სერია A. II ტურის წინ: ზდენეკ ზემანს სჯერა, რომ იამაყებს

AutoSharing Option
მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა მილანში გაიმართება, სადაც "ინტერი" "რომას" უმასპინძლებს, მაგრამ თავდაპირველად ბოლონიას მივაშუროთ, სადაც მეორე მილანური გრანდი ჩადის წახდენილი საქმის გამოსასწორებლად...

* * *
დიახ, "როსონერიმ" პირველი მატჩი წააგო და შეეცდება, "ბოლონიასთან" მაინც გამოასწოროს მდგომარეობა; გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იმუქრება, რომ "სტადიო დალ არაზე" სულ სხვა "მილანს" ვიხილავთ, ბევრად უფრო მოძრავს და მობილურს. 

მოვუსმინოთ ალეგრის და განვავრცოთ თემა:
"პირველ ტურში განცდილი მარცხი დავიწყებას მიეცა, რადგან წინ მთელი სეზონია და ყურების ჩამოყრის დრო არ არის.

"ბოლონიას" თავიდანვე შევუტევთ და
ყველანაირად ვეცდებით, რომ თამაში ჩვენი კარნახით წარიმართოს.

იქნება თუ არა ბოიან კრკიჩი ძირითად შემადგენლობაში? - ამ კითხვაზე პასუხი მეც არ ვიცი და შესაბამისად, ვერც თქვენ გეტყვით ვერაფერს".

ალეგრიმ ზოგადი კომენტარი გააკეთა, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტები გვარწმუნებენ, რომ ბოიან კრკიჩი ძირითად შემადგენლობაში იქნება;

კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ესპანელის მეწყვილედ ჯამპაოლო პაცინი მოიაზრება, რომელიც ასევე ამ ზაფხულს გადავიდა "როსონერიში"...

ბოიანი-პაცინის ტანდემის ხილვა მართლაც საინტერესოა და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ბოლონიურ პაექრობას.

სავარაუდო შემადგენლობები
ბოლონია (3-5-1-1): ალიარდი - კარვალიო, ანტონსონი, კერუბინი - მოტა, პულცეტი, ტაიდერი, გუარანტე, მორლეო - დიამანტი, აკვაფრესკა.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - დე შილიო, ბონერა, იეპესი, ანტონინი - ფლამინი, მონტოლივო, ნოჩერინო - ბოატენგი - ბოიანი, პაცინი.

* * *
ზემოთ ვთქვით, რომ ტურის ცენტრალური პაექრობა "ინტერი"-"რომას" დაპირისპირება გახლავთ, მაგრამ თუ გასული სეზონის ცხრილს გადავხედავთ, ტოპ-მატჩი სწორედ უდინეში გაიმართება;

მესამე ადგილზე გასული "უდინეზე" ჩემპიონ "იუვენტუსს" უმასპინძლებს და წესით, "სტადიო ფრიულიზე" ფიცხელი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. მით უმეტეს, "მილანის" მსგავსად, პირველი შეხვედრა "უდინეზემაც" წააგო და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე.

რაც მთავარია, "უდინეზეს" ანტონიო დი ნატალე უბრუნდება და ფრანჩესკო გვიდოლინს ეს ფაქტორი ყველაზე მეტად ახარებს:

"დი ნატალესთან ერთად რა თქმა უნდა ბევრად უფრო ძლიერები ვიქნებით და არ შეიძლება, რომ მისი დაბრუნება არ გვახარებდეს. თუმცა, თუ მთელი გუნდი არ მოექცევა ერთიან მექანიზმში, მარტო ტოტო ვერაფერს გახდება.

"იუვენტუსი" ძალიან ძლიერი მეტოქეა და ფავორიტადაც ითვლება, მაგრამ ეს არ გვაშინებს და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ. სწორედ ასეთ შეხვედრებში უნდა დაძლიო კრიზისი და ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიკეთებია".

"უდინეზე" ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდით შეუტევს და ეს ერთადერთი ფორვარდი სწორედ ანტონიო დი ნატალე იქნება.

რაც შეეხება "იუვენტუსს", ტურინელები ტრადიციულად 3-5-2 ტაქტიკით გაირჯებიან, შეტევის წინა ხაზზე კი მირკო ვუჩინიჩისა და ალესანდრო მატრის ტანდემს ვიხილავთ.

ვნახოთ, უდინეში წესით ძალიან საინტერესო ბრძოლა უნდა გაიმართოს.

სავარაუდო შემადგენლობები
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ჰურლა, დანილო, კოდა - ბასტა, ფარაონი, ვილიანსი, პერეირა, პასკუალე - მაიკოსუელი - დი ნატალე.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ვუჩინიჩი, მატრი.

* * *
სახელი, ისტორია და ტრადიცია მაინც ბევრს ნიშნავს - როდესაც ერთმანეთის პირისპირ "ინტერი" და "რომა" დგანან, ძნელია, რომ ამ პაექრობას ცენტრალურის სტატუსი არ მიანიჭო.

"ნერაძურიმ" სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო და ბევრი ალაპარაკდა იმაზე, რომ მილანური გრანდი სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

რაც შეეხება "რომას", დედაქალაქელები "კატანიას" დაუზავდნენ "სტადიო ოლიმპიკოზე" და ბუნებრივია, რომ ამ შედეგით სიცილიელები უფრო დარჩნენ კმაყოფილნი, ვიდრე მასპინძლები.

მოკლედ, ზდენეკ ზემანს თავისი "რომათი" ჯერ არ უამაყია და ამას "ინტერთან" თამაშის შემდეგ აპირებს.

მოვუსმინოთ ჩეხ სპეიალისტს:
"დიდი იმედი მაქვს, რომ "ინტერთან" ისეთ "რომას" ვიხილავ, როგორიც მჯერა, რომ სეზონის სტარტისთვის მოვამზადე;

"კატანიასთან" უსახურად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, შეგირდებს ვესაუბრე და დამპირდნენ, რომ ამდენ შეცდომას აღარ გაიმეოირებენ.

ვნახოთ, "ინტერთან" თამაში იოლი არაა და საინტერესოა, როგორ გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. მე მაინც მჯერა, რომ მილანური მატჩის შემდეგ, ჩემი გუნდით ამაყი ვიქნები".


"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, "რომა" 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს, შეტევის წინა ხაზზე კი ერიკ ლამელა, მატია დესტრო და ფრანჩესკო ტოტი გაირჯებიან. ამ უკანასკნელს მიკრო-ტრავმა აქვს, მაგრამ კვირამდე გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს.

ზემანი გვპირდება, რომ "რომა" აუცილებლად შეუტევს - თუმცა, დაპირება რა საჭიროა, ზემანის გუნდები რომ უტევენ, ეს დიდი ხანია ვიცით...

ისევ "გაძეტას" დავესესხოთ და ვივარაუდოთ, რომ "ინტერი" 4-3-2-1 ტაქტიკით გაირჯება; შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტოს ვიხილავთ, რომელსაც უკნიდან ვესლი სნეიდერი და როდრიგო პალასიო დაეხმარებიან. სათადარიგოთა სკამზე მოიაზრება ანტონიო კასანო, რომელიც პირველ შეხვედრაში სასტარტოში იყო.

ანდრეა სტრამაჩონი გულშემატკივრებს ბოლომდე ბრძოლას ჰპირდება:
"ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩემი შეგირდები ზემოტოვირებულნი არიან;

გულშემატკივრებს ერთი ნამდვილად შემიძლია დავპირდე, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ და სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

შევუტევთ ფლანგებიდან და ცენტრიდან, მთელი გუნდით, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".


სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-3-2-1): კასტელაცი - ძანეტი, სილვესტრი, რანოკია, ნაგატომო - გუარინი, გარგანო, კამბიასო - პალასიო, სნეიდერი - მილიტო.
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირისი, ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი - მარკინიო, დე როსი, პიანიჩი - ლამელა, დესტრო, ტოტი.

* * *
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება ნეაპოლში, სადაც "ნაპოლი" "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

პირველი მატჩები ორივე გუნდმა მოიგო და ქებაც ბევრი დაიმსახურა - "ნაპოლიზე" ამბობენ, რომ სკუდეტოს უმიზნებს, "ვიოლა" კი ზაფხულში გვარიანად მოძლიერდა და ევროსაგზურის მოპოვების ამბიცია გაუჩნდა; მით უფრო საინტერესო იქნება "სტადიო სან პაოლოზე" გასამართი შეხვედრა და ამის შესახებ იტალიურ საფეხბურთო სამუაროში ყველა ერთხმად თანხმდება.

ვალტერ მაცარი 3-5-2 ტაქტიკას ამზადებვს, შეტევაში ედინსონ კავანისა და ლორენცო ინსინიეს ტანდემით;

აი "ფიორენტინას" კი ბალკანელები ჰყავს შეტევაში: ჩერნოგორიელ სტევან იოვეტიჩს სერბი ადემ ლიაიჩი შეუწყვილდება და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან.

სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (3-5-1-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, ბრიტოსი - მაჯო, ბერამი, ინლერი, ჰამშიკი, ცუნიგა - ინსინიე, კავანი.
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, როდროგესი, აგაზი - კასანი, აკვილანი, პიზარო, ბორხა ვალერო, პასკუალი - ლიაიჩი, იოვეტიჩი.

სერია A. II ტური
1 სექტემბერი
ტორინო-პესკარა 20.00
დისკვალიფიკაცია: სუჩუ - კიარეტი.

ბოლონია-მილანი 22.45
დისკვალიფიკაცია: პერესი (ბოლონია).
ტრავმა: რივეროლა, კრჰინი - აბატე, რობინიო, პატო, შტრასერი, დიდაკ ვილა, მუნტარი.

2 სექტემბერი
უდინეზე-იუვენტუსი 20.00
ტრავმა: იგალო, პინცი, ბარეტო - კასერესი, ისლა, პეპე, ჯოვინკო, ლუსიო.

კალიარი-ატალანტა 22.45
ტრავმა: საუ, კამილერი - კაპელი, კარმონა, ფერეირა პინტუ, მარილუნგო, რადოვანოვიჩი.

კატანია-ჯენოა 22.45
ტრავმა: ისკო, პოტენცა (კატანია).

ინტერი-რომა 22.45
ტრავმა: ჰანდანოვიჩი, კივუ, სტანკოვიჩი, ალვარესი, ობი, მარიგა, მუდინგაი - დოდო, ბრედლი.

ლაციო-პალერმო 22.45
ტრავმა: ედერსონი, სტანკევიჩუსი, დიაკიტე, რადუ, ძაური - ზაჰავი, მანტოვანი, ბრიენცა.

ნაპოლი-ფიორენტინა 22.45
ტრავმა: დოსენა, პანდევი - დელა როკა.

პარმა-კიევო 22.45
ტრავმა: ამაური, სანტაკროჩე - დრამე, პალოსკი.

სამპდორია-სიენა 22.45
დისკვალიფიკაცია: და კოსტა - ლარონდო, ვიტიელო, ბელმონტე.
ტრავმა: ხუან ანტონიო - ანჯელო, ბოლცონი, პარავიჩინი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული