"მილანმა" ხელფასებში 4.4 მილიონი ევრო დაზოგა

AutoSharing Option
დიდხანს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მატია ფლამინის "მილანის" დატოვება მოუწევდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა - 28 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და კიდევ მინიმუმ ერთი წლით "მილანში" დარჩება.

თუმცა ამისთვის ფლამინის გვარიან დათმობაზე მოუხდა წასვლა - თუ აქამდე სეზონში 4.5 მილიონ ევროს იღებდა, ამიერიდან მხოლოდ 1.6 მილიონს აიღებს. მიუხედავად ამისა, მატიო უაღრესად კმაყოფილია:

"ფულს ჩემთვის არასდროს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და ამჯერადაც ასეა. გასული სეზონის მეორე ნახევარმა დამარწმუნა, რომ "მილანისთვის" სარგებლობის მოტანა შემიძლია და არ მსურს, გუნდი ასეთ მომენტში
დავტოვო.

"როსონერიში" არაერთი წელი გავატარე, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე არ მიჩვენებია - მსურს, მომდევნო სეზონში მაინც დავიმკვიდრო ადგილი ძირითად შემადგენლობაში და თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო".

"მილანის" მესვეურებმა ხელფასი კიდევ ერთ ფეხბურთელს, სალი მუნტარის შეუმცირეს და ამჯერად მიზეზი საჯარიმო სანქცია გახლდათ.

საქმე იმაშია, რომ განელმა ნახევარმცველმა მეგობრებთან ერთად ქვიშის ფეხბურთის თამაში განიზრახა და საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო - ექიმთა პირველადი დასკვნით, სალიმ შეიძლება 5-6 თვეც კი დაისვენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის სტარტზე გუნდს ვერ დაეხმარება.

"მილანის" მესვეურებმა ფეხბურთელის საქციელს უპასუხისმგებლო უწოდეს და მას ხელფასი გაუნახევრეს - კონტრაქტის თანახმად, მუნტარის მომდევნო სეზონში 3 მილიონი ევრო უნდა აეღო, მაგრამ მხოლოდ 1.5 მილიონს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული