"ბოლონიას" მესვეურები გასტონ რამირესის სარფიანად გაყიდვას ცდილობენ

AutoSharing Option
"ბოლონიას" მესვეურები გასტონ რამირესის სარფიანად გაყიდვას ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით ეს საქმე არ გამოსდით.

არადა, 21 წლის ურუგვაელმა შემტევმა გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და წესით, მასზე დიდი მოთხოვნა უნდა იყოს. პრინციპში, მოთხოვნა არის, მაგრამ დაინტერესებული კლუბები იმაზე გაცილებით ნაკლებ თანხას იხდიან, ვიდრე ბოლონიელები ითხოვენ.

მაგალითად, "ფიორენტინას" მესვეურებმა რამირესის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გაიმეტეს, "იუვენტუსმა" კი ათს კიდევ ხუთი დაამატა; თუმცა ბოლონიელებს თანხა ეცოტავათ და ნიჭიერ ფეხბურთელში გაცილებით მეტის აღების სურვილი საჯაროდ გამოხატეს - მოვუსმინოთ კლუბის პრეზიდენტ ალბანო გუარალდის:

"ჩემი პირადი აზრით, რამირესი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია და მისი 15 მილიონ ევროდ შეფასება სასაცილოა და მეტი არაფერი. გასტონის საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა და დაინტერესებულმა კლუბებმა ეს კარგად უნდა იცოდნენ.

რამირესი ძალიან ტექნიკურია, მარტოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა და რაც მთავარია, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. "იუვენტუსის" და "ფიორენტინას" შეთავაზება უარყოფილია და წინადადებებს სხვა კლუბებიდან ველოდებით - ჩემი პირადი აზრით, რამირესის გადაბირების შესაძლებლობა მხოლოდ უცხოურ კლუბებს აქვთ".

აპენინური პრესის მტკიცებით, რამირესის გადაბირება ინგლისურ "ლივერპულს" სურს და უახლოეს მომავალში მოლაპარაკების პროცესი დაიწყება.

კულუარული ინფორმაციის თანახმად, მერსისაიდელები მზად არიან, ურუგვაელი შემტევის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადონ და თუ ეს მართლაც ასეა, სავარაუდოდ, შეთანხმება შედგება კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული