"ჯალოროსის" მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად მაღალია, რადგან გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც პესკარული ტრიუმფის შემდეგ ჩავიდა "ტრიგორიაზე"...
ზდენეკ ზემანს დიდი გეგმები აქვს. მან გუნდი სკუდეტოსთვის უნდა აბრძოლოს და ეს არა ჩვენი, არამედ თავად ჩეხი სპეციალისტის სიტყვებია.
ჯერჯერობით რომაელები სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობენ და ამას აქვს თავისი მიზეზი - მოვუსმინოთ თავად ზემანს და მიზეზსაც მივხვდებით:
"საწვრთნელი პროცესი ახალი დაწყებულია და შესაბამისად, ჯერ მიჭირს არსებულ რესურსზე
ერთია, როდესაც გუნდს გარედან უყურებ და მეორე, როდესაც შიგნიდან გაეცნობი. ამიტომ გარკვეული დრო დამჭირდება იმისთვის, რომ სუსტი რგოლები დავინახო და შემდეგ სატრანსფერო კამპანია დავგეგმო.
თუმცა კამპანია ცოტა გადამეტებული ნათქვამია, რადგან წინასწარი ვარაუდით, მაქსიმუმ ორი-სამი ფეხბურთელის დამატებაზეა ლაპარაკი. ბუნებრივია, რამდენიმე მოთამაშე დაგვტოვებს კიდეც და მათ ვინაობასაც მალე შეიტყობთ".
მოკლედ, რომაელებს ტრანსფერებისთვის ჯერ არ სცალიათ, მაგრამ ერთი სიახლე მაინც გვაქვს - "იუვენტუსის" მესვეურებმა მარკო ბორიელოს გამოსყიდვა არ მოისურვეს და ცენტრფორვარდიც "ჯალოროსის" დაუბრუნდა.
9 ივლისს "რომამ", ზდენეკ ზემანის თავკაცობით, პირველი შეხვედრა გამართა და ამხანაგურად სამოყვარულო გუნდ "ბრუნიკო რისკონეს" გაეჯიბრა. ბუნებრივია, "მგლებმა" უპრობლემოდ გაიმარჯვეს და მეტოქეს გოლებიც უხვად გაუტანეს.
საგულისხმო უფრო ის გახლდათ, რომ ჩეხმა სპეციალისტმა მისი საყვარელი ტაქტიკა, 4-3-3 გამოიყენა და ამით კიდევ უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ "რომა" ახალ სეზონში ტრიოთი შეუტევს.
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თამაშს "ჯალოროსის" საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დაესწრო, რომლებიც ძალიან თბილად მიესალმნენ ახალ მთავარ მწვრთნელს. სამაგიეროდ, ობსტრუქცია მოუწყვეს მარკო ბორიელოს, რომელმაც დედაქალაქში დაბრუნებამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ტურინში სურდა დარჩენა.
მოკლედ, ბორიელოს საქმეები ვერ მიდის კარგად - ნახევარი სეზონი დასჭირდა იმისთვის, რომ "იუვეს" გულშემატკივრებს მისთვის არ დაესტვინათ და როგორც ჩანს, იგივე გზის გავლა უკვე რომში მოუწევს.
რომა-ბრუნიკო რისკონე 9:0
რომა
პირველი ტაიმი (4-3-3): ლობონტი - ტადეი, ბურდისო, რომანიოლი, ანხელი - გრეკო, ფლორენცი, პიანიჩი - ლოპესი, ოსვალდო, ტოტი.
მეორე ტაიმი (4-3-3): სვედკაუსკასი - როზი, ჟუანი, ჰაინცე (67. სიმპილისიო), ბერტოლაჩი (67. პისარო) - ვერე (67. პეროტა), მარკინიო - ბოიანი, ბორიელო, ლამელა.
გოლები: 1:0 პიანიჩი (9), 2:0 ტოტი (16), 3:0 პიანიჩი (22), 4:0 ფლორენცი (28), 5:0 ოსვალდო (43), 6:0 მარკინიო (63), 7:0 ბოიანი (75), 8:0 ბორიელო (81), 9:0 სიმპილისიო (87).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"