აურელიო დე ლაურენტისი: ჩემი სურვილი ლიონელ მესის შეძენაა

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სეზონიდან "ნაპოლის" ღირსებას 27 წლის ბრაზილიელი შემტევი რაფაელი დაიცავს.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი "ჰერტაში" ასპარეზობდა და გუნდის ერთი-ერთი ლიდერიც გახლდათ - გამოირჩევა მდიდარი ტექნიკური არსენალით და დრიბლინგის უნარით.

დატოვა თუ არა ბერლინურმა გუნდმა ბუნდესლიგა, რაფაელზე უმალ გაჩნდა მოთხოვნა და როგორც ჩანს, ყველას ნეაპოლელებმა დაასწრეს.

ჟურნალისტთა მტკიცებით, ბრაზილიელი შემტევი უკვე იტალიის სამხრეთშია, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელშეკრულებასაც გააფორმებს; ერთი ეგაა, ტრანსფერის
და კონტრაქტის პირობების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

ამასობაში პრესას "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გაესაუბრა და კიდევ ერთხელ გაამხიარულა საფეხბურთო საზოგადოება - მოვუსმინოთ მას:

"სატრანსფერო ფანჯარას აუცილებლად კარგად გამოვიყენებთ, მაგრამ პრიორიტეტული მიზნის მიღწევა ნამდვილად გაგვიჭირდება. არა, კავანის შენარჩუნებას არ ვგულისხმობ - ჩემი სურვილი ლიონელ მესის შეძენაა, ამ საქმის გაჩარხვა კი კატასტროფულად რთულია.

არადა, ლიონელი მართლაც რომ ოცნების ფეხბურთელია. ტატუც კი არ აქვს, რითიც ჰამშიკმა და ლავეციმ ძალიან მომაბეზრეს თავი.

თანაც, ლიონელი ძალიან ტელეგენურია და ფილმშიც სიამოვნებით გადავიღებდი. თუ მესის გარეშე ჩვენი მიზანი სერია A-ს ხუთეულში მოხვედრაა, მესისთან ერთად სკუდეტოს დავუმიზნებდით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული