"ბიანკონერი" მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და ცოტა უფრო მეტად რომ გამართლებოდა დამაგვირგვინებელ ფაზაში, ორჯერ უფრო დიდი ანგარიშით შეეძლო გამარჯვება. დიახ, ცოტა მეტი სიზუსტე და ალბათ, ანგარიში ორნიშნა იქნებოდა.
იტალიელი ჟურნალისტები აღფრთოვანებულები არიან და წერენ, რომ თუ "უდინეზემ" ასე გააგრძელა, გუნდი კვლავ იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.
ძალიან კარგად წარმოჩინდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, მათ შორის, დიეგო ფაბრინი და გუნდის ახალწვეული ლუის ფერნანდო მურიელი. პირველმა დუბლი მიითვალა აქტივში, მეორემ კი ულამაზესი გოლით
ფრანჩესკო გვიდოლინი ძალიან კმაყოფილია შეგირდთა თამაშით, რაც მისი კომენტარიდან ნათლად ჩანს:
"მთელმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და სიმართლე გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ. საერთოდ, ყველაფერს კრიტიკული თვალით ვუყურებ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სათქმელი ბევრი არაფერია - გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა.
გოლის ავტორები მინდა გამოვყო და შევაქო: ფაბრინიმ ძალიან ბევრი ირბინა და ორი გოლი სრულიად დამსახურებულად გაიტანა.
მურიელი მემარჯვენეა, მაგრამ როგორც გამოჩნდა, მარცხენა ფეხითაც შესანიშნავად ურტყამს, რამაც ძალიან გამახარა. მომეწონა გულშემატკივართა მხარდაჭერა და იმედია, მთელი სეზონი ასევე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო, მიღწეული გამარჯვებით უაღრესად კმაყოფილი ვარ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"