ერთი ხანობა, აქტიურად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ 32 წლის კიპერი სამშობლოში დაბრუნდებოდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი იტალიაში იასპარეზებს.
"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟულიო სეზარის გადაბირებით "რომას" მთავარი მწვრთნელი, ზდენეკ ზემანია დაინტერესებული და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, აღნიშნული ტრანსფერი უახლოეს მომავალში შედგება.
საქმე ისაა, რომ ზემანი მარტენ სტეკელენბურგს არ სწყალობს და როგორც ჩანს, გასაშვებად ჰყავს გამეტებული.
"ჟულიო სეზარი უმაღლესი კლასის მეკარეა და მისთვის სამშობლოში გამგზავრება აშკარად ძალიან ადრეა. დასამალი ნამდვილად არაა, რომ ჟულიოს გადაბირებით დაინტერესებულნი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტრანსფერი შედგეს.
თავად კიპერს დიდი სურვილი აქვს, რომ ჩვენთან გადმობარგდეს, დანარჩენი კი მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. არა მგონია მილანელებმა რაიმე პრობლემა შექნან, რადგან ჟულიო "ინტერის" წინაშე სრულიად ვალმოხდილია.
პირადად მე, ძალიან გამიკვირდება თუ :ინტერის" მესვეურები სეზარის "რომაში" გადმოსვლას ხელოვნურად შეაფერხებენ. ვნახოთ, უახლოეს დღეებში ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"