კაკა "მილანს" უახლოვდება

AutoSharing Option
იტალიური სპორტული პრესა ირწმუნება, რომ თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანიდან" პსჟ-ში გადავა, რიკარდო კაკა მადრიდის "რეალს" დატოვებს და "როსონერიში" დაბრუნდება.

კაკამ მსოფლიო მასშტაბით სახელი სწორედ ლომბარდიულ გრანდში გაითქვა და განსაკუთრებულად სწორედ "როსონერის" გულშემატკივრებს უყვართ. სწორედ ამიტომ ტიფოზთა ნაწილი პირდაპირ მოითხოვს კლუბის მესვეურებისგან ამ ტრანსფერს და მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ტიაგო სილვას სანაცვლოდ ლომბარდიელთა ბიუჯეტი 42 მილიონი ევროთი გაიზარდა.

მაინც რას უნდა აფასებდნენ მადრიდელები 30 წლის ბრაზილიელ შემტევს? - ეს ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, თანხა 15 მილიონ ევროს არ ასცდება.

თუ იტალიურ პრესას დავუჯერებთ, ესპანელები რიკარდოს მოცილებით ისედაც გვარიან ხეირს ნახავენ და ამადაც უნდათ მასთან განშორება - საქმე იმაშია, რომ კაკას "რეალთან" ხელშეკრულება კიდევ სამი წლით აკავშირებს და ამ პერიოდში დაახლოებით 40 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.

ფაქტია, რომ ბრაზილიელი "სამეფო კლუბს" ვერ მოერგო და ნაკლებ სავარაუდოა, რომ სამ წელიწადში 40 მილიონის საქმე გააკეთოს - მოკლედ, რიკი გასაშვებად ჰყავთ გამეტებული და ვინ წაიყვანს მას, თუ არა "მილანი" - გუნდი, სადაც კაკა განსაკუთრებულად უყვართ. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი კლუბის დირექტორატის წარმომადგენელმა არიედო ბრაიდამ გააკეთა:

"კაკას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და მითხრა, რომ "მილანში" სიამოვნებით დაბრუნდება. სიმართლე გითხრათ, ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა, რადგან რიკარდოს გადაბირებაზე აქტიურად ვფიქრობთ.

მართალია, ჯერ მოლაპარაკების პროცესი არ დაწყებულა, მაგრამ ამას ბევრი არაფერი უდგას წინ. დამოკიდებულია თუ არა კაკას შეძენა იბრაჰიმოვიჩის გასხვისებაზე? - საერთოდ, ფეხბურთში გარკვეულწილად ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, მაგრამ ამ ორ მოვლენას შორის პირდაპირ კავშირს მაინც ვერ ვხედავ.

კაკას გადაბირება ნამდვილად გვსურს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მიზანს მივაღწიოთ. რაც მთავარია, "მილანში" გადმობარგება თავად ფეხბურთელს სურს და გამომდინარე აქედან, ოპტიმიზმით ვარ აღსავსე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული