ფედერიკო ბალცარეტი "მილანის" სამიზნეში

AutoSharing Option
"მილანს" რომ საკადრო პრობლემები აქვს, ახალი არავისთვისაა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუნდი, პრაქტიკულად, ნახევარმა შემადგენლობამ დატოვა და ამ ვაკუუმს შევსება სჭირდება.

განსაკუთრებული პრობლემები ლომბარდიელებს დაცვაში შეექმნათ და ამას გუნდის მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ხაზგასმით აღნიშნავს. მართალია, "როსონერის" მესვეურები დღენიადაგ ფინანსური პრობლემებით აპელირებენ, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ტრანსფერებზე საერთოდ არ იმუშაონ...

"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანელებს "პალერმოელი" ფედერიკო ბალცარეტის გადაბირება სურთ და ამ მიმართულებით უკვე გადადგეს კიდეც ნაბიჯები.

30 წლის ფედერიკო მარცხენა მცველია. ამ ფლანგზე კი
"როსონერის" სერიოზული პრობლემები აქვს - გასულ ზამთარს გუნდი ტაიე ტაივომ დატოვა, ზაფხულში კი იგივე ჯანლუკა ძამბროტამ გააკეთა.

შესაბამისად, "მილანს" მარცხნივ მხოლოდ ლუკა ანტონინი დარჩა და ისიც რომ ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, ყველასათვის კარგად არის ცნობილი. ბალცარეტის ტრანსფერი ლომბარდიელთათვის მართლაც მისწრება იქნებოდა და ვნახოთ, როგორ წარიმართება მილანელებსა და პალერმოელებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.

ცნობისთვის, ბალცარეტის გადაბირება პსჟ-საც სურს და ლომბარდიულ გრანდს ფრანგული კლუბის სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული