ტურინის "იუვენტუსის" ახალი სამიზნე დიდიე დროგბაა

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, "იუვენტუსის" მესვეურები კი კვლავ აგრძელებენ ექსტრა-კლასის თავდამსხმელის ძიებას და ფარ-ხმალს არ ყრიან. არადა, ტურინელებს უკვე არაერთ ფრონტზე მოეცარათ ხელი - დაწყებული რობინ ვან პერსიდან, დამთავრებული ფერნანდო ლორენტეთი. დიახ, ლორენტეს ტრანსფერი ჩაიშალა, რაც ბილბაოს "ატლეტიკის" პრეზიდენტმა დაადასტურა და დასძინა, "იუვეს" 36 მილიონი ევრო ეძვირაო.

სულ ახალი ინფორმაციის თანახმად, ტურინელები დიდიე დროგბას მიმართულებით გააქტიურდნენ, რომელიც ამ ზაფხულს ჩინურ კლუბ "შენხუაში" გადაბარგდა...

დიახ, დიდიემ სულ ახლახან მიაშურა ჩინეთს, მაგრამ დიდია შანსი, შემოდგომამდე ევროპას დაუბრუნდეს, რადგან "შენხუაში"
ფინანსურმა კრიზისმა დაისადგურა და თურმე, ფეხბურთელებს გაქცევაზე უჭირავთ თვალი. სწორედ ამ ფაქტორის გამოყენებას აპირებენ ტურინელები და თუ არ გჯერათ, "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას მოუსმინეთ:

"გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული, მაგრამ უმაღლესი კლასის თავდამსხმელის გადაბირებაზე არ ვიტყოდით უარს. სამწუხაროდ, ლორენტეს ვარიანტი ჩაიშალა და სხვა მიმართულებით გავაქტიურდით.

ლაპარაკია დიდიე დროგბაზე, რომელიც ჩინეთში დიდ გაუგებრობაში მოყვა და ევროპაში სურს დაბრუნება - ეს ამბავი პირველწყაროდან ვიცი და ისიც შემიძლია დავადასტურო, რომ აფრიკელი "იუვენტუსის" მიმართ დიდი სიმპათიითაა განმსჭვალული.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ბუნებრივია, რომ ვჩქარობთ.

ინტერესი ორმხრივია, მაგრამ არის გარეშე ფაქტორები, რომლებიც გარკვეულ დაბრკოლებებს გვიქმნის. ვნახოთ, ყველაფერი მალე გაირკვევა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული