ანტონიო დი ნატალე - "უდინეზეზე", ნაკრებზე და არა მარტო...

AutoSharing Option
ანტონიო დი ნატალე საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა და ბუნებრივია, რომ უმალ მოექცა ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში.

ერთი ხანობა, ტოტოს კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა შემდეგ აზრი შეიცვალა და უდინურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა.

დი ნატალეს "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი სამ საინტერესო თემაზე ესაუბრა და შეგვიძლია სიტყვა თავად ფეხბურთელს გადავცეთ...

გადაფიქრება
მყარად მქონდა გადაწყვეტილი, რომ საფეხბურთო კარიერა უნდა დამესრულებინა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არასდროს უნდა თქვა არასდროს... ევროპის ჩემპიონატის დროს მივხვდი, რომ ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო და ამ ეტაპზე
ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება, უბრალოდ, არ შეიძლებოდა.

მადლობა "უდინეზეს" მწვრთნელ-მესვეურებს, რომლებიც მიესალმნენ ჩემს გადაწყვეტილებას და უმალ შემომთავაზეს ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება. ერთი სიტყვით, კიდევ ორი წელი აუცილებლად ვითამაშებ ფეხბურთს და შემდეგ უკვე ნამდვილად დავასრულებ კარიერას. ვარ თუ არა ამაში დარწმუნებული? - არა.

უდინეზე
როდესაც გასულ ზაფხულს "უდინეზე" ალექსის სანჩესმა დატოვა, ბევრმა ჩამოგვწერა, მაგრამ მათი პროგნოზი არ გამართლდა; სეზონი ძალიან კარგად ჩავატარეთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური დამსახურებულად მოვიპოვეთ.

იგივე მდგომარეობაა წელსაც. წამყვან ფეხბურთელებთან გამოთხოვებამ ბევრი პესიმიზმში ჩააგდო, მაგრამ პირადად მე სულ სხვა მოსაზრება მაქვს. მართალია, კვადვო ასამოასა და მაურისიო ისლას სახით ძლიერმა ფეხბურთელებმა დაგვტოვეს, მაგრამ შეუცვლელი არავინაა და ამაში მალე დარწმუნდებით.

პოცოების ოჯახი დიდი ხანია ხელმძღვანელობს კლუბს და მათ კარგად იციან წარმატების ფორმულა - არაერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა დავიმატეთ, რომლებსაც ადაპტაციისთვის საკმარისი დრო აქვთ.

დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული სეზონი გვექნება და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.

ნაკრები
ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამ უდიდესი გამოცდილება შემძინა, რომელიც მთელი ცხოვრება თან გამყვება. ეს იყო უმნიშვნელოვანესი დღეები ჩემს კარიერაში და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა.

დავასრულე თუ არა სანაკრებო კარიერა? - ეგ ერთმა ღმერთმა იცის და მეორემ, ჩეზარე პრანდელიმ, თუმცა ჩემი ნებით რომ ნაკრებზე უარს არ ვიტყვი, ამას წყალი არ გაუვა.

ყოველთვის მიკვირდა იმ ფეხბურთელების, რომლებიც ეროვნულ გუნდზე უარს ამბობდნენ - რა ასაკშიც უნდა ვიყო, თუ ნაკრებს დავჭირდები, მყისვე შეკრებაზე გავჩნდები.

უდიდესი სურვილი მაქვს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვიასპარეზო და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება. მართალია, უკვე 34 წლის ვარ, მაგრამ არა მგონია, მთავარი ასაკი იყოს და ეს ბევრი ფეხბურთელის მაგალითზე დამტკიცებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული