ვეტერანი არგენტინელი დღესაც შესანიშნავ ფორმაშია და "ნერაძურის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.
ეს ყველაფერი უამრავი რეკორდის ფონზე ხდება, რომელიც ხავიერმა საკლუბო და სანაკრებო დონეზე დაამყარა. ქვემოთ მინი-ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც "კორიერე დელო სპორტმა" ჩამოართვა...
- როგორ ემზადებით ახალი სეზონისთვის?
- შესანიშნავ განწყობაზე ვართ და ახალ სეზონს დიდი ენთუზიაზმით ველოდებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული სეზონი გვექნება და ამით გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციას მოვახდენთ. გასული სეზონი აშკარად ჩავაგდეთ და ეს უნდა ვაღიაროთ.
თუმცა
- როგორ შეაფასებთ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას?
- კლუბის მესვეურები შესანიშნავად მუშაობენ და ამაზე არაერთი ტრანსფერი მეტყველებს. როდრიგო პალასიოს სახით, უძლიერესი ფორვარდი დაგვემატა, რომელიც დიეგო მილიტოსთან ერთად, შესანიშნავ ტანდემს შექმნის.
ფელიპე კოუტინიომ ესპანეთში მკვეთრად მოუმატა და ჩამოყალიბებული ვარსკვლავი დაგვიბრუნდა; ვფიქრობ, მომდევნო სეზონში ფელიპე მთელ მსოფლიოს აალაპარაკებს. მთლიანობაში, "ინტერი" გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე წინა სეზონში.
- ფეხბურთელები იცვლებიან, უცვლელი მხოლოდ თქვენ ხართ...
- ჩემი დროც დასრულდება, მაგრამ ჯერ კიდევ შემიძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა და გამომდინარე აქედან, წასვლას არ ვაპირებ.
ვამაყობ იმით, რომ უკვე 12 წელია, "ინტერის" კაპიტანი ვარ, ამ საოცარი გუნდის. "ნერაძურიში" ყველაზე მეტი შეხვედრა მაქვს ჩატარებული და იგივე შემიძლია ვთქვა არგენტინის ნაკრებზეც.
არადა, რამდენი უძლიერესი ფეხბურთელი ჰყოლია არგენტინას, რამდენი ვარსკვლავი... როდესაც ამაზე ვფიქრობ, სიამაყის გრძნობა მეუფლება.
- რისთვის იბრძოლებს "ინტერი" მომდევნო სეზონში?
- ამდენი წელია "ინტერში" ვთამაშობ და ჩვენი მიზანი ყოველთვის სკუდეტოს მოპოვება იყო. გამონაკლისი არც მომდევნო ჩემპიონატი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ მიზნის მიღწევა ხელგვეწიფება.
"ნერაძური" იმაზე ბევრად ძლიერი იქნება, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია. ანდრეა სტრამაჩონის სახით, გუნდს შესანიშნავი სოპეციალისტი ჰყავს, რომელმაც კარგად იცის, რასაც აკეთებს.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უამრავ მწვრთნელთან მიმუშავია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ანდრეა მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.
- ამბობენ, რომ მომდევნო სეზონში მეტწილად ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებთ...
- კარიერის განმავლობაში, ძირითადად, ან მარცხენა მცველი ვიყავი, ან საყრდენი ნახევარმცველი და მომდევნო სეზონშიც ასე იქნება. შუახაზში თამაში ჩემთვის უცხო ხილი არ არის და თუ ეს ასე მოხდა, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ.
რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, სადაც გუნდს ვჭირდები, იქ ვითამაშებ. სტრამაჩონი იმ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც წინასწარ ნაკლებად გეგმავენ და გადაწყვეტილებათა უმრავლესობას ექსპრომტად იღებენ. ამიტომ, კაცმა არ იცის, სად და რა პოზიციაზე მომიწევს თამაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"