"მილანის" პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები

AutoSharing Option
"მილანს" ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები ფეხბურთელები დაუბრუნდნენ და პრესასთან პირველი კომენტარები გააკეთეს.

ყურადღების ცენტრში გახლდნენ მოქცეული ინაციო აბატე და ანტონიო ნოჩერინო, რომლებსაც იმ ახალ რეალობაზე დაეკითხნენ, რომელიც გუნდში დახვდათ. მოვუსმინოთ ორივე მათგანს...

ინაციო აბატე
ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას გასხვისების ამბავი მეც პრესიდან შევიტყვე და გაკვირვებული დავრჩი.

თუმცა, ბევრისგან განსხვავებით, განგაშის ზარი არ შემომიკვრია, რადგან "მილანის" დონის გუნდი ასეთ დანაკარგებს უნდა იტანდეს.

იბრას და ტიაგოს შეცვლა იოლი არ იქნება, მაგრამ 31 აგვისტომდე დიდი დროა და დარწმუნებული ვარ, რომ კლუბის მესვეურები გუნდს
სერიოზულად გააძლიერებენ. სანამ "მილანს" სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი ხელმძღვანელობენ, ყველაფერი კარგად იქნება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა ძალიან მომენატრებიან, "მილანელოს" ორივე დააკლდა, მაგრამ ნამდვილი სიცარიელე ვეტერანთა წასვლამ გამოიწვია. ძალიან უცნაურია, "მილანი" ალესანდრო ნესტას, ჯენარო გატუზოს და ფილიპო ინძაგის გარეშე, თუმცა ეს რეალობაა და უნდა შევეგუოთ.

თითოეული ჩვენგანი უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ საქმეს, რადგან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მასწავლებლების გარეშე დავრჩით და პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

ანტონიო ნოჩერინო
როგორ გავატარე შვებულება? - საშინლად, რადგან ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ერთი დღითაც კი ვერ ამოვიგდე თავიდან. დღემდე გაბრაზებული ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი.

ესპანელებთან მარცხმა დასვენების სურვილი დამიკარგა და თამაშის წყურვილი გამიმძაფრა. ასე რომ, საწვრთნელ პროცესს დიდი ენთუზიაზმით ვუერთდები და იმედი მაქვს, რომ ოპტიმალურ ფორმას მალე დავიბრუნებ.

რაც შეეხება "მილანს", ახალი გუნდი კეთდება, რომელიც აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რადგან ეს ჩვენი საერთო მიზანი და ამოცანაა. ვფიქრობ, რომ გაძლიერება ყველაზე მეტად დაცვაში გვჭირდება, რადგან გუნდი ალესანდრო ნესტამ და ტიაგო სილვამ დატოვეს.

მათ სრულფასოვანი შემცვლელები სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტოქეთა იერიშების გამკლავება გაგვიჭირდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ სატრანსფერო ბაზარზე ვიაქტიურებთ და ამ მხრივ, ყველაფერი კარგად იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული