ჯამპაოლო პაცინიმ გადაწყვიტა: მილანის "ინტერიდან" მივდივარ

AutoSharing Option
9 ივლისს, ჯამპაოლო პაცინიმ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ერთობ მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

27 წლის ფორვარდის თქმით, "ინტერში" მას აღარაფერი ესაქმება და ამ ზაფხულს აუცილებლად დატოვებს კლუბს:

"კლუბის მესვეურებმა ახალი პროექტის განხირციელება დაიწყეს და ნათელია, რომ ამ გეგმებში მე არ ვფიგურირებ.

იყო ლაპარაკი, რომ ნახევარი სეზონი დამაკვირდებოდნენ და შემდეგ მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ 18 წლის ფეხბურთელი აღარ ვარ, რომ ჩემზე დაკვირვებები განხორციელდეს.

ანდრეა სტრამაჩონიმ ძალიან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები და რადგან დღეს არ ვჭირდები, არც მომავალში დავჭირდები.

კლუბის მესვეურებს ტრანსფერზე დაყენება
ვთხოვე და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ნავსაყუდელს გამოვიცვლი".


"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაცინის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს მისმა ყოფილმა კლუბებმა, "ფიორენტინამ" და "სამპდორიამ"; თუმცა, არა გვგონია პაცომ იჩქაროს, რადგან დიდი შანსია, გაცილებით ამბიციური გუნდისგან მიიღოს შეთავაზება.

რაც მთავარია, საინტერესოა რა პოზიციას დაიკავებენ მილანელები და რა ფასს დაადებენ წასასვლელად გამზადებულ ჯამპაოლოს.

სამაგიეროდ, ესტებან კამბიასოს აქვს ყველაფერი რიგზე და ჟურნალისტებთან ომახიან განცხადებებსაც აკეთებს - არგენტინელი ნახევარმცველის თქმით, "ინტერისტებს" დიდი გამარჯვებები მოენატრათ და სკუდეტოს მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებენ:

"გასული სეზონი აშკარად ჩავაგდეთ, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ შეგვიქმნია და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ.

ყველას გვინდა, რომ გამარჯვება ყოველთვის ჩვენ დაგვრჩეს, მაგრამ ასეე არ ხდება და ეს გაცნობიერებული გვაქვს. დაშვებული შეცდომები კარგად გავაანალიზეთ და მზად ვართ, რომ სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ.

დიახ, დიდ გამარჯვებებს მოწყურებულები ვართ და ერთი სული გვაქვს, როდის განახლდება სეზონი. კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ, რაც წარმატების საწინდარია.

ამასთან, არც ერთ ფეხბურთელს ტრავმა არ აწუხებს და იმედი მაქვს, ეს ტენდენცია სეზონის განმავლობაშიც შენარჩუნდება.

ანდრეა სტრამაჩონის ენთუზიაზმი ჩვენთვისაც გადმომდებია, 24 საათი კლუბის საწვრთნელ ბაზაზეა და როდესაც ამას უყურებ, საქმეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული