ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას ღირსეული შემცვლელების მოძებნა ადვილი არ იქნება, მაგრამ ლომბარდიელები იმედიანად არიან განწყობილნი - სამამ ამ მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე გეტყოდეთ, კლუბის პრეზიდენტს, სილვიო ბერლუსკონის გადავცეთ სიტყვა, რომელიც "რაი სპორტს" საკმაოდ ვრცლად ესაუბრა და რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი...
- ნამდვილად აღარ მეგონა თუ სატრანსფერო ბაზარზე გავაქტიურდებოდით, მაგრამ პსჟ-მ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ფრანგებმა ისეთი წინადადება შემოგვთავაზეს, რომელზეც უარის თქმა სისულელე იქნებოდა და ჩვენც, წამყვან ფეხბურთელებს შეველიეთ.
- რამდენად მისაღებია გულშემატკივრებისთვის ის არგუმენტი, რომ ფრანგების წინადადებაზე უარის თქმა შეუძლებელი იყო...
- მესმის, რომ გულშემატკივრები წამყვან ფეხბურთელთა გასხვისებით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ მათგან განსხვავებით, ჩვენ ცივი გონებით ვმოქმედებთ. არის რაღაც ზღვარი, რომლის შემდეგაც ნებისმიერი ფეხბურთელი უნდა გაიყიდოს. ერთადერთი გამონაკლისი ალბათ ლიონელ მესი თუ იქნება, რომელსაც მართლა მარტო შეუძლია ტროფეების მოგება.
როდესაც ორ ფეხბურთელში 80 მილიონ ევრომდე იღებ, ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგა, რადგან ამ თანხით დანაკლისსაც აინაზღაურებ და კიდევ უფრო გაძლიერდები. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მალე თქვენც დარწმუნდებით.
- იქნებ ჩამოგვითვალოთ ის ფეხბურთელები, ვის გადაბირებასაც აპირებთ?
- გვარების დასახელებას ნამდვილად ვერ დავიწყებ, მაგრამ გეგმები სერიოზული გვაქვს. ერთადერთი, რაც გვაფერხებს, იტალიური ფეხბურთის იმიჯია; ვერ წარმოიდგენთ როგორი რთულია ვარსკვლავების სერია A-ში მოზიდვა, ეს ყველაფერი ადრიანო გალიანისგან ვიცი. მიუხედავად ამისა, ყველაფერი კარგად იქნება.
მატრი და რანოკია
სილვიო ბერლუსკონის ასეთი ენთუიზიაზმით "მილანზე" დიდი ხანია არ ულაპარაკია - როგორც ჩანს, 80 მილიონი ევრო მისთვის კარგი საჩუქარი გამოდგა და კლუბისკენ გული მიუბრუნდა.
მართალია, დონ სილვიომ გვარების დასახელებაზე უარი განაცხადა, მაგრამ იტალიელ ჟურნალისტებს რას გამოაპარებ...
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორაციის თანახმად, "მილანის" მესვეურებს ალესანდრო მატრის და ანდრეა რანოკიას გადაბირება აქვთ განზრახული - ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მატრიმ იბრაჰიმოვიჩი უნდა შეცვალოს, რანოკიამ კი ტიაგო სილვა.
ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ლომბარდიელებს ფეხბურთელთა იჯარის წესით აყვანა ურჩევნიათ გამოსყიდვის პერსპექტივით, "იუვენტუსი" და "ინტერი" კი სრულფასოვან ტრანსფერებს ითხოვენ. უფრო სწირად, "იუვეს" პოზიცია ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა ცნობილი, აი, "ინტერის’ მესვეურებს კი არ დაუმალავთ, რომ სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, რანოკიას უპრობლემოდ შეელევიან.
მოვუსმინოთ "ნერაძურის" სპორტულ დირექტირ მარკო ბრანკას:
"რანოკია ტრანსფერზე არ გვყავს დაყენებული, მაგრამ თუ საინტერესო შეთავაზებას მივიღებთ, სიამოვნებით განვიხილავთ.
საერთოდ, სატრანსფერო საკითხებზე ჯობია ანდრეა სტრამაჩონის დაეკითხოთ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ხელშეუხებელი ფეხბურთელი მხოლოდ ერთი გვყავს და მისი გვარ-სახელი ხავიერ ძანეტია.
ვნახოთ, თუ "მილანელთა" ბანაკიდან სარფიანი შეთავაზება მივიღეთ და თვითონ ფეხბურთელმაც მოისურვა "როსონერიში" გადასვლა, ტრანსფერი შედგება კიდეც".
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "მილანის" მესვეურები თანაქალაქელს რანოკიას სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რაც წესით საკმარისი უნდა იყოს.
მართალია, ანდრეა ჯერ ახალგაზრდაა და ნიჭიერ მცველად ითვლება, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ "ინტერში" დიდი საიმედოობით გამოირჩევა.
ყველაფრის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ რანოკიამ კარიერა "როსონერიში" გააგრძელოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"