იტალიის ნაკრები: ახალი ციკლი ახალი იმედებით

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი ინგლისთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება და ჟურნალისტებთანაც აქტიურად ურთიერთობს.

ბუნებრივია, პრანდელი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რადგან ბრიტანელებთან საპაექროდ ექსპერიმენტულ შემადგენლობას უხმო და არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიძახა; გადავხედოთ შემადგენლობას და შემდეგ განვავრცოთ თემა...

მეკარეები: კონსილი (ატალანტა), პერინი (პესკარა), სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი);
მცველები: აბატე (მილანი), აჩერბი (მილანი), დე შილიო (მილანი), ასტორი (კალიარი), ბალცარეტი (რომა), გასტალდელო (სამპდორია), ოგბონა (ტორინო), პელუზო (ატალანტა);
ნახევარმცველები: აკვილანი (ფიორენტინა), დე როსი (რომა), დიამანტი (ბოლონია), ნოჩერინო (მილანი), პოლი (სამპდორია), სკელოტო (ატალანტა), ვერატი (პსჟ,
საფრანგეთი);
თავდამსხმელები: ბალოტელი (მან. შიტი, ინგლისი), დესტრო (რომა), ელ შაარავი (მილანი), გაბიადინი (ატალანტა);

ჩეზარე პრანდელის სიაში ექვსი დებიუტანტია: ელ შაარავი, დე შილიო, პერინი, ვერატი, პელუზო, კონსილი და გაბიადინი.

შესაძლოა, მათ რიცხვს დიეგო ფაბრინიც დაემატოს "უდინეზედან", რომელიც მარიო ბალოტელის შემცვლელად მოიაზრება; საქმე იმაშია, რომ "მანჩესტერ სიტის" ფორვარდს თვალზე შეექმნა პრობლემები და ამის გამო ინგლისის სუპერთასის გამოტოვებაც კი მოუხდა.

მოკლედ, ბალოტელი ინგლისთან ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მის ნაცვლად სიაში ფაბრინი ჩაჯდება. დროა, სიტყვა ჩეზარე პრანდელის გადავცეთ, რომელიც ჟურნალისტებს გაესაუბრა და რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი...

- ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად ვიასპარეზეთ და განვლილი ციკლი წარმატებულად შეგვიძლია შევაფასოთ.

წინ ახალი ეტაპია, რომელიც ინგლისთან ამხანაგური მატჩით იწყება. ბუნებრივია, ახალი ფეხბურთელების ნახვა მსურს საქმეში და შემადგენლობაც ექსპერიმენტული გამოვიძახე. ამ მოთამაშეთა ნაწილის წაყვანა ევროპის ჩემპიონატზეც მსურდა, მაგრამ განაცხადში, უბრალოდ, აღარ იყო ადგილი.

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ამ ფეხბურთელებს დაეყრდნობით თუ ვეტერანებს დააბრუნებთ?
- არჩევანი საკმაოდ დიდი გვაქვს და მხოლოდ ამ ფეხბურთელებზე შეჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ბუნებრივია, ისევ ვენდობით ვეტერანებს, რომლებსაც ფასდაუდებელი საქმის გაკეთება შეუძლიათ...

როგორ შეიძლება უარი ვთქვათ ანდრეა პირლოზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილად საუკეთესო იყო და ჩემი პირადი აზრით, ჯილდოსაც იმსახურებდა.

- ანუ ბირთვი უცვლელი დარჩება...
- დღეს ამაზე ლაპარაკი სრული სისულელეა, რადგან კონკრეტული მატჩისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელებს ვიძახებ.

ბუნებრივია, არის ფეხბურთელთა გარკვეული ნაწილი, რომლებსაც "აძურაში" რეგულარულად ასპარეზობის მეტი შანსი აქვთ, მაგრამ ამაზე უფრო მეტს ვერავის შევპირდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იუვეზე უარი განაცხადა :) ვაი ამის პატრონს დე შილიოს დაკეტილი ზონები რა ვთქვი ...
Gaioz
15:31 14-08-2012
0
უარი კი არ თქვა იტალიის სუპერთასის გამო იუვე-ნაპოლიდან არავინ გამოიძახა...
franziskaner
21:14 14-08-2012
0

სიახლეები პოპულარული