სამირ ჰანდანოვიჩი მილანის "ინტერში"!

AutoSharing Option
პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან სამირ ჰანდანოვიჩი "ინტერის" ღირსებას დაიცავს.

27 წლის კიპერი "უდინეზემ" 11 მილიონ ევროდ გაყიდა და გაცილებით ამბიციურ გუნდში გაუშვა.

მილანელები დიდხანს, სრულიად უშედეგოდ ცდილობდნენ სამირის გადაბირებას და მხოლოდ მაშინ მიაღწიეს შედეგს, როდესაც ანტონიო დი ნატალემ ფრიულელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც ჩანს, ამ ამბით გახარებულმა უდინელებმა კიპერი აღარ დააბრკოლეს და მილანში გადაბარგების ნება დართეს - თან ბიუჯეტიც გვარიანად შეივსეს.

სამირ ჰანდანოვიჩის გადაბირებით უაღრესად კმაყოფილია "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი, რომელმაც "კორიერე დელო სპორტს" შემდეგი განუცხადა:

"ახალგაზრდულ, ამბიციურ გუნდს
ვაკეთებთ, რომელიც აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებებს. ეს პროცესები ანდრეა სტრამაჩონის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით დაიწყო და გრძელდება კიდეც.

ბევრი თვლის, რომ ასეთი რეფორმების გატარება საშიშია, მაგრამ პირადად მე, სულ სხვა აზრზე ვარ - დროა, გუნდი გადავახალისოთ და თამამად გავრისკოთ.

ზაფხულის სატრანსფერო კამპანია ძალიან კარგად მიგვყავს და კმაყოფილი ვარ იმ შეთანხმებებით, რომლებიც უკვე შედგა - როდრიგო პალასიოს და სამირ ჰანდანოვიჩის სახით დიდი გაძლიერება მივიღეთ და გაჩერებას არც სამომავლოდ ვაპირებთ. რა ბედი ელის ჟულიო სეზარს? - გუნდში რჩება. სხვა ინფორმაციას მე არ ვფლობ".


"კორიერე დელო სპორტი" ირწმუნება, რომ ჟულიო სეზარი "მილანის" მესვეურებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და დიდია შანსი, თანაქალაქელთა ბანაკში გადაინაცვლოსო. ეს ინფორმაცია თავად ბრაზილიელმა კიპერმა უარყო, მაგრამ ისეთი კომენტარი გააკეთა, ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა: "პრესაში წავიკითხე იმის შესახებ, რომ ჩემით "მილანის" მესვეურები არიან დაინტერესებულნი, რამაც ძალიან გამაკვირვა. "როსონერიდან" არავინ შემხმიანებია და შესაბამისად, საინტერესოს ვერაფერს გეტყვით.

ჯერჯერობით "ინტერის" მოთამაშე ვარ და ვეცდები, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი შევინარჩუნო.

რაც შეეხება "მილანს", უდიდესი გუნდია და თუ წინადადებას მივიღებ, სიამოვნებით განვიხილავ".

მოკლედ, ჟულიო სეზარმა "მილანის" მესვეურებთან მოლაპარაკების წარმოებაზე თანხმობა განაცხადა და სიტყვა უკვე ადრიანო გალიანიზეა...

თუმცა რაში სჭირდება "როსონერის" ბრაზილიელი კიპერი, ეს უკვე სხვა საქმეა - "შავ-წითლებს" ნომერ პირველ მეკარედ კრისტიან აბიატი ჰყავთ, რომელიც თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს. ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ "კორიერე დელო სპორტს" სეზარის ერთი სიტყვისაც არ სჯერა - ავტორიტეტული გამოცემა გვიმტკიცებს, რომ "მილანის" მესვეურები უკვე შეხვდნენ ჟულიოს და მასთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი გამართესო. ვნახოთ, ყველა კითხვას მალე გაეცემა პასუხი.

ამასობაში "ინტერმა" კიდევ ერთ ფრონტზე მიაღწია წარმატებას და კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებასთან არის ძალიან ახლოს - თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გაბი მუდინგაი მომდევნო სეზონიდან სწორედ მილანური გრანდის ღირსებას დაიცავს.

30 წლის ნახევარმცველი ბოლო წლებში "ბოლონიას" ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლებოდა. მოვუსმინოთ გაბის პირად აგენტს და ყველაფერი ნათელი გახდება:

"მილანელებთან მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და სულ მალე ორ ან სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

გაბი ძალიან ბედნიერია, რადგან ასეთი შანსი ცხოვრებაში შეიძლება ერთხელ მოგეცეს. გასულ სეზონში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და "ინტერის" მესვეურთა ყურადღებაც დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ, მუდინგაი მილანური გრანდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს და გუნდის წარმატებებში თავის წვლილს შეიტანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული