ტურინის "იუვენტუსმა" და "ნაპოლიმ" გაისეირნეს

AutoSharing Option
იტალიური გუნდები აგრძელებენ ახალი სეზონისთვის მზადებას და ამხანაგურ მატჩებსაც მართავენ. ქვემოთ სამ საკონტროლო შეხვედრაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

"იუვენტუსი" სამოყვარულო გუნდს გაეჯიბრა, რომლის სახელის დასახელებაც კი ერთობ რთული საქმეა. ანტონიო კონტემ ერთბაშად 24 მოთამაშე გამოსცადა საქმეში, რომელთაგან რამდენიმე ახალწვეული გახლდათ, უფრო მეტი კი პრიმავერადან დაწინაურებული; უფრო სწორად, დაწინაურდებიან თუ არა, სწორედ ამ საკონტროლო შეხვედრებზეა დამოკიდებული.

შეხვედრა ტურინელთათვის შოკისმომგვრელად დაიწყო, რადგან პირველივე წუთზე გაურკვეველი დასახელების მქონე გუნდის ფეხბურთელებმა გოლი გაიტანეს და გახსნეს კიდეც ანგარიში... ბუნებრივია, ამ ყველაფერმა გულშემატ
კივართა დიდი ოვაცია გამოიწვია, ტურინელებმა კი ერთი უხერხულად გაიღიმეს და საქმეს შეუდგნენ.

საბოლოოდ "იუვემ" შვიდი გოლი აკმარა მეტოქეს, რომელთაგან ორი ფაბიო კვალიარელას ანგარიშზეა. საერთოდ, ფაბიო საკმაოდ კარგად გაისარჯა და პრესის ქებაც დაიმსახურა.

იგივე შეიძლება ითქვას კვადვო ასამოაზე, რომელსაც დებიუტი ჰქონდა და ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. ნამატჩევს ანტონიო კონტე კმაყოფილი ჩანდა:

"ძალიან კარგი სპარინგი იყო, ცოტა გავხურდით და თამაშის გემო გავიხსენეთ. ფეხბურთელები იმაზე კარგ კონდიციაში არიან, ვიდრე წარმოვიდგენდი - ასე რომ, თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კვადვო ასამოასა და ლუსიოს სახით ძალიან ძლიერი ფეხბურთელები დაგვემატნენ. ეს პირველივე ვარჯიშიდან გამოჩნდა და წესით, არც ახალ გარემოსთან შეგუება უნდა გაუჭირდეთ".

იუვენტუსი-აიგრევილი 7:1
იუვენტუსი (4-4-2): სტორარი (46. ლეალი) - მაზი (46. უნტერსე), ლუსიო (46. რუგანი), კასერესი (46. მაგნუსონი) - პეპე (46. ლიხტშტაინერი), პადოინი (46. ვიდალი), მარონე (46. აპელტი), ასამოა (46. ბოი - 60. სკიავონე), დე ჩელიე - კვალიარელა (46. მატრი), ვუჩინიჩი (46. ბუაჩი - 82. პადოვანი).
გოლები: 0:1 (1), 1:1 კვალიარელა (7), 2:1 ვუჩინიჩი (22), 3:1 კვალიარელა (23), 4:1 მატრი (57-პენ.), 5:1 ბუაჩი (65), 6:1 ვიდალი (90-პენ.), 7:1 პადოვანი (90).

ესეკილ ლავეცის გარეშე დარჩენილი "ნაპოლი" სამოყვარულო გუნდ "ტრენტინოს" ეთამაშა და რა გასაკვირია, რომ გრანდიოზული ანგარიშით, 9:0 გაიმარჯვა.

როდესაც ერთი გუნდი მეორეს ასე აღემატება, იქ რაიმე ანალიზის გაკეთება და შემდეგ დასკვნების გამოტანა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.

ერთი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ის გახლავთ, რომ ვალტერ მაცარიმ კვლავ 3-4-2-1 ტაქტიკით ათამაშა გუნდი და ამით ნაწილობრივ გაფანტა ეჭვი იმის შესახებ, რომ ლავეცის წასვლა ნეაპოლელთა სქემაში ცვლილებას გამოიწვევდა.

ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ჯერ ახალწვეული ლორენცო ინსინიე გახლდათ, შემდეგ მის ნაცვლად შესული გორან პანდევი.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ვალონ ბერამის და ალესანდრო გამბერინის, რომლებიც ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არიან "ნაპოლის" ფეხბურთელები. აქვე, ვალტერ მაცარის გადავცეთ სიტყვა, რომელიც ახალ სეზონს ოპტიმისტური განწყობით ელოდება:

"გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, რაც წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. ახალი სეზონისთვის მზადება დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ და განწყობა ოპტიმისტური მაქვს.

მეტოქე სამოყვარულო გუნდი გვყავდა, მაგრამ ასეთი ანგარიშით გამარჯვება იოლი მაინც არაა - ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელები მოწყურებულები არიან თამაშს და მოტივაციაც არ აკლიათ. ძალიან კმაყოფილი ვარ ინსინიეს თამაშით, უნიჭიერესი ფეხბურთელია და ამაში მთელი საფეხბურთო მსოფლიო მალე დარწმუნდება".

ნაპოლი-ტრენტინო 9:0
ნაპოლი (3-4-2-1): როზატი (46. კოლომბო) - კამპანიარო (46. გრავა), ფერნანდესი (57. კანავარო), ბრიტოსი (57. არონიკა) - ცუნიგა (46. ბარიტი), ჯემაილი (75. ჩელენტო), ინლერი (46. გარგანო), დოსენა (70. ფორნიტო) - ჰამშიკი (46. ვიტალე), ვარგასი (70. ნოვოტნი) - ინსინიე (57. პანდევი).
გოლები: 1:0 ინსინიე (10), 2:0 ჰამშიკი (22-პენ.), 3:0 ინსინიე (26), 4:0 დოსენა (27), 5:0 ცუნიგა (40), 6:0 ბრიტოსი (47), 7:0 ინსინიე (54), 8:0 ფორნიტო (75), 9:0 პანდევი (82).

"რომამ" პირველ საკონტროლო შეხვედრაში სამოყვარულო გუნდს დიდი ანგარიშით მოუგო, რის შემდეგაც ვენის "რაპიდს" გაეჯიბრა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

თუმცა ამჯერად ყველაფერი გაცილებით რთულად იყო და თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ავსტრიელები მინიმუმ ფრეს იმსახურებდნენ.

მეტიც, "რაპიდს" ალბათ უნდა მოეგო კიდეც ეს შეხვედრა, რადგან მეტოქის კართან აურაცხელი რაოდენობის მომენტი შექმნა - ის, რომ რომაელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს, ბოგდან ლობონტთან ერთად, ავსტრიელთა უიღბლობის, ან შესაძლოა, უკლასობის ბრალიც იყო. მოკლედ, ზდენეკ ზემანის გუნდმა დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა და ნამატჩევს ისღა განაცხადა, მოსამზადებელი ეტაპია და ასე მკაცრად ნუ განგვსჯითო.

"გაძეტა დელო სპორტის" შეფასებით, რომაელებს შეტევაში შეუთამაშებლობა ეტყობოდათ, დაცვაში კი ისეთი ქაოსი იყო, როგორიც ზემანის გუნდებს საერთოდ ახასიათებთ.

ცნობილი ამბავია, რომ ჩეხი სპეციალისტი შემტევი ფეხბურთის მოტრფიალეა და უკანა ხაზს ნაკლებ ყურადღებას აქცევს - თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი და ის, რაც "რაპიდთან" შეხვედრაში ხდებოდა, ვერანაირი შემტევი ფეხბურთით ვერ შეიფუთება. მოკლედ, "რომამ" მოიგო, მაგრამ ყველაზე მეტი კრიტიკა ხვდა წილად.

რაპიდი-რომა 1:2
რომა (4-3-3): ლობონტი (80. სვედკაუსკასი) - როზი (55. მარკინიო), ბურდისო, რომანიოლი (46. ჰაინცე), ტადეი (46. ანხელი) - ფლორენცი (46. პეროტა), ბრედლი (46. პისარო), პიანიჩი (46. სიმპილისიო) - ლამელა (46. ლოპესი), ტოტი (46. ბოიანი), ოსვალდო (46. ოკაკა).
გოლები: 0:1 პიანიჩი (13), 1:1 (24), 1:2 პისარო (52).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული