ანტონიო კონტე გასაჩივრებას აპირებს

AutoSharing Option
დასრულდა თუ არა ევროპის ჩემპიონატი, იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება განაახლეს და ახალი დამნაშავეებიც გამოავლინეს; ერთ-ერთი მათგანი ანტონიო კონტე გახლავთ, რომელსაც "სიენაში" მუშაობის პერიოდიდან ამოუქექეს შავი საქმეები და ბრალიც დაუმტკიცეს.

შორს წაგვიყვანს ყველა იმ ფაქტზე ლაპარაკი, სადაც ანტონიოს გვარი ფიგურირებს, მაგრამ მოკლედ იმის თქმა შეგვიძლია, რომ "იუვენტუსის" ამჟამინდელი თავკაცი გარიგებულ მატჩებში ირიბ მონაწილეობაშია მხილებული.

ბუნებრივია, "ვეკია სენიორას" თავკაცს საჯარიმო სანქციები დაეკისრა და თანაც, საკმაოდ სერიოზული - თავად განსაჯეთ, ანტონიო 200 000 ევროს გადაიხდის და რაც მთავარია, სამი
თვის განმავლობაში ტრიბუნებიდან მოუწევს თავისი გუნდის თამაშების ყურება... დიახ, კონტე დისკვალიფიცირებულია და 14 მატჩი "იუვეს" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე წარუძღვება.

"ამ უსამართლო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავაპროტესტებ და დიდი იმედი მაქვს, რომ სასჯელი მთლიანად მომეხსნება.

მაიმედებენ, რომ დისკვალიფიკაციის პერიოდის მკვეთრად შემცირებაა შესაძლებელი, მაგრამ მე სასჯელის სრულად მოხსნა მსურს.

აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ და ძალია
ნ საწყენია, რომ ასეთ გაუგებრობაში გავეხვიე. იტალიურ ფეხბურთში სრული განუკითხაობაა და ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი".

მოკლედ, მთელი სამი თვის განმავლობაში "იუვენტუსს" თამაშებზე მთავარი მწვრთნელის გარეშე მოუწევს გასვლა და ბუნებრივია, რომ ეს გაუთვალისწინებელ პრობლემებს შექმნის. ამ მხრივ, კონტე ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ მისი თანაშემწეები თავს არ შეირცხვენენ. ვნახოთ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს...

ამასობაში "იუვენტუსთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ტურინელები რობინ ვან პერსის ტრანსფერს მიუბრუნდნენ და შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. ამ თემაზე ფიფას აგენტმა ფაბიო პარიზიმ ისაუბრა, რომელიც იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ცნობილი ფიგურაა და როგორც ამბობენ, სიტყვა ეთქმის - მოვუსმინოთ ფაბიოს:

"რობინ ვან პერსის ტრანსფერი ბევრმა გამორიცხა, მაგრამ რეალობა რადიკალურად განსხვავებულია - ჰოლანდიელი ფორვარდი, პრაქტიკულად, უკვე შეუთანხმდა "იუვენტუსის" მესვეურებს და ბოლო სიტყვა "არსენალის" ხელმძღვანელებს ეთქმით.

ჩემი ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან, წამყვანი თავდამსხმელი ტურინში გაუშვან და მხოლოდ თანხაზეა მოსალაპარაკებელი. ჩემი გამოცდილებით, ეს საკითხი 80%-ით მოგვარებულია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული