Trofeo TIM - ანდრეა სტრამაჩონის პირველი თასი

AutoSharing Option
Trofeo TIM-ის მიმართ იტალიური საფეხბურთო საზოგადოების ინტერესი ტრადიციულად მაღალია და გამონაკლისი არც წლევანდელი გათამაშება ყოფილა.

თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, გუნდებმა ზედმეტად ექსპერიმენტული შემადგენლობით იასპარეზეს და ბუნებრივია, რომ ამან ტურნირს გარკვეული პეწი დაუკარგა და შესაძლოა, პრესტიჟიც კი შეულახა.

მართალია, გათამაშება ამხანაგური ხასიათისაა, მაგრამ წინა წლებში თამაშები უშეღავათო ბრძოლებით მიმდინარეობდა და გუნდებიც მეტწილად ძირითად შემადგენლობებს იყენებდნენ... წელს მწვრთნელებმა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთეს აქცენტი და შესაძლოა, ცოტათი ზედმეტიც კი მოუვიდათ - მაგალითად, "ინტერთან" შეხვედრაში "მილანმა", ფაქტობრივად, დუბლშემადგენლობა ათამაშა და დაიჩაგრა კიდეც.

საერთოდ, "მილანს" ყველაზე
მეტად გაუჭირდა ძირითადი ბირთვის შეგროვება და ეს არც არის გასაკვირი - ზაფხულში "როსონერი" არაერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა დატოვა. ამას წამყვან მოთამაშეთა გასხვისება დაემატა და თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები ფეხბურთელები ჯერ კიდევ შვებულებაში არიან, გასაკვირი არაა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ შემადგენლობა ახალგაზრდული გუნდიდან დააკომპლექტა.

ბარემ დავიწყოთ "მილანით" და შემდეგ დანარჩენ ორ გუნდზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვით...

მილანი
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ორივე შეხვედრა წააგო, მაგრამ ამ პაექრობებიდან რაიმე დასკვნების გამოტანა ძალიან რთულია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იგივე "ინტერთან" შეხვედრაში ექვსი ფეხბურთელი "პრიმავერადან" გახლდათ და დაახლოებით ანალოგიური ვითარება იყო "იუვენტუსთან" პაექრობაშიც. როგორც ჩანს, Trofeo TIM ალეგრიმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად გამოიყენა, რათა საკუთარი თვალით ეხილა უახლოესი რეზერვი და მოენიშნა ის ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება სეზონის მსვლელობისას გამოადგეს.

ვერ გეტყვით, რა მოინიშნა "როსონერის" თავკაცმა, მაგრამ მილანელები რომ ორივე თამაშში დაიჩაგრნენ, ეს ფაქტია. ნატურნირევს, ალეგრიმ გაძლიერების აუცილებლობაზე ილაპარაკა:

"ძალიან ნაყოფიერი სპარინგები გავმართეთ და ბევრი საინტერესო ინფორმაციაც მივიღეთ. უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვნახეთ საქმეში, რომელთა გამოყენებასაც სეზონის განმავლობაში ვაპირებთ.

ისე კი, გუნდს გაძლიერება სჭირდება და ეს აშკარაა - აგვისტოში სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე უმაღლესი კლასის მოთამაშეს დავიმატებთ".


იუვენტუსი

ანტონიო კონტემ ორივეჯერ 3-5-2 სქემა გამოიყენა და ამით აშკარად მიგვანიშნა, რომ ეს ტაქტიკა მომდევნო სეზონშიც ძალაში იქნება. ბუნებრივია, ახალგაზრდა ფეხბურთელები "იუვეს" მთავარმა მწვრთნელმაც გამოსცადა; თუნდაც თავდამსხმელი ბუაჩი ავიღოთ, რომელმაც "მილანთან" შეუცვლელად ითამაშა.

"იუვეს" მაისურით კიდევ ერთხელ ვიხილეთ ლუსიო, რომელიც სამმცველიან ტაქტიკაში ცენტრალურ როლს ასრულებდა.

მთლიანობაში, "ბიანკონერიმ" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ‘"ინტერთან" დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდა და შედეგად, დამარცხდა კიდეც - ბუნებრივია, ამ ყველაფრისგან კონტეს ტრაგედია არ შეუქმნია:

"ახალი სეზონისთვის ჯერ მზად არ ვართ, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა, რადგან მოსამზადებელი პერიოდის მხოლოდ პირველ ეტაპს გავდივართ. უკეთაც შეგვეძლო თამაში, მაგრამ მთლიან
ობაში მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან შეგირდებს თავი არ დაუზოგავთ. როდესაც ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვებისკენ ასეთი სწრაფვა გაქვს, ე.ი. მოტივაციასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა".

ინტერი

ანდრეა სტრამაჩონი მოსამზადებელ ეტაპზე როდრიგო პალასიოსა და დიეგო მილიტოსგან შემდგარ თავდამსხმელთა ტანდემს ეყრდნობა და როგორც ჩანს, ახალ სეზონშიც ანალოგიური სურათი იქნება.

ვერ ვიტყვით, რომ არგენტინელებმა ციდან ვარსკვლავები მოწყვიტეს, მაგრამ რიგ ეპიზოდებში საკმაოდ კარგად მოქმედებდნენ და მწვრთნელის ქებაც დაიმსახურეს. მართალია, შეუთამაშებლობა ეტყობოდათ, მაგრამ ეს არავის გაკვირვებია.

შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა ფელიპე კოუტინიომ, რომელიც გამთამაშებლის პოზიციაზე მოქმედებდა და "იუვესთან" შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

სწორედ ამხანაგურ შეხვედრებში წყდება ბრაზილიელის ბედი და ისეთი პირი უჩანს, რომ ფელიპე კარიერას "ინტერში" გააგრძელებს.

"ნერაძურიმ" ტურნირი ყველაზე კარგად ჩაატარა და დამსახურებულად მოიპოვა თასი, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ძალიან გაახარა - მოვუსმინოთ ანდრეა სტრამაჩონის:

"ახალი სეზონის წინ თასის მოპოვება მეტად სასიამოვნოა და სიმართლე გითხრათ, ძალიან გახარებული ვარ - ბოლოს და ბოლოს, ეს ჩემი პირველი თასია.

შეგირდებით კმაყოფილი ვარ, რადგან დავალებები პირნათლად შეასრულეს და შედეგიც შესაბამისი მოიმკეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ჩავუყარეთ საფუძველი - ამაში გულშემატკივრებიც მალე დარწმუნდებიან".


ინტერი-იუვენტუსი 1:0
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ჯონათანი, რანოკია, კივუ, მბაიე (39. სილვესტრი) - ძანეტი, გუარინი, კამბიასო - კოუტინიო (34. ნაგატომო) - პალასიო (39. ლონგო), მილიტო.
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - ლიხტშტაინერი, მაზი, ლუსიო - კასერესი, ასამოა, მარონე, ვიდალი, დე ჩელიე - კვალიარელა, მატრი.
გოლი: 1:0 კოუტინიო (12).

მილანი-იუვენტუსი 0:1
მილანი (4-3-1-2): ამელია - დე შილიო, ბონერა, იეპესი, ტაივო - ტრაორე, ამბროზინი, ბოატენგი - ემანუელსონი - რობინიო, ელ შაარავი.
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი (25. ლეალი) - მაზი, ლუსიო, კასერესი (45. ლიხტშტაინერი) - პეპე (38. უნტერსე), პადოინი, ვიდალი (25. პაციენცა), ასამოა, უიგლერი - ბუაჩი, ვუჩინიჩი (43. მატრი).
გოლი: 0:1 ვუჩინიჩი (31-პენ.).

ინტერი-მილანი 2:1
ინტერი (4-3-1-2): ბელეცი - მბაიე, სილვესტრი (21. ჯონათანი), კივუ, ნაგატომო (38. ბიანკეტი) - გუარინი (35. რანოკია), კამბიასო, ძანეტი - კოუტინიო - პალასიო (44. პაზა), მილიტო (30. ლონგო).
მილანი (4-3-1-2): ამელია (21. პაცალი) - ანტონინი, აჩერბი, ალბერტაცი (44. იოტი), მესბა - ტრაორე (40. პროსენიკი), კრისტანტი, ვალოტი - ბოატენგი (20. კარმონა) - განსი, ელ შაარავი (32. ემანუელსონი).
გოლები: 0:1 ელ შაარავი (16), 1:1 გუარინი (25), 2:1 პალასიო (34).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული