რობიმ სამწვრთნელო ლიცენზია ისე აიღო, რომ ამის შესახებ ბევრს არავის გაუგია - ამიტომ აღნიშნული ინფორმაცია მართლაც რომ მოულოდნელი გახლდათ. "მოდენა" სერია B-ში ასპარეზობს და ელიტაში დაბრუნება აქვს მიზნად დასახული.
"მოდენას" მესვეურები უკვე დაუკავშირდნენ რობერტო ბაჯოს და მას ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზეს. ამ პროცესებს კლუბის კონსულტანტი ანტონიო კალიენდო ხელმძღვანელობს, რომელიც თავის დროზე რობის პირადი აგენტი გახლდათ და კალჩოს ლეგენდასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
"რობის კარგა ხანი არ სურდა მწვრთნელობა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აზრი შეიცვალა და სწავლაც დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ლიცენზია აიღო, რომელიც უფლებას აძლევს, რომ სერია A-ს გუნდს ჩაუდგეს სათავეში. ამ ამბავმა ძალიან გამახარა და "მოდენას" მესვეურებს უმალ შევთავაზე მასთან მოლაპარაკების წამოწყება.
ბაჯოს პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, შეთანხმება შედგება და რობი თავის სამწვრთნელო კარიერას "მოდენაში" მუშაობით დაიწყებს. დარწმუნებული ვარ, ისეთი ბრწყინვალე მწვრთნელი იქნება, როგორიც ფეხბურთელი იყო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"