დიმიტარ ბერბატოვი თითქმის ფლორენციელია

AutoSharing Option
"ფიორენტინას" მესვეურები აღარ ხუმრობენ, რადგან დიდი ალბათობით, დღე დღეზე დიმიტარ ბერბატოვს გაიფირმებენ.

დიახ, 31 წლის ბულგარელი ფირვარდი "მანჩესტერ იუნაიტედს" გამოეთხოვება და სავარაუდოდ, კარიერას სერია A-ში გააგრძელებს.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, იტალიური და ინგლისური კლუბების წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც ფლორენციელები დიმიტარის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადაიხდიან; ხელშეკრულება 3-წლიანი იქნება და კულუარული ინფორმაციით, ფეხბურთელი წლიურად 1.5 მილიონ ევროს აიღებს.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულების დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია, მაგრამ პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ მოლაპარაკების პროცესში რაიმე გაუგებრობა მოხდეს. მოკლედ,
ბერბატოვი დიდი ალბათობით "ფიორენტინას" მოთამაშე გახდება და ამას "ვიოლას" სპორტული დირექტორი პანტელეო კორვინო ადასტურებს:

"დიმიტარ ბერბატოვის გადაბირება ჩვენი პრიორიტეტული მიზანი იყო და ამ მიზნის მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ. სტევან იოვეტიჩს ექსტრა-კლასის მეწყვილე სჭირდება და ამას კარგად ვაცნობიერებთ.

ბერბატოვი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა, თუმცა არც ტექნიკა დაეწუნება და სწორედ ეს გვხიბლავს მასში. დიდი იმედი მაქვს, რომ ბულგარელ ფორვარდს უახლოეს დღეებში ოფიციალურად გავიფორმებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული