სერია A. II ტურის შეჯამება: არც პაცინია ჩამოსაწერი ფორვარდი

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება: "მილანი", ალბათ, არც ისე სუსტია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა და არც "ინტერია" ისეთი მრისხანე, როგორც ეს ბევრს ეგონა... როგორც ჩანს, არც "რომას" ჩაუგდია მთლიანად მოსამზადებელი ეტაპი და არც "ლაციოა" უსაფუძვლოდ ამბიციური.

ალბათ, არც "ტორინოა" ისეთი მოსაწყენი, როგორიც სერია ბ-დან მოჩანდა და არც "პესკარაა" ისეთი ხალასი, როგორსაც ქვედა დივიზიონის ექსპერტები გვიხატავდნენ. არც ჯამპაოლო პაცინია ჩამოსაწერი ფორვარდი და ვინ იცის, კიდევ რამდენი არც...

ტურის სიმბოლური ნაკრები. 3-4-3
ანდრეა კონსილი (ატალანტა) - ფრანჩესკო აჩერბი (მილანი), ნიკოლას ბურდისო (რომა), გაბრიელ პალეტა (პარმა) - გეკჰან ინლერი (ნაპოლი), პანაიოტის ტახციდისი (რომა), ალესანდრო დიამანტი (ბოლონია), სებასტიან ჯოვინკო (იუვენტუსი) - ფრანჩესკო ტოტი (რომა), ჯამპაოლო პაცინი (მილანი), მიროსლავ კლოზე (ლაციო).

ტურის სიმბოლური ნაკრები ტრადიციულად შემტევი გამოგვივიდა და პირველ რიგში, თავდამსხმელებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას...

სამიდან ორი შემტევი ვეტერანია, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ გამოცდილება და კლასი ძალიან ბევრს ნიშნავს. "ინტერთან" პაექრობაში ფრანჩესკო ტოტი შეუდარებელი იყო, პაბლო დანიელ ოსვალდოს კი ისეთი საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომ მთელი საფეხბურთო იტალია დღემდე ლაპარაკობს. მოკლედ, "რომას" კაპიტანმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და დაგვარწმუნა, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა.

შესანიშნავად გაისარჯა მიროსლავ კლოზე, რომელმაც "პალერმოს" ორი გოლი მიართვა და "ლაციოს" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. გერმანელს კარგა ხანი არ ჰქონდა გოლი გატანილი და ნამატჩევს უჩვეულოდ ემოციური ჩანდა. აღარაფერს ვამბობთ ჯამპაოლო პაცინიზე, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა და სიმბოლურ გუნდში უსიტყვოდ დაიბევა ადგილი.

გამომდინარე იქიდან, რომ გასულ ტურში არაერთმა თავდამსხმელმა გაიბრწყინა, იძულებულნი გავხდით, რომ ერთ-ერთი მათგანი უკან დაგვეხია - დიახ, სებასტიან ჯოვინკოს შუა ხაზში მივუჩინეთ ადგილი, რადგან ბრწყინვალედ იასპარეზა და სიმბოლურს მიღმა ვერაფრით დავტოვებდით.

სებამ ალესანდრო დიამანტის, გეკჰან ინლერს და პანაიოტის ტახციდისს დაუმშვენა გვერდი. მცველებზე ბევრი არაფერია სათქმელი. აი, ანდრეა კონსილიმ კი კარში სასწაულები აკეთა და რჩეულთა შორის კუთვნილი ადგილი დაიკავა.

ტურის გმირი
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მეორე ტურის გმირად ჯამპაოლო პაცინი შევრაცხეთ. "მილანის" ახალწვეულმა ჰეთ თრიკი შეასრულა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოაპოვებინა.

პაცინის "ინტერში" რთული დროება ედგა და ბევრს არ სჯეროდა მისი დაბრუნების, თუმცა ერთმა შეხვედრამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა - ამბობენ, რომ ჩეზარე პრანდელი პაცოს სანაკრებო მატჩებისთვის გამოიძახებს და მას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებში დაეყრდნობა.

ჯამპაოლოს დღეს უკვე ფილიპო ინძაგის ადარებენ, რომელიც წლების განმავლობაში "მილანის" მთავარი დამრტყმელი ძალა იყო - ეს შედარება პაცინის ყველაზე მეტად მოსწონს და ბოლოს, სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"შესანიშნავი საღამო იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება, რადგან ჰეთთრიკი აქამდე მხოლოდ ორჯერ მქონდა შესრულებული. "მილანში" თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში და ეს რთული პერიოდის გადალახვაში დამეხმარება.

უკვე დამეხმარა კიდეც და ეს ბოლონიაში კარგად გამოჩნდა. ბოლო დროს ფილიპო ინძაგის მადარებენ, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია. პიპო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა და ვისურვებდი, რომ მისი მიღწევების ნახევარს მაინც შევწვდე".

ტურის ფრაზა
ფრანჩესკო ტოტი (რომას კაპიტანი): "საგოლე გადაცემის გამო პაბლო ოსვალდომ ვახშამზე უნდა დამპატიჟოს".

ზოგადი სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
I ტური რომა-კატანია, 50 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:
I ტური სიენა-ტორინო, 10 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ლაციო-პალერმო 3:0 (II ტური), ტორინო-პესკარა 3:0 (II).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
პესკარა-ინტერი 0:3 (I ტური), პალერმო-ნაპოლი 0:3 (I), უდინეზე-იუვენტუსი 1:4 (II).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
უდინეზე-იუვენტუსი 1:4 (II ტური), კატანია-ჯენოა 3:2 (II).

სერიები გასული სეზონის გათვალისწინებით
მოგება: იუვენტუსი, ლაციო - 4 თამაში
წაგება: პალერმო, ბოლონია - 3
წაუგებლად: იუვენტუსი - 40
მოუგებლად: პალერმო - 10

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 6 გოლი - იუვენტუსი. 5 - რომა, კატანია, ნაპოლი.
უარესი თავდასხმა: 0 გოლი - პალერმო, პესკარა. 1 - ატალანტა, ბოლონია, კალიარი, სიენა.
საუკეთესო დაცვა: 0 გაშვებული - ლაციო, ტორინო. 1 - იუვენტუსი, ნაპოლი, სამპდორია.
უარესი დაცვა: 6 გაშვებული - პალერმო, პესკარა, უდინეზე. 5 - ბოლონია.
ზუსტი გადაცემები: 1183 - იუვენტუსი. 1127 - ტორინო. 996 - ინტერი.
კარის მიმართულებით დარტყმები: 42 - კალიარი. 40 - მილანი. 39 - ფიორენტინა.
კარში დარტყმები: 16 - იუვენტუსი. 13 - მილანი. 12 - ინტერი.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები
3 - ჯამპაოლო პაცინი (მილანი), სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა). 2 - გონსალო ბერგესიო (კატანია), სებასტიან ჯოვინკო (იუვენტუსი), პაბლო დანიელ ოსვალდო (რომა), მიროსლავ კლოზე (ლაციო).

ასისტენტები

2 - დიეგო მილიტო (ინტერი), კვადვო ასამოა (იუვენტუსი), ფრანჩესკო ტოტი (რომა).

ზუსტი პასები
204 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი). 186 - კამილ გლიკი (ტორინო). 163 - ანჯელო ოგბონა (ტორინო). 159 - ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი). 144 - არტურო ვიდალი (იუვენტუსი), ალესანდრო გაცი (ტორინო).

კარის მიმართულებით დარტყმები
14 - კევინ პრინს ბოატენგი (მილანი). 12 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა). 11 - პაბლო დანიელ ოსვალდო (რომა). 9 - ფრედი გუარინი (ინტერი), ადემ ლიაიჩი (ფიორენტინა), ედერი (სამპდორია).

კარში დარტყმები
6 - ვესლი სნეიდერი (ინტერი), სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა). 5 - მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი).

ჯარიმები
9 - გონსალო ბერგესიო (კატანია), საფირ ტაიდერი (ბოლონია). 8 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო), ალესანდრო ლუკარელი (პარმა).

ციფრები და ფაქტები
"რომასთან" მატჩამდე "ინტერმა" ბოლო საშინაო მარცხი 17 თებერვალს განიცადა.

* "რომამ" პირველად მოუგო "ინტერს" გასვლითი შეხვედრა 2007 წლის აპრილის შემდეგ.

*ალესანდრო ფლორენციმ "რომადან", ალესანდრო სგრინიამ "ტორინოდან" და იცხაკ ბელფოდილმა "პარმადან" პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში.

*"მილანს" "ბოლონიასთან" 2002 წლის მარტის შემდეგ არ წაუგია.

* ჯამპაოლო პაცინიმ მესამე ჰეთ თრიკი შეასრულა კარიერის განმავლობაში.

* "იუვენტუსმა" მიჯრით მესამე გასვლითი მატჩი მოუგო "უდინეზეს".

* მირკო ვუჩინიჩს სერია A-ში 83 გოლი აქვს გატანილი, რომელთაგან 9 "უდინეზეს" კარში შეაგდო.

* "ნაპოლიმ" პირველად დაამარცხა "ფიორენტინა" საკუთარ მოედანზე 2008 წლის სექტემბრის შემდეგ.

* მიროსლავ კლოზეს სერია A-ში თებერვლის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი.

* სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 9 თერთმეტმეტრიანი დაიდო, რომელთაგან მხოლოდ 3 შესრულდა ზუსტად.

* სერია A-ში ბოლოს "პალერმომ" პირველ აპრილს გაიმარჯვა.

* "კალიარის" სერია A-ში 24 აპრილის შემდეგ არ მოუგია.

*"ჯენოას" გასვლით შეხვედრაში გასული წლის 10 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია.

სერია A. II ტური
ტორინო-პესკარა 3:0
გოლები: 1:0 სგრინია (34), 2:0 ბრიგი (56), 3:0 ბიანკი (63).
გაძევება: ტერლიცი (28. პესკარა).

ბოლონია-მილანი 1:3
გოლები: 0:1 პაცინი (16-პენ.), 1:1 დიამანტი (41-პემ.), 1:2 პაცინი (77), 1:3 პაცინი (85).

უდინეზე-იუვენტუსი 1:4
გოლები: 0:1 ვიდალი (14-პენ.), 0:2 ვუჩინიჩი (45), 0:3 ჯოვინკო (53), 0:4 ჯოვინკო (71), 1:4 ლაძარი (78).
გაძევება: ბრკიჩი (12. წითელი)

კალიარი-ატალანტა 1:1
გოლები: 0:1 დენისი (81), 1:1 ეკდალი (90).
გაძევება: პელუზო (27. ატალანტა).

კატანია-ჯენოა 3:2
გოლები: 0:1 კუჩკა (26), 1:1 ბერგესიო (66), 2:1 ბერგესიო (68), 2:2 იანკოვიჩი (83), 3:2 ლოდი (84).

ინტერი-რომა 1:3
გოლები: 0:1 ფლორენცი (15), 1:1 კასანო (46), 1:2 ოსვალდო (68), 1:3 მარკინიო (81).
გაძევება: ოსვალდო (90).

ლაციო-პალერმო 3:0
გოლები: 1:0 კანდრევა (11), 2:0 კლოზე (40), 3:0 კლოზე (83).

ნაპოლი-ფიორენტინა 2:1
გოლები: 1:0 ჰამშიკი (55), 2:0 ჯემაილი (75), 2:1 იოვეტიჩი (87).

პარმა-კიევო 2:0
გოლები: 1:0 ბელფოდილი (32), 2:0 როზი (86).

სამპდორია-სიენა 2:1
გოლები: 1:0 მაქსი ლოპესი (45), 1:1 ვერგასოლა (62), 2:1 გასტალდელო (68).

გუნდი წ  
1. იუვენტუსი 2 2 0 0 6-1 6
2. ნაპოლი 2 2 0 0 5-1 6
3. ლაციო 2 2 0 0 4-0 6
4. სამპდორია 2 2 0 0 3-1 6
5. რომა 2 1 1 0 5-3 4
6. კატანია 2 1 1 0 5-5 4
7. ტორინო 2 1 0 1 3-0 3
8. ჯენოა 2 1 0 1 4-3 3
9. ინტერი 2 1 0 1 4-3 3
10. მილანი 2 1 0 1 3-2 3
11. ფიორენტინა 2 1 0 1 3-3 3
12. კიევო 2 1 0 1 2-2 3
13. პარმა 2 1 0 1 2-2 3
14. კალიარი 2 0 1 0 1-3 1
15. უდინეზე 2 0 0 2 2-6 0
16. ბოლონია 2 0 0 2 1-5 0
17. პალერმო 2 0 0 2 0-6 0
18. პესკარა 2 0 0 2 0-6 0
19. ატალანტა 2 0 1 1 1-2 -1
20. სიენა
2 0 1 1 1-2 -5

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

მომდევნო ტური
16 სექტემბერი: კიევო-ლაციო, ფიორენტინა-კატანია, ჯენოა-იუვენტუსი, მილანი-ატალანტა, ნაპოლი-პარმა, პალერმო-კალიარი, პესკარა-სამპდორია, რომა-ბოლონია, სიენა-უდინეზე, ტორინო-ინტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული