"კალჩოს" შავი სია

AutoSharing Option
საფეხბურთო ექსპერტთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ იტალიური გუნდებისთვის მიმდინარე სატრანსფერო კამპანია ბოლო წლებში ყველაზე მძიმეა.

კალჩო ფინანსურ და კორუფციულ კრიზისშია, რამაც ქვენიდან ვარსკვკლავთა გადინება განაპირობა. ბოლო აკორდი ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას პსჟ-ში გადაბარგება იყო, თუმცა შესაძლოა, ამით არც დასრულდეს ყველაფერი.

სერია A-ს გუნდებში კიდევ არაერთი ფეხბურთელია, რომლებიც ახალ ნავსაყუდელს ეძებენ და საინტერესო წინადადებებს ელოდებიან. ქვემოთ, სწორედ იმ მოთამაშეებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომლებიც ტრანსფერზე არიან დაყენებულნი და დღე დღეზე, გუნდს შეიცვლიან...

დავიდ პისარო (რომა). 32 წლის
როდესაც "რომას" ლუის ენრიკე
ჩაუდგა სათავეში, ბევრმა ივარაუდა, რომ დავიდ პისარო გუნდისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელი გახდებოდა და ამ ვარაუდს ჰქონდა თავისი საფუძველი - დავიდი ტექნიკურია, ბურთს შესანიშნავად აკონტროლებს და თითქოს, კატალონიური ტიკი-ტაკასთვის იოლად უნდა აეღო ალღო.

თუმცა, რეალობა სხვაგვარი გამოდგა - ესპანელმა სპეციალისტმა მალევე აითვალწუნა ჩილელი შუახაზელი და იჯარით, "მანჩესტერ სიტიში" გაუშვა.

ამ ზაფხულს, პისარო "რომას" დაუბრუნდა, თუმცა როგორც ჩანს, კვლავ ახალი კლუბის ძიება მოუწევს. "ჯალოროსის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უკვე განაცხადა, რომ პისაროს ტრანსფერზე დაყენება სურს და მის პოზიციაზე ამერიკელი ბრედლი მიიყვანა.

თუმცა, ბრედლის გარდა, საყრდენი ნახევარმცველი "რომას" არაერთი ჰყავს და პისაროს ადგილი გუნდში აღარ არის. ბოლო ცნობების თანახმად, ჩილელის გადაბირება პრემიერლიოგის რამდენიმე გუნდს სურს.

ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა). 28 წლის
ხუან მანუელ ვარგასისთვის გასული სეზონი წარუმატებელი გამოდგა და სწორედ ამიტომ, მისი "ფიორენტინადან" აბარგების საკითხი დადგა დღის წესრიგში.

მართალია, რვა საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში, მაგრამ სამაგიეროდ, ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა და დამაგვირგვინებელ ფაზაში იშვიათი უზუსტობა გამოავლინა. სწორედ ამიტომ, მის მიმართ კრიტიკა არც სინიშა მიხაილოვიჩს დაუშურებია და არც დელიო როსის - ორივე, "ფიორენტინას" წვრთნის და ორივე უკმაყოფილო გახლდათ ვარგასის ქმედებით.

ხუან მანუელი ტრანსფერზეა დაყენებული და მის მიმართ უკვე იჩენენ ინტერესს - მაგალითად, "ლაციო" მზადაა, სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადოს და ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ ისტორიას.

ვინჩენცო იაკვინტა (იუვენტუსი). 32 წლის
ვინჩენცო იანკვინტას "იუვენტუსთან" კიდევ ერთწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს, გასული სეზონი კი იჯარის წესით "ჩეზენაში" გაატარა. ტურინში დაბრუნებულ ვინჩენცოს ანტონიო კონტემ მყისვე აგრძნობინა, რომ მისი ადგილი გუნდში აღარ არის და ურჩევნია, ახალი ნავსაყუდელი მოძებნოს.

ვერ ვიტყვით, რომ ვინჩენცოზე ტაციაობაა, მაგრამ რამდენიმე გუნდი ნამდვილად იჩენს ინტერესს... სხვებზე მეტად "კიევო" აქტიურობს, რომელიც ამ ზაფხულს ვეტერანი ფირვარდების მიმართ მოჭარბებულ ინტერსშია შემჩნეული - ვერონელებმა უკვე დაიმატეს დავიდე დი მიკელე და როგორც ჩანს, ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.

ხოსე ანხელი (რომა). 22 წლის
მიუხედავად იმისა, რომ ხოსე ანხელის სადებიუტო შეხვედრა "რომაში" წითელი ბარათით აღინიშნა, ფეხბურთელმა ლუის ენრიკეს ნდობა დაიმსახურა და გასულ სეზონში, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო.

ესპანელმა მცველმა 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და როგორც წესი, მარცხენა მცველის პოზიციაზე ირჯებოდა.

დაინიშნა თუ არა ზდენეკ ზემანი "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სატრანსფერო კამპანია დაგეგმა და პირველი ის განაცხადა, რომ მარცხენა მცველი უნდა ეყიდა; სიტყვა მალევე აასრულა, ჯერ ბრაზილიელი დოდო გადაიბირა, შემდეგ კი ფედერიკო ბალცარეტის ტრანსფერიც გაჩარხა...

რა გასაკვირია, რომ ხოსე ანხელის ადგილი "ჯალოროსიში" აღარ არის და ამას თვით ფეხბურთელის პირადი აგენტი ადასტურებს - მისივე თქმით, მოლაპარაკებებს აწარმოებს "ბენფიკასთან" და დიდი შანსია, ესპანელი მცველი პორტუგალიაში გადავიდეს.

ფრანსელინო მათუსალემი (ლაციო). 32 წლის
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა ფრანსელინო მათუსალემი ტრანასფერზე დააყენა და მის მიმართ სერია A-ს რამდენიმე გუნდი იჩენს ინტრესს, მათ შორის, "პარმა".

ემილიელებმა დაადასტურეს ბრაზილიელი ნახევარმცველის მიმართ ინტერესი და დასძინეს, მზად ვართ მის ნაცვლად 2 მილიონი ევრო გადავიხადოთო. საბოლოო სიტყვა რომაელებმა უნდა თქვან და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ფრანსელინოს მოცილების დიდი სურვილი აქვთ, წესით უარი არ უნდა თქვან.

თავად ფეხბურთელმა უკვე განაცხადა, რომ იტალიაში სურს დარჩენა და სერია A-ს გუნდებიდან შეთავაზებებს დიდი სიამოვნებით განიხილავს.

ჯამპაოლო პაცინი (ინტერი). 28 წლის
ჯამპაოლო პაცინი რომ "ინტერს" დატოვებს, კარგა ხნის წინ გაცხადდა და მხოლოდ ისაა გასარკვევი, სად გააგრძელებს კარიერას.

მის მიმართ ინტერესს "იუვენტუსი" და ‘ფიორენტინა" იჩენენ, თუმცა საქმე ინტერესს არ გასცდენია. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ "ინტერში" დარჩება აღარ სურს და მზადაა ნებისმიერი წინადადება განიხილოს.

პაცოს "ნერაძურიზე" გულაცრუების მიზეზი ანდრეა სტრამაჩონის პოზიცია გახლავთ, რომელიც იტალიელ ფორვარდს დიეგო მილიტოს დუბლიორად განიხალავს.

მარკო ბორიელო (რომა). 30 წლის
ბოლო წლებში, მარკო ბორიელოს ძალიან აერია საქმე - "მილანში" ვერაფრით აეწყო კაერიერა და "რომაში" გადაბარგდა, სადაც ბევრი ვერაფრით გამოირჩა და იჯარის წესით, "იუვენტუსში" გადაბარგდა. ტურინში, გულშემატკივრებმა არ მიიღეს, ბევრი უსტვინეს და არც ლანძღვა-გინება დააკლეს.

დიდწილად სწორედ ამიტომ, მარკო "რომაში" დააბრუნეს და იქაც გულშემატკივართა აგრესიის მსხვერპლი გახდა. სპარინგ მატჩების დროს, ბორიელოს "ჯალოროსის" ტიფოზებმა შეუტიეს და ეს არც გახლდათ გასაკვირი, რადგან ჯერ კიდევ ტურინში ყოფნის დროს, მარკომ საჯაროდ გამოხატა "იუვეში" დარჩენის სურვილი...

მოკლედ, ბორიელოს აღარც რომში დაედგომება და ახალ ნავსაყუდელს ეძებს - ამობენ, მარკო შეიძლება "მილანში" დაბრუნდესო, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზეა. ვნახოთ, რა ბედი ელის გზააბნეულ ფორვარდს.

ჟულიო სეზარი (ინტერი). 32 წლის
"ინტერის" კარს უკვე სამირ ჰანდანოვიჩი იცავს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კარგა ხანი ასე იქნება. ჟულიო სეზარის ადგილი მილანურ გრანდში აღარ არის და ყველაზე უკეთ ეს თვითონ იცის;/ ამად იყო, რომ ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა და "ნერაძურის" გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

სად გააგრძელებს კარიერას სეზარი? - ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემაც ურთილესი საქმეა. ჟულიოს ბრაზილიიდან აქვს შეთავაზებები, მაგრამ ჯერჯერობით, სამშობლოში დაბრუნება არ სურს.

მისივე თქმით, ინგლისურ პრემირლიგაში სურს ძალების მოსინჯვა და თუ ალბიონიდან შეთავაზება მიიღო, სიამოვნებით განიხილავს, ვერ გეტყვით, მიიღო თუ არა სეზარმა წინადადება ინგლისიდან, მაგრამ მისი გადაბირება რომ "უდინეზეს" სურს, ეს ფაქტია... დიახ, ფრიულელებმა "ინტერთან’ მეკარეების გაცვლა მოისურვეს და ვნახოთ, როგირ გამოუვათ ეს საქმე.

ანდრეა პოლი (სამპდორია). 22 წლის
ანდრეა პოლი ჯერ კიდევ მაშინ იტანდა გოლებს "სამპდორიას" შემადგენლობაში, როდესაც ამ გუნდში ანტონიო კასანო და ჯამპაოლო პაცინი ბრწყინავდნენ.

გასულ სეზონში, 22 წლის ფორვარდი სერია B-ში ასპარეზობდა და უდიდესი წვლილი შეუტანა გენუური გუნდის აღზევებაში. სწორედ ამიტომ, მის მიმართ იტალიური ფეხბურთის გრანდები იჩენენ ინტერესს და სავარაუდოდ, ახალგაზრდა ფორვარდი მალე შეიცვლის გარემოს.

ყველაზე ხშირად, პოლის "ნაპოლიში" შესაძლო გადაბარგებაზე საუბრობენ, თუმცა "იუვენტუსიც" საკმაოდ აქტიურობს. არის "რომას" და "ინტერის" ვარიანტებიც, თუმცა ჯერჯერობით, საქმე მოლაპარაკებამდე არ მოსულა. პოლი ალბათ დატივებს "სამპდორიას" და თუ სად გააგრძელებს კარიერას, ამას დრო გვიჩვენებს.

დუგლას მაიკონი (ინტერი). 31 წლის
დუგლას მაიკონი დაახლოებით 5-6 წელია მადრიდის "რეალში" გადაბარგებაზე ოცნებობს, მაგრამ არა და არ დაადგა საშველი.

ბრაზილიელი მცველი უკვე ასაკშია, ვეტერანი ეთქმის, მაგრამ "სამეფო კლუბში" გადასვლის შესაძლებლობა ამ ზაფხულსაც აქვს.

მეტიც, თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, დუგლასი მიზანთან ისე ახლოა, როგორც არასდროს. როგორც ჩანს, ეს დაახლოება "ინტერის" მხრიდან ფეხბურთელის ჩამოფასებამ განაპირობა - თუ აქამდე მაიკონის ფასი ათეულ მილიონებს უდრიდა, წელს მხოლოდ 7 მილიონად არის განსაზღვრული.

ვნახოთ, ეღირსება თუ არა მაიკონსი მადრიდში გადაბარგებას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული