ფერნანდო ლორენტე ტურინის "იუვენტუსს" მიუახლოვდა!

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ "იუვენტუსის" მესვეურებმა ფერნანდო ლორენტეს გადაბირება განიზრახეს და ბილბაოს "ატლეტიკთან" მოლაპარაკებები გააჩაღეს.

"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და შეთანხმებამდე ბევრი აღარაფერია დარჩენილი.

მით უმეტეს, ტურინელებს უკვე თავად ფეხბურთელთანაც უსაუბრიათ და მეტიც, ხელშეკრულების დეტალებიც შეუთანხმებიათ.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, თუ ტრანსფერი შედგა, ლორენტე სეზონურად 3.5 მილიონ ევროს მიიღებს, კონტრაქტი კი 4-წლიანი იქნება.

კულუარული ინფორმაციით, ტურინელები ლორენტეს სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს გადაიხდიან, რაც კომპრომისული ვარიანტია - ბასკები ფერნანდოში 20 მილიონს ითხოვდნენ, ტურინელები 16-ის გადახდისთვის იყვნენ
მზად და როგორც ჩანს, 18-ზე შეთანხმდნენ.

აქვე ვთქვათ, რომ ლორენტეს "ატლეტიკთან" გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, 27 წლის ფორვარდის საბაზრო ღირებულება 36 მილიონი ევროა, მაგრამ რადგან ამხელა თანხის გადახდას არავინ აპირებს, ბასკებმა თანხა გაანახევრეს.

"იუვეს" სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას კიდევ ერთხელ მოუხდა ლაპარაკი ლორენტეს ტრანსფერის შესახებ და ბოლოს სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია შესული და დიდია შანსი, შეთანხმებით დასრულდეს. სავარაუდო ტრანსფერის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმას კი დავადასტურებ, რომ კითხვის ნიშნების უდიდესი ნაწილი უკვე მოხსნილია.

მოკლედ, დიდია შანსი, ლორენტე "იუვენტუსში" გადმობარგდეს, მაგრამ სანამ ხელშეკრულებას ხელმოწერები არ დაესმება, იქამდე მაინც ვერაფერს დავიჩემებთ; ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება და საბოლოო შედეგს მალე გავიგებთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული