ანტონიო კონტე ლუსიოს ტრანსფერმა გაახარა

AutoSharing Option
"იუვენტუსი" განაგრძობს აქტიურობას სატრანსფერო ბაზარზე და გუშინდელი დღეც ამის ნათელი დადასტურება გახლდათ... ლუსიომ ტურინულ გრანდთან ხელშეკრულება გააფორმა და ამიერიდან არა შავ-ლურჯი, არამედ შავ-თეთრი მაისურით იასპარეზებს.

იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ლუსიოს "იუვეში" გადაბარგება ბევრმა გაიკვირვა, რადგან ერთი შეხედვით, ანტონიო კონტე მაღალი კლასის მცველთა დეფიციტს არ განიცდის - სწორედ ამიტომ "კორიერე დელო სპორტი" "ვეკია სენიორას" თავკაცს დაუკავშირდა და ამ თემაზე ჩამოუგდო სიტყვა - აი, კონტეს პასუხიც:

"რა ბედნიერებაა, რომ სატრანსფერო საკითხებზე მიწევს ლაპარაკი და არა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარ კორუფციულ თემებზე. როდესაც ლუსიოს დონის
ფეხბურთელის გადაბირების შანსი გაქვს, ზედმეტი კითხვების გარეშე უნდა გამოიყენო, რადგან ის აუცილებლად გამოგადგება. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში მისი საჭიროება ისედაც თვალსაჩინოა.

"იუვეს" საბაზო ტაქტიკა 3-5-2-ია და ასეთ დროს დაცვის ცენტრში ტრიო მოქმედებს. გასულმა სეზონმა მთლიანად ბარცალი-ბონუჩი-კიელინიზე გადაიარა და ერთ-ერთი რომ ტრავმას ან დისკვალიფიკაციას იღებდა, სერიოზული პრობლემები გვექმნებოდა; ამის გამო ხშირად შემიცვლია ტაქტიკა და ეს აღარ უნდა განმეორდეს.

ლუსიოს გადაბირება ძალიან მინდოდა და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ. მასთან ერთად "იუვე" გაცილებით ძლიერი იქნება".

ამასობაში "გაძეტა დელო სპორტმა" ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "იუვეს" მესვეურებს დავიდ ვილას გადაბირება დაუსახავთ მიზნად.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ტურინელები უახლოეს მომავალში ესპანეთში ჩაფრინდებიან და კატალონიელ კოლეგებს შეხვდებიან.

რთული სათქმელია, რამდენად შედის "ბარსას" გეგმებში წამყვან ფორვარდთან განშორება, მაგრამ ტურინელები მაქსიმალისტები არიან და ცდა ბედის მონახევრეას პრინციპით მოქმედებენ - ამას ადასტურებს კლუბის სპორტული დირექტორის, ჯუზეპე მაროტას სიტყვები:

"დავიდ ვილას გადაბირების უდიდესი სურვილი გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ სურვილია. აი, გადაიზრდება თუ არა მიზანში, ეს კატალონიელებთან შეხვედრის შემდეგ გვეცოდინება.

არ გამოვრიცხავ, რომ ვილა "ბარსას" ახალი მწვრთნელის გეგმებში არ ჯდებოდეს და ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკებებს აუცილებლად წამოვიწყებთ. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული