"მილანის" გულშემატკივრებმა საყვარელ გუნდს ანდერძი აუგეს

AutoSharing Option
"მილანის" გულშემატკივრები არ ცხრებიან და კვლავაც აქტიურად აპროტესტებენ იმ პროცესებს, რომლებიც მათი საყვარელი გუნდის გარშემო ხდება... როგორც იცით, ლომბარდიული გრანდი ტიაგო სილვამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დატოვეს, ფრანგულ პსჟ-ში გადაბარგდნენ და მომდევნო სეზონიდან პარიზელთა ღირსებას დაიცავენ.

მართალია, კლუბის მესვეურები მეგა-ტრანსფერებს გვპირდებიან, მაგრამ სილვას და იბრას სრულფასოვან შემცვლელთა მოძებნა რომ იოლი არ იქნება, ეს ცხადზე ცხადია. მოკლედ, "როსონერის" გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან და კლუბის ოფისთან საპროტესტო აქციებს მართავენ...

22 ივლისს "ვია ტურატიზე", ანუ კლუბის ოფისის წინ, დაახლოებით 500 ტიფოზი შეიკრიბა, რომლებმაც სამგლოვიარო ცერემონია
ჩაატარეს, ყვავილებით და სანთლებით საყვარელ გუნდს ანდერძი აუგეს და ამით თავიანთი მკაფიო პოზიცია დააფიქსირეს. ბუნებრივია, ამ ამბავს "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

"გულშემატკივართა აღშფოთება გასაგებია, მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ მათ მალე გავახარებთ. აქ არა იმდენად ტრანსფერები, რამდენადაც გუნდის შედეგები ვიგულისხმე, რომლებიც მომდევნო სეზონში აუცილებლად გვექნება.

ჩვენი მიზანი სერია A-ს, ჩემპიონთა ლიგის, იტალიის თასის მოგებაა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ იბრაჰიმოვიჩის გარეშე ეს შეუძლებელია, ძალიან ცდება.

მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის გამო წამყვან ფეხბურთელებთან გამოთხოვება მოგვიწია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომდევნო სეზონში გუნდი კონკურენტუნარიანობას დაკარგავს - "მილანი" მწვერვალებს დაიპყრობს და შეგიძლიათ ჩემი სიტყვები ერთი წლის თავზე გამახსენოთ. ასე რომ, "მილანი" ნამდვილად არ მომკვდარა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული