ევრო 2012. რუსეთმა იტალიას გადაურბინა

AutoSharing Option
რუსეთი-იტალია 3:0
რუსეთი (4-3-2-1): მალაფეევი (46. აკინფეევი) - ნაბაბკინი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, ჟირკოვი - შიროკოვი, ზირიანოვი, დენისოვი - არშავინი, ძაგოევი (85. კოკორინი) - კერჟაკოვი (63. პავლიუჩენკო).
იტალია (4-4-2): ბუფონი (46. დე სანკტისი) - მაჯო, ბარცალი, ბონუჩი, ბალცარეტი (54. ოგბონა) - პირლო (69. დი ნატალე), დე როსი (61. მოტა), მონტოლივო (61. ნოჩერინო), მარკიზიო - კასანო (68. ჯოვინკო), ბალოტელი.
გოლები: 1:0 კერჟაკოვი (60), 2:0 შიროკოვი (75), 3:0 შიროკოვი (89).

თუ ციურიხში გამართული ამხანაგური მატჩით ვიმსჯელებთ, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი რუსეთის ეროვნული ნაკრებია და
არა იტალიის. მარტო შედეგში არაა საქმე, სლავებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს ფავორიტად შერაცხული მეტოქე და სრულიად სამართლიანად გაიმარჯვეს, თანაც, გამანადგურებელი ანგარიშით.

დიკ ადვოკაატის შეგირდებმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს, თუმცა პირველშიც ჯობდნენ მეტოქეს და რომ არა ჯანლუიჯი ბუფონის თავგამოდებული თამაში, ანგარიში ანტრაქტამდეც გაიხსნებოდა. ამასთან, რუსებიც სცოდავდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში და მომენტებიც უხვად გააფუჭეს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ადვოკაატმა ახალი სქემა გამოსცადა და შეგირდები 4-3-2-1 ტაქტიკით ათამაშა.

ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი 63-ე წუთამდე ალეკსანდრ კერჟაკოვი იყო, შემდეგ კი რომან პავლიუჩენკო ჩაერთო თამაშში; სიღრმიდან ირჯებოდნენ ალან ძაგოევი და ანდრეი არშავინი; საყრდენი ხაზი კი შიროკოვმა, დენისოვმა და ზირიანოვმა გაამაგრეს. საგულისხმოა, რომ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მხოლოდ სამი ცვლილება გამოიყენა და იქიდან ერთ-ერთი მალაფეევის აკინფეევით ჩანაცვლება გახლდათ.

როგორც ჩანს, ადვოკაატისთვის იტალიასთან თამაში უკვე გენერალური რეპეტიცია იყო.

ჩეზარე პრანდელიმ თამაში 4-4-2 სქემით დაიწყო, თუმცა მეორე ნახევარში გუნდი 4-3-3-ზე გადააწყო... რეალურად, არც ერთმა გაამართლა და არც მეორემ - თუმცა, ტაქტიკა რა შუაშია, როდესაც ფეხბურთელებმა ვერ ივარგეს და, პრაქტიკულად, ყველა კომპონენტში დაიჩაგრნენ.

განსაკუთრებულად მძიმე გამოდგა მეორე ტაიმი, რომელშიც აპენინელებმა სამი გოლი გაუშვეს და იქიდან ორი კურიოზული - გოლების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ კურიოზული გოლები კრისტიან მაჯოსა და მორგან დე სანკტისის შეუთანხმებელ ქმედებებს მოჰყვა - არადა, ორივე ნეაპოლელია და მათი ასეთი შეუთამაშებლობა მით უფრო გასაკვირი გახლდათ.

მართალია, ასეთი თვალშისაცემი შეცდომები სხვებს არ დაუშვიათ, მაგრამ არც ბევრი დააკლეს... მაგალითად, ლეონარდო ბონუჩი მთელი თამაში დაბნეული დარბოდა, ანჯელო ოგბონამ კი სულ ორ-სამჯერ მიიღო ბურთი და ისე უხეშად მოეპყრა, რომ ვგონებთ, ევროპის ჩემპიონატზე მისი მოედანზე შეშვება ცოტა სარისკოა.

მოკლედ, იტალიამ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და რთული სათქმელია, რას უნდა ველოდოთ ამ გუნდისგან კონტინენტის პირველობაზე.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჩეზარე პრანდელიმ შეგვახსენა, რომ იტალიის ნაკრებისთვის ეს მიჯრით მესამე მარცხი იყო.

მოვუსმინოთ "სკუადრა აძურას" დამრიგებელს: "ბოლო რვა თვეში მხოლოდ მესამე მატჩი გავმართეთ და მესამე მარცხი ვიწვნიეთ. იმედი მაქვს, რომ წაგებათა ლიმიტი ამოვწურეთ და ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა იტალიას ვიხილავთ.

მცველებმა მართლაც ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ პრობლემები ყოველთვის თავდასხმიდან იწყება - თუ ფორვარდები ნახევარმცველებს არ დაეხმარებ
იან, შემდეგ მცველებს უდიდესი ჯაფა ადგებათ, რასაც ვერ უძლებენ.

უამრავი ხარვეზი გვქონდა, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოვფხ
ვრათ. შესაძლოა, დიდი ანგარიშით მარცხი წაგვადგეს კიდეც, რადგან მიწაზე დავეშვებით და არსებულ რეალობას თვალს გავუსწორებთ".

რთული სათქმელია, როდის აფრინდნენ იტალიელები ცაში, მაგრამ თუ ეს მარცხი მათ ობიექტურ რეალობაში დააბრუნებთ, შეგვიძლია დავეთანხმოთ კიდეც პრანდელის. ამხანაგურ შეხვედრაში შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია და მთავარია, როგორ "აძურას" ვიხილავთ ევროპის ჩემპიონატზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული