ტურინის "იუვენტუსი" - ხერხი ჯობია ღონესა

AutoSharing Option
ძველი ამბავია, რომ "იუვენტუსის" მიერ მოგებული სკუდეტოების რაოდენობას ტურინელები სხვანაირად ითვლიან, ფედერკალჩოს წარმომადგენლები კი სხვანაირად; ოფიციალურად, "ვეკია სენიორა" იტალიის 28-გზის ჩემპიონია; აი, "იუვენტინოები" კი ამ ფორმულირებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ "ბიანკონერი" 30-ჯერ გახდა ქვეყნის საუკეთესო კლუბი.

მოგეხსენებათ, იტალიაში ყოველ 10 საჩემპიონო ტიტულზე გუნდს ერთი ვარსკვლავი ენიჭება და გამოდის, რომ ოფიციალურად ტურინელებს ორი ვარსკვლავი აქვთ, თვითონ კი სამს იჩემებენ.

შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეთ, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ ორი სკუდეტო "იუვეს" კაკჩოპოლის ცნობილი პროცესების გამო ჩამოართვეს და ეს გაუგებრობებიც ამის შემდეგ
დაიწყო.

დასრულდა თუ არა 2011/12 წლების სეზონი, ტურინელებმა მაშინვე განაცხადეს, რომ "იუვეს" მაისურს სამი ვარსკვლავი დაამშვენებდა - ამას უმალ მოჰყვა რეაგირება ფედერკალჩოს მხრიდან, რომელიც საჯარიმო სანქციებით დაიმუქრა.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა "ბიანკონერის" ახალი მაისურები, რომლებზეც სამი ვარსკვლავი გახლდათ გამოსახული და არა ორი; შესაბამისად, ფედერაციის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, კიდევ ერთხელ გაეკეთებინათ საჯარო განცხადება.

მოვუსმინოთ ფედერკალჩოს ვიცე-პრეზიდენტ დემეტრიო ალბერტინის:

"ჩემი ინფორმაციით, ტურინელები სამვარსკვლავიან მაისურებს ჩაიცმევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გაფრთხილება ყურად არ იღეს.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ გონიერებისკენ, რადგან შემდეგ შეიძლება ყველაფერი გართულდეს.

თუ ტურინელებმა თავისი არ მოიშალეს, მათ სერიოზული საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ და მინდა, რომ ეს აქედანვე იცოდნენ.

საწყენია, რომ ისეთ დიდ კლუბთან, როგორიც "იუვენტუსია", ასეთ თემებზე გვიწევს დავა - იმედი მაქვს, ეს გაუგებრობა უმოკლეს დროში დასრულდება".


ეს განცხადება ალბერტინიმ დაახლოებით ერთი კვირის წინ გააკეთა, 11 ივლისს კი "იუვენტუსის" ახალი ამუნიციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელმაც ჟურნალისტთა ცხოველი ინტერესი გამოიწვია - ბუნებრივია, ყველას აინტერესებდა, თუ რამდენი ვარსკვლავი გამოსახეს მაისურაზე...

ტურინელებმა ჭკუა იხმარეს და მაისურებზე არცერთი ვარსკვლავი არ გამოუსახავთ - კლუბის ლოგოტიპის ქვემოთ კი მიაწერეს: 30 გამარჯვება. ამას ნამდვილად არავინ ელოდა და ბუნებრივია, რომ პრესკონფერენციაზე, ძირითადად, სწორედ ამ ფაქტის შესახებ საუბრობდნენ - მოვუსმინოთ "იუვეს" პრეზიდენტ ანდრეა ანიელის:

"ჩვენი სურვილი იყო, რომ მაისურზე 3 ვარსკვლავი გამოგვესახა, მაგრამ ფედერაციის წარმომადგენლებმა ამის უფლება არ მოგვცეს; რადგან არც ორის გამოსახვა გვსურდა, საერთოდ უარი ვთქვით ვარსკვლავზე და, უბრალოდ, წავაწერეთ: 30 გამარჯვება...

ვფიქრობ, ოპტიმალური გამოსავალია, რადგან ამით არც საკუთარ პრინციპებს ვუღალატებთ და ამასთან, საჯარიმო სანქციებსაც ავცდებით.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩამორთმეული სკუდეტოების დასაბრუნებლად და დიდი იმედი მაქვს, რომ უსამართლობას მალე მოეღება ბოლო. "იუვენტუსი" 30-ჯერ გახდა ქვეყნის საუკეთესო კლუბი და ეს ვარსკვლავებშიც უნდა აისახოს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული