ფაბიო ბორინი 100%-ით "მგელია"

AutoSharing Option
გასული სეზონი ფაბიო ბორინიმ "რომას" შემადგენლობაში გაატარა, თუმცა მისი სატრანსფერო უფლებების ნახევარს "პარმა" ფლობდა.

დედაქალაქელებმა 21 წლის ფორვარდის გამოსყიდვა დაისახეს მიზნად და თუ იტალიურ სპორტულ პრესას დავუჯერებთ, მიზანს მიაღწიეს. კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბორინი სრულფასოვანი რომაელია.

აპენინური პრესის ცნობით, ახალგაზრდა თავდამსხმელის სანაცვლოდ რომაული კლუბის მესვეურებმა 4.9 მილიონი ევრო გაიღეს და მასთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. აქვე გამცნობთ, რომ ფაბიომ "რომას" შემადგენლობაში 26 მატჩი გამართა და 10 გოლი გაიტანა, რაც სადებიუტო სეზონისთვის შესანიშნავი
შედეგია; მისი კარგი გარჯა არც ჩეზარე პრანდელის დარჩენია შეუმჩნეველი და ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა.

ამასობაში, "ლაციოს" მესვეურები გააქტიურდნენ და ამ ზაფხულს, პირველი ნაბიჯი გადადგეს გაძლიერებისკენ. მიღწეულია შეთანხმება "ტრაბზონსფორთან" და გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან "ბიანკოჩელესტეს" ღირსებას ბურაქ ილმაზი დაიცავს.

26 წლის ფორვარდს "ტრაბზონსფორის" შემადგენლობაში 75 მატჩი აქვს ჩატარებული და 55 გოლი შეგდებული, რაც ფანტასტიკური შედეგია.

თურქი ფორვარდის გადაბირება არაერთ გუნდს სურდა, ყველაზე მეტად კი "ტოტენჰემი" და "ფულჰემი" აქტიურობდნენ, მაგრამ ყველას "ლაციომ" დაასწრო და ფორვარდს 4-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რა ფასად გადაიბირეს ილმაზი რომაელებმა, თუმცა ის უკვე ვიცით, რომ წლიურ გასამრჯელოდ ფეხბურთელი 2.5 მილიონ ევროს აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული