ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ესეკილ ლავეცის წასვლამ გუნდი არათუ არ დაასუსტა, კიდევ უფრო გააძლიერა.
ერთი შეხედვით, შეუძლებელია ფეხბურთელის წასვლამ გუნდი გააძლიეროს, მით უმეტეს, ლიდერის, მაგრამ მეორე მხრივ, თუ დანარჩენ მოთამაშეებზე ამან კარგად იმოქმედა, მაშინ... ლავეცის პსჟ-ში გადაბარგების შემდეგ ნეაპოლელებს ბევრმა კრიზისი უწინასწარმეტყველა და შესაძლოა, ამან ნეაპოლელთა მოტივაცია და ენთუზიაზმი ერთიორად გაზარდა.
"ნაპოლი" ამხანაგურად ლევერკუზენის "ბაიერს" გაეჯიბრა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა.
რაც შეეხება გოლებს, ერთი მარეკ ჰამშიკმა გაიტანა, ხოლო მეორე გორან პანდევმა; თუმცა ყველაზე მეტად მაინც ლორენცო ინსინიე გამოირჩა, რომელიც მუდმივად ქმნიდა ხიფათს მეტოქის კართან და მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი ჰქონდა.
ცნობისთვის, გუშინ ინსინიემ "ნაპოლისთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ნეაპოლურ გუნდში 2017 წლამდე დარჩება. ფეხბურთელის პირადმა აგენტმა კმაყოფილება გამოთქვა მიღწეული შეთანხმებით და დასძინა, რომ მისი კლიენტის ოცნება სწორედ "ნაპოლისთან" ერთად ტიტულების მოგებაა. დავუბრუნდეთ თამაშს და ვალტერ მაცარის გადავცეთ სიტყვა, რომელიც "ბაიერის" ძლევამ ძალიან გაახარა:
"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გზით მივდივართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. "ბაიერი" ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა გასაქანი არ მივეცით და მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ.
კარგად გადავდიოდით დაცვიდან შეტევაში და პირიქით, რაც ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. სჭირდება თუ არა გუნდს გაძლიერება? - ახალი ფეხბურთელების დამატებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, მაგრამ არსებული კონტიგენტითაც ფრიად კმაყოფილი ვარ.
ვნახოთ. მე მაინც მგონია, რომ წინ საინტერესო აგვისტო გველის".
ნაპოლი-ბაიერი 2:1
ნაპოლი (3-5-2): როზატი - კამპანიარო (61. ფერნანდესი), კანავარო (76. გამბერინი), ბრიტოსი (71. არონიკა) - ცუნიგა, ჯემაილი (56. ბერამი), გარგანო (90. ფორნიტო), ჰამშიკი (71. ვიტალე), დოსენა (61. მაჯო) - ინსინიე (88. ბარიტი), პანდევი (83. ნოვოტნი).
ბაიერი (4-4-2): ლენო - შვააბი, ფრიდრიხი (61. ტოპრაკი), ვოლშაიდი, კადლეცი - ბენდერი (61. სამი), რაინარცი (90. ორტეგა), როლფესი, კასტრო (90. პუში) - კისლინგი (61. ფერნანდესი), შურლე (46. ბელარაბი).
გოლები: 1:0 ჰამშიკი (27), 1:1 ფრიდრიხი (47), 2:1 პანდევი (51).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"