როგორც ჩანს, ემილიელთა ოპტიმიზმის უმთავრესი საფუძველი გასული სეზონის მეორე ნახევარი გახლავთ, როდესაც "ჯალობლუს" სათავეში რობერტო დონადონი ჩაუდგა და გუნდი აღმავლობის გზაზე დააყენა.
დონიმ ცხრილის ფსკერიდან ამოათრია "პარმა" და სეზონი მერვე პოზიციაზე დაასრულებინა, რასაც არავინ ელოდა.
მოვუსმინოთ კლუბის პრეზიდენტ ტომაზო გირარდის, რომელმაც საწვრთნელი პროცესის დაწყების წინ ბრიფინგი გამართა:
"გუნდი განვითარების სწორ გზას ადგას და ეს
დონი გამოცდილი სპეციალისტია და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გუნდში ხელი მოეცარა, მასში 100%-ით დარწმუნებული ვიყავი. თანაც, ძალიან დიდი მოტივაცია ჰქონდა შესაძლებლობების დამტკიცების, რადგან იგივე "ნაპოლიდან" დაუმსახურებლად გამოუშვეს.
მე თუ მკითხავთ, სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი იმ გუნდს, რომელმაც ვალტერ მაცარისთან ერთად წარმატებებს მიაღწია.
მოკლედ, ჩავთვალე, რომ გუნდს დონადონი სჭირდებოდა და არც შევმცდარვარ. რაც შეეხება სატრანსფერო კამპანიას, მხოლოდ გაძლიერებაზე ვფიქრობთ, რადგან ჯოვინკოს სახით, ისედაც დიდი ძალა დავკარგეთ".
გირარდის პერსონალურად მოუხდა საუბარი კარვალიო ამაურიზე, რომელიც ემილიელთა პირველი შენაძენია და ისეთი პირი უჩანს, რომ სწორედ მან უნდა იტვირთოს ლიდერის ფუნქცია:
"ამაურის სახით ძალიან ძლიერი თავდამსხმელი შევიძინეთ, რომელსაც ადრეც უთამაშია "პარმაში" და შესაბამისად, ადაპტაციისთვის დრო ნამდვილად არ დასჭირდება.
მქონდა მასთან საუბარი და ჩვენი აზრები სრულად დაემთხვა ერთმანეთს. სურს დაუმტკიცოს მთელ ევროპას, რომ დიდი ფეხბურთის თამაში კვლავაც შეუძლია. ჩვენ კი ამაში აუცილებლად დავეხმარებით.
დარწმუნებული ვარ, წვრთნებზე ყველაზე უფრო მონდომებული იქნება, ძალიან ბევრს ივარჯიშებს, რათა უმოკლეს დროში საუკეთესო კონდიციას მიაღწიოს.
მისი გადაბირება რამდენიმე იტალიურ გუნდს სურდა, მაგრამ არჩევანი "პარმაზე" შეაჩერა; ამან ძალიან გამახარა, რადგან გუნდს სწორედ კარვალიოს დარი ფორვარდი სჭირდებოდა. ჩვენი მიზანია, რომ ახალ სეზონში ევროსაგზურისთვის ვიბრძოლოთ და მჯერა, ეს ასეც იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"