აქვე ვთქვათ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები 7 სექტემბერს სოფიაში ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 4 დღის შემდეგ კი პადოვაში მალტას მიიღებს. "სკუადრა აძურას" მიზანი, რა თქმა უნდა, ექვსი ქულის მოპოვებაა და ამის შესახებ პრანდელიმ სპეციალურად მოწყობილ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა ჯერ შემადგენლობას გავეცნოთ:
მეკარეები: ბუფონი (იუვენტუსი), დე სანკტისი (ნაპოლი), სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), ვივიანო (ფიორენტინა).
მცველები: ასტორი (კალიარი), ბალცარეტი (რომა), ბარცალი (იუვენტუსი), ბონუჩი (იუვენტუსი), კასანი (ფიორენტინა),
ნახევარმცველები: დე როსი (რომა), დიამანტი (ბოლონია), ჯაკერინი (იუვენტუსი), მარკიზიო (იუვენტუსი), პირლო (იუვენტუსი), ნოჩერინო (მილანი), პოლი (სამპდორია), ვერატი (პსჟ, საფრანგეთი).
თავდამსხმელები: ბორინი (ლივერპული, ინგლისი), დესტრო (რომა), ოსვალდო (რომა), ინსინიე (ნაპოლი), ჯოვინკო (იუვენტუსი), პაცინი (მილანი).
განაცხადს მიღმა დარჩნენ ანტონიო კასანო და მარიო ბალოტელი, რაც ყველაზე უფრო თვალშისაცემია - თუ ბალოტელის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, რადგან თვალის ლაზერულ ოპერაციას იკეთებს, კასანოს არგამოძახებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე დაირხა ხმა იმის შესახებ, რომ პრანდელი ანტონიოს აღარ ენდობა და ნაკრებში მის გამოყენებას მომავალში აღარ აპირებს. ამ თემაზე კომენტარი თავად ჩეზარემ გააკეთა, თუმცა ჯერ იმათზე ვთქვათ, ვინც ბულგარეთს და მალტას დაუპირისპირდებიან...
პაცინიმ ნაკრები დაიმსახურა
შეტევის წინა ხაზზე ჯამპაოლო პაცინის ვხედავთ, რომელმაც "მილანის" შემადგენლობაში გაიბრწყინა და უმალ მიიქცია ნაკრების მწვრთნელთა ყურადღება. სიაშია ფაბიო ბორინი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება.
პრანდელიმ "რომადან" ორი ფორვარდი გამოიძახა: ერთი მატია დესტრო გახლავთ, ხოლო მეორე პაბლო დანიელ ოსვალდო, რომელმაც გასულ უქმეებზე შესანიშნავი გოლი გაიტანა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველად მოხვდა ეროვნული ნაკრების სიაში ახალგაზრდა ფორვარდი ლორენცო ინსინიე, რომელიც "ნაპოლის" ღირსებას იცავს.
ნახევარდაცვაში, ძირითადად, ძველ სახეებს ვხედავთ, თუმცა ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი აქაც უნდა გამოვარჩიოთ ანდრეა პოლისა და მარკო ვერატის სახით; სავარაუდოდ, მათ მალტასთან შეხვედრაში მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება.
დაცვაში ჯორჯო კიელინის ვერ ვხედავთ, რომელსაც ტრავმა აქვს. დანარჩენები კი ან ევროპის ჩემპიონატზე ვიხილეთ, ან გაფართოებულ შემადგენლობაში გახლდნენ და ბოლო მომენტში დაიწუნეს.
კარში ჯანლუიჯი ბუფონი იდგება და რაც უნდა გასაკვირი იყოს, მის დუბლიორად კვლავ მორგან დე სანკტისი მოიაზრება. არავის ეგონა, თუ ნეაპოლელი კიდევ მოხვდებოდა სანაკრებო სიაში, რადგან ვეტერანია და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, 37 წლის იქნება. დროა, სიტყვა ჩეზარე პრანდელის გადავცეთ და კიდევ რამდენიმე კომენტარს გავეცნოთ...
ჩეზარე პრანდელი: "წინ უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის, რომლებშიც ქულათა მაქსიმუმი უნდა მოვიპოვოთ. ბულგარეთში გამარჯვება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი სწორედაც რომ სამი ქულის მოპოვებაა.
შემადგენლობა გადახალისებულია, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ბირთვია შეცვლილი. მარიო ბალოტელი ოპერაციას იკეთებს და მას ვერ გამოვიძახებდი, ანტონიო კასანომ კი გუნდი შეიცვალა. მის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებია და უმჯობესია, რომ ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ.
ვიცი, ათასგვარი ჭორი დაიყრება, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ - კასანო ნაკრებს სჭირდება და მისთვის კარი კვლავაც ღიაა. შეტევაში, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რაც მომავლის იმედს მიღრმავებს - ნათლად ჩანს, თუ რამხელა პოტენციალი აქვს "აძურას" და ეს პოტენციალი სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ".
ლორენცო ინსინიე: "არ დავმალავ, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის იმედი მქონდა, მაგრამ არა ასე ადრე. ამიტომ უბედნიერესი ვარ და ჩეზარე პრანდელის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი.
იმედი მაქვს, ბულგარეთთან და მალტასთან თამაშის საშუალება მომეცემა. ვეცდები, შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს თავი მოვაწონო. ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ".
ჯანლუიჯი ბუფონი: "ძალიან მიხარია, რომ ისევ მომიწევს სანაკრებო შეკრებაზე გამგზავრება, რადგან "აძურაში" ასპარეზობა ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში უდიდესი იმედგაცრუება განვიცადეთ, მაგრამ ძალები მოვიკრიბეთ და ახალი ციკლის დასაწყებად ვემზადებით. იტალიის ნაკრები ძლიერია, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერი უნდა გახდეს და ეს ასეც იქნება".
დანიელე დე როსი: "ბულგარელებს პირველივე წუთებიდან შევუტევთ და მჯერა, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ და საამისოდ სასტარტო შეხვედრებში წარმატების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია.
მთავარია, მეტოქეები სათანადოდ შევაფასოთ და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მახარებს, რომ ეროვნულ გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა. მათი სახით "აძურას" დიდი ძალა დაემატა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"