ფილიპო ინძაგი ახალ ამპლუაში

AutoSharing Option
ფილიპო ინძაგიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

38 წლის ფორვარდს შეთავაზებები ნამდვილად არ აკლდა, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა და მწვრთნელობა დაიწყო - დიახ, სუპერპიპო "მილანის" 17-წლამდელთა გუნდს ჩაუდგა სათავეში და პირველი ნაბიჯი გადადგა ახალ პროფესიაში. ამ ყველაფერზე მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ ბრიფინგზე ისაუბრა:

გადაწყვეტილება
არაერთი მაცდური შეთავაზება მქონდა და ბევრიც ვიფიქრე, მაგრამ ბოლოს კარიერის დასრულება გადავწყვიტე.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი სამსახურით იყო დაინტერესებული. მაგალითად, ინგლისის პრემიერლიგის გუნდი 2+1-წლიან ხელშეკრულებას მთავაზობდა, რაც ჩემი ასაკის ფეხბურთელისთვის
ნამდვილად იშვიათი მოვლენაა და შესაძლოა, უპრეცედენტოც კი; ამაზე უარის თქმა იოლი არ იყო, მაგრამ მივხვდი, რომ "მილანის" გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია - ჩემი სახლი აქაა და მსურს, ამ კლუბს კიდევ მრავალი წელი ვემსახურო.

გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება - მე "როსონერის" 17-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიქნები. ვეცდები, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და მაქსიმალურად ბევრი ვასწავლო. ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები საქმეს.

მიზანი
ახალ პროფესიად მწვრთნელობა ავირჩიე და მინდა, რომ ამ საქმეშიც ისეთივე წარმატებული ვიყო, როგორც ძველში.

მსურს, მსოფლიო მასშტაბის მწვრთნელი გავხდე და უამრავი ტიტული მოვიგო. ბავშვობიდან მიზანსწრაფული ვარ და მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება.

ჩემი გეგმები "მილანს" უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, მთავარი გუნდის მესაჭე გავხდები. ოცნებად მაქვს ქცეული, რომ "როსონერის" მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგა მოვიგო და იმედია, ისევე ამისრულდება, როგორც ფეხბურთელობის პერიოდში.

იმედია, ჩემს სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია არ მიეცემა - მასიმილიანო ალეგრის უდიდეს პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ ის უნდა იყოს გუნდის მთავარი მწვრთნელი. თუმცა, აქვე არც ჩემს მიზანს ვმალავ და ყველაფერს ხმამაღლა ვამბობ.

სამწვრთნელო ფილოსოფია
ახალ საქმეში პირველ ნაბიჯებს ვდგამ და ჯერ გამიჭირდება იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებენ ჩემი გუნდები. თუმცა ერთი თამამად შემიძლია ვთქვა - ერთი ტაქტიკა-სტრატეგიის მძევალი არ გავხდები და ვეცდები, რომ როგორც მწვრთნელი, ყოველთვის ამოუცნობი ვიყო მეტოქეთათვის.

ისეთ დიდ სპეციალისტებთან მქონდა ურთიერთობა, როგორებიც კარლო ანჩელოტი და მარჩელო ლიპი არიან - მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული