ანდრეა სტრამაჩონი: მიზანი ლიგაა, თუმცა მეტიც შეიძლება...

AutoSharing Option
ახალი სეზონი "ინტერმა" რიხიანად დაიწყო - სერია A-ს პირველ ტურში "პესკარას" ესტუმრა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. შედეგი იქით იყოს და მილანელებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს და ამბიციური მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს; დიახ, ამბიციური, რადგან მიუხედავად დებიუტანტობისა, "პესკარას" მწვრთნელ-ფეხბურთელები მატჩამდე მქუხარე განცხადებებს აკეთებდნენ და "ინტერს" დიდ ბრძოლას ჰპირდებოდნენ.

ბრძოლა არ შედგა, საფეხბურთო ექსპერტები კი უკვე თამანად საუბრობენ, რომ "ინტერი" მიმდინარე სეზონში სკუდეტოსთვის იბრძოლებს, თანაც აუცილებლად; დანარჩენზე "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი, ანდრეა სტრამაჩონი ისაუბრებს...

- გჯერათ რომ "ინტერი" სკუდეტოს მოიგებს?
- ჯერ
მხოლოდ ჩემპიონატის სტარტია, მთელი პირველობა წინაა და პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა.

იმედი მაქვს, ამ დიდ გზაზე ფორტუნა ჩვენ მხარეს იქნება და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოვხვდებით.

დიახ, ჩვენი მიზანი სამეულში ადგილის მოპოვებაა და თუ უფრო მეტსაც შევწვდით, მაშინ ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება.

ისე კი, არასწორი იქნებოდა მხოლოდ სკუდეტოს მოპოვება დაგვესახა მიზნად, რადგან გუნდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია.

ნებისმიერ მწვრთნელს გარკვეული დრო სჭირდება შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ერთი სიტყვით, სკუდეტოს მოპოვება ჩემთვის არავის მოუთხოვია, მაგრამ ის კი კარგად მესმის, რომ "ინტერის" გულშემატკივრები ყოველთვის მაქსიმუმს ელიან. ზოგადად, ოპტიმისტი ვარ და ვნახოთ, რა იქნება.

- ლიგაში გასავლელად სამეულში მოხვედრა გჭირდებათ და არა ოთხეულში, როგორც ეს ადრე იყო; ანუ, ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მოხვედრაც ერთობ რთული საქმეა...
- ეს მთლიანად იტალიური ფეხბურთის პრობლემაა, რომელიც სასწრაფოდ გამოსწორებას საჭიროებს. ნამდვილად გვაქვს იმ დონის ჩემპიონატი, რომ ლიგაში ოთხი გუნდი გაგვყავდეს და ოთხოვე მათგანი წარმატებით ასპარეზობდეს.

ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ ევროპის ლიგა, რომლის თითოეული შეხვედრა კოეფიციენტების მოსაპოვებლად უნდა გამოვიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა რეგრესი გაგრძელდეს და მალე, სხვა ჩემპიონატებსაც ჩამოვრჩეთ.

- რისი იმედი უნდა გვქონდეს ჩემპიონთა ლიგაში, მაშინ როცა იქ "ინტერი" არ თამაშობს?

- იტალიური ფეხბურთისთვის "ინტერის" ლიგაში ვერმოხვედრა დიდი დანაკლისია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენ სიტყვას მომდევნო სეზონში ვიტყვით. ლიგაზე კი უპირველესად ისევ და ისევ "მილანის" და "იუვენტუსის" იმედი უნდა გვქონდეს.

მომწონს "უდინეზეც", ფრანჩესკო გვიდოლინს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია (ინტერვიუს დროს, "უდინეზე" ჯერ კიდევ არ იყო გამოვარდნილი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან; ავტ.).

- რას ფიქრობთ კასანოზე, შეძლებს შესაძლებლობების რეალიზებას?

- ვხედავ რა ენთუზიაზმით ვარჯიშობს და თამაშობს, არ შეიძლება ამან შედეგი არ გამოიღოს. "პესკარასთან" ანტონიოს ასპარეზობით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ძველი კასანო გამახსენდა და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უკეთესად ათამაშდება.

- ამ ზაფხულს, ვესლი სნეიდერში დიდძალ თანხას იძლეოდნენ, ერთი წუთითაც არ გიფიქრიათ მისი გაყიდვა?

- რა თქმა უნდა არა. სნეიდერის გაყიდვა უდიდესი სისულელე იქნებოდა, რადგან აღებულ თანხას უფრო კანონზომიერად ვერ დავხარჯავდით. ვესლი ფასდაუდებელია და თუ ამბიციები გაქვს, მაშინ ის არანაირ ფასად არ უნდა გაყიდო.

ამ ზაფხულს, ჩვენი მიზანი გუნდის გაძლიერება გახლდათ და სნეიდერის გაყიდვით ყველაფერი წყალში იყრებოდა. მართალია, ლიგაში ვერგასვლით დიდი ფინანსური ზარალი ვნახეთ, მაგრამ "ინტერი" ისე არ დაეცემა, ფულის გამო ფეხბურთელებს შეელიოს.

- რას ფიქრობთ კონკურენტებზე?
- ეს კითხვა რამდენჯერმე დამისვეს და სიმართლე გითხრათ, მიჭირს პასუხის გაცემა; ჯერ ისიც არ ვიცი, როგორი იქნება მიმდინარე სეზონში "მილანი" და რისთვის იბრძოლებს, შესაბამისად, ვერც იმას ვიტყვი, ვისთან მოგვიწევს კონკურენცია. დიდი იმედი მაქვს, რომ ბრძოლა ღირსეულად წარიმართება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული