ამხანაგური მატჩი. მილანი-შალკე 1:0

AutoSharing Option
"მილანმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და როგორც იქნა, გამარჯვება მოიპოვა.

ლომბარდიული გრანდის მეტოქე "შალკე" იყო, თამაში კი ურბი ემანუელსონის გოლის წყალობით, 1:0 დასრულდა.

დიახ, ერთადერთი გოლი სწორედ ურბიმ გაიტანა, რომელიც მარცხენა ფლანგზე იყო გამწესებული... შეტევის წინა ხაზზე რობინიო და ელ შაარავი მოქმედებდნენ, გამთამაშებლის პოზიციაზე კი კევინ პრინს ბოატენგი მოქმედებდა.

თამაში იტალიელთა უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური შედეგით დასრულდა. თუმცა მილანელებს მეტის გატანაც შეეძლოთ და მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, კიდევ მინიმუმ 2-3 გოლს გაიტანდნენ.

მოკლედ, "ტროფეო ტიმ"-ზე შერცხვენის შემდეგ ლომბარდიელებმა
კარგი სპარინგი გამართეს და ცოტა მხრებშიც გაიმართნენ - ეს მასიმილიანო ალეგრის კომენტარიდანაც ჩანს:

"შეგირდების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და შედეგითაც, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო.

ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, რადგან ბოლო დროს მუდმივად გვაკრიტიკებდნენ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურ განწყობაზე მოქმედებს და პირველ რიგში, ამიტომ გამიხარდა მოგება.

"შალკე" ძლიერი გუნდია და კარგი სპარინგი გამოვიდა. მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ.

დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ - არადა, უმეტესობა სრულიად საპირისპ
ირო პროგნოზს აკეთებს. "მილანი" უდიდესი გუნდია და რამდენიმე ფეხბურთელის წასვლით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ყველაფერი კარგად იქნება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

ამასობაში კიდევ ერთხელ ამოტივტივდა კაკას "მილანში" შესაძლო დაბრუნების თემა - მილანელებსა და მადრიდელებს შორის რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს თვით ადრიანო გალიანიმ დაადასტურა:

"კაკას გადაბირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია და იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკების პროცესი შეთანხმებით დასრულდება.

რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის მამას ვესაუბრე და ვიცი, რომ თავად კაკასაც სურს "როსონერიში" დაბრუნება. მთავარია, მადრიდელებთან მივაღწიოთ შეთანხმებას და ყველაფერი კარგად იქნება. ესპანელები წინააღმდეგნი არ არიან, ბრაზილიელს შეელიონ. მთავარი თანხაა და ვნახოთ, როგორც წარიმართება მოლაპარაკებები. პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

სატრანსფერო ბაზარზე გასვლას არ ვაპირებთ, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას გასხვისებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი გვჭირდება და ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული