და ყველაფერი ნათელი გახდება: "განვლილი სეზონი შევაჯამეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ გუნდმა, არსებული რესურსის გათვალისწინებით, მაქსიმუმს მიაღწია.
გამომდინარე აქედან, ვალტერ მაცარის მუშაობა წარმატებულად შეფასდა და დიდი სურვილი გვაქვს, რომ მასთან ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონით გავახანგრძლივოთ.
ამით სტაბილურობისა და განვითარებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ და მჯერა, რომ ასეც მოხდება. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, ვალტერთან საერთო ენის გამონახვა ძალიან იოლია და ვფიქრობ, შეთანხმებას უახლოეს დღეებში მივაღწევთ. იმედი მაქვს, ხელშეკრულების გახანგრძლივებით საბოლოოდ დავუსვამთ წერტილს ყველანაირ სპეკულაციას".
მოკლედ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვალტერ მაცარი "ნაპოლიში" კიდევ მინიმუმ ორი სეზონით დარჩება. აი, ედინსონ კავანისთან დაკავშირებით კი ვითარება გაცილებით უფრო ბუნდოვანია.
ურუგვაელი ფირვარდი ნეაპოლში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ კლუბის მესვეურებთან გარკვეული შეკითხვები აქვს და ყველაფერს მათთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს - მოვუსმინოთ კავანის:
"არაერთხელ მითქვამს, რომ ნეაპოლში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და დარჩენის დიდი სურვილი მაქვს. თუმცა ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული და ამიტომ ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ. კლუბის მესვეურებს რამდენიმე დღეში შევხვდები და ყველა კითხვას სწორედ იქ გაეცემა პასუხი.
მაინტერესებს, როგორი იქნება "ნაპოლის" სატრანსფერო კამპანია და საერთოდ, რას ვაპირებთ ზაფხულში... თუ გუნდი ესეკილ ლავეციმ და სხვა წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, მაშინ წარმატებაზე საუბარიც კი გაგვიჭირდება და შესაბამისად, ნეაპოლში დარჩენის სურვილიც გამინელდება. მოკლედ, შეხვედრაზე ყველაფერი გაცხადდება".
როგორც ჩანს, კავანის ნეაპოლში დარჩენა უნდა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ სამხრეთელები წამყვან ფეხბურთელებს შეინარჩუნებენ და კიდევ უფრო გაძლიერდებიან.
აქვე ვთქვათ, რომ 25 წლის ურუგვაელი ფორვარდის გადაბირება ევროპული ფეხბურთის გრანდებს სურთ, მათ შორის, ტურინის "იუვენტუსს", მადრიდის "რეალს", ლონდონის "ჩელსის" და უკანასკნელი ცნობების თანახმად, ფრანგულ პსჟ-ს. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"