ჩეზარე პრანდელი: ევროპა კარგი იყო, მსოფლიო უკეთესი იქნება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა და ინგლისის უმთავრეს გუნდთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, 2:1.

წარმოგიდგენთ ჩეზარე პრანდელის ინტერვიუს, რომელიც "კალჩო 2000"-ში დაიბეჭდა.

"სკუადრა აძურას" თავკაცი წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე საუბრობს.

- როგორ შეაფასებთ ინგლისთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრას?
- მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც განვაცხადე, რომ მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

მართალია, დავმარცხდით და ეს ყოველთვის საწყენია, მაგრამ ამისგან ტრაგედიას არ ვქმნით და წინ ვიყურებით. მით უმეტეს, თამაში ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობით ჩავატარეთ და ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და
გადამწყვეტი გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო.

- ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევთ?
- საუკეთესო შესაძლებლობები არცერთს უჩვენებია, ისე კი, თავი არ დაუზოგავთ და ეს ალბათ ყველაზე მთავარია. მაგალითად, სტეფან ელ შაარავიმ საკმაოდ ბევრი იშრომა და თუ ასე გააგრძელა, აუცილებლად მიეცემა ეროვნულ გუნდში დამკვიდრების საშუალება.

იგივე შეიძლება ითქვას მატია დესტროზე, რომლის წაყვანა ევროპის ჩემპიონატზეც მსურდა.

უნიჭიერესი ფორვარდია მანოლო გაბიადინი და მჯერა, რომ ძალიან მალე, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იქნება. მოკლედ, ტალანტები ბევრი გვყავს და მათი კარგად გამოყენებაა საჭირო.

- თქვენი საუბრიდან ისე ჩანს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაეყრდნობით...
- ჩემ გუნდებში ყოველთვის დაბალანსებული შემადგენლობა იყო და ასევე იქნება სამომავლოდ. ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა მარიო ბალოტელიც მყავდა წაყვანილი და ვეტერანი ანტონიო დი ნატალეც; სინთეზი ყველაზე კარგი გამოსავალია და ამას ჩემი გამოცდილება მკარნახობს.

ასე რომ, ვეტერანებზე უარის თქმას არ ვაპირებთ, როგორც ეს ბევრს ჰგონია. როგორ შეიძლება ანდრეა პირლოზე უარი თქვა, რომელიც კონტინენტის პირველობაზე გუნდის სული და გული იყო.

- ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფები 4-4-2 ტაქტიკით წარმართეთ და ამხანაგურ პაექრობაშიც ეს სქემა აირჩიეთ; როგორც ჩანს, საბოლოოდ ჩამოყალიბდით...
- საბოლოოდ მხოლოდ იმაში ვარ ჩამოყალიბებული, რომ სასტარტო შემადგენლობაში თერთმეტი ფეხბურთელი უნდა დავაყენო, დანარჩენი შეიძლება შეიცვალოს.

დღეს, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი 4-4-2-ია, მაგრამ რა იქნება ხვალ, ეს ერთი ღმერთმა იცის.

მე იმ მწვრთნელთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ნებისმიერ ფეხბურთელს თავის ტაქტიკას არგებენ... პირიქით, სქემას იმის მიხედვით ვირჩევ, თუ რა კონტიგენტია ჩემს განკარგულებაში.

ასე რომ, საბოლოოდ ჩამოყალიბება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ყველაზე მეტად ვის უფრთხით?
- ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაა. ჯგუფი საკმაოდ ძლიერია და მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება, მაგრამ განწყობა ოპტიმისტური მაქვს.

ძლიერი კონკურენტები გვყავს და ესეც აუცილებლად უნდა აღვნიშნო; ჯგუფიდან გასვლისთვის დანია, ჩეხეთი და ბულგარეთი იბრძოლებენ, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად. სომხებსაც საინტერესო გუნდი ჰყავთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს.

- ცივი გონებით როგორ შეაფასებთ ევროპის ჩემპიონატს და რას ელით მუნდიალისგან?
- ევროპის ვიცე-ჩემპიონები ვართ და ეს არც თუ ურიგო შედეგია. მართალია, ჩვენ ჩემპოიონობა გვსურდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რა პრობლემების წინაშე ვიდექით ევროპის ჩემპიონატის დაწყდებამდე და ტურნირის მსვლელობისას... ბევრმა ჩამოგვწერა, ფავორიტებად კი ესპანეთთან ერთად, ჰოლანდიას, საფრანგეთს და გერმანიას ასახელებდნენ.

საბედნიეროდ, ყველას დავანახვეთ, რომ დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია.

რაც შეეხება მუნდიალს, იქ ჯერ კიდევ მოსახვედრები ვართ და დღეს, სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული. მოკლედ ასე გეტყვით, ევროპა კარგი იყო, მსოფლიო უკეთესი იქნება.

- რა მოხდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ასეთ ანგარიშს არავინ ელოდა...
- კიდევ 100-ჯერ რომ ვეთამაშოთ ესპანეთის ნაკრებს, ასეთი ანგარიშით ალბათ აღარასოდეს წავაგებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში იღბალმა ზურგი გვაქცია.

იძულებითი ცვლილებების განხორციელება მომიხდა, ბოლოს კი სულაც ათი ფეხბურთელით დავრჩით. მწარე მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ რას ვიზამთ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მაგრამ არა იმდნად, რომ ჩვენთვის ასეთი ანგარიშით მოეგო; ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

- გავცდეთ სანაკრებო თემატიკას და საკლუბოზე გადავიდეთ; რა შეფასებას მისცემთ "ნაპოლის" მიერ იტალიის სუპერთასის დაჯილდოების ცერემონიის ბოიკოტირებას?
- "ნაპოლის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ნამდვილად ჰქონდათ მსაჯებზე გაბრაზების საფუძველი, მაგრამ ეს გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არსებულ რეალობას ყოველთვის თვალებში უნდა ჩახედო და მარცხს ღირსეულად შეხვდე.

ნეაპოლელები მარცხს ვერ შეეგუენ და პირველ რიგში, ეს მათი სისუსტის გამოვლინებაა. როდესაც "ნაპოლიმ" იტალიის თასი მოიგო, "იუვენტუსმა" საკუთარ თავსაც სცა პატივი და მეტოქესაც; ასე რომ, ნეაპოლელთა საქციელს ვერაფრით გავამართლებ.

- სერია A-ს სტარტი კარს მოგვადგა, რას ელით ამ სეზონისგან?
- ახალი, ნიჭიერი ფეხბურთელების გამოჩენას, რომლებიც შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს გამოადგებიან. გარდა ამისა, დაძაბულ პაექრობებს და ბოლო ტურებამდე მიტანილ ინტრიგას.

ჩემი პირადი აზრით, სკუდეტოსთვის "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" იბრძოლებენ, ანუ დიდი იტალიური ტრიო. შესაძლოა, იგივე "ნაპოლის", ან "რომას" გულშემატკივრები გამინაწყენდნენ, მაგრამ დღეს, სწორედ ამ სამ გუნდზე ჩამოვდივარ ფსონს. თუმცა, ეს მხოლოდ პროგნოზია და რა იქნება სინამდვილეში, ერთი ღმერთმა იცის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული