"პესკარა" კრიტიკის ქარცეცხლში

AutoSharing Option
"პესკარამ" სერია A-ს მიმდინარე გათამაშების პირველ ორ შეხვედრაში ექვსი ქულიდან შესაძლებელი ნული აიღო, რამაც სერია B-დან ახლად აღზევებული გუნდი კრიტიკის ქარცეცხლში გაახვია.

განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მცველები არიან მოქცეულნი, რომლებმაც ორ შეხვედრაში ექვსი გოლი გაუშვეს.

კრიტიკა დაატყდა თავს გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯოვანი სტროპასაც, რომელმაც ზდენეკ ზემანი ჩაანაცვლა და საჯაროდ დადო პირობა, რომ ჩეხი სპეციალისტის ნაშენებ გუნდს, მინიმუმ, არ დაასუსტებდა. მოკლედ, სტროპა შავ დღეშია და მისი გამხნევება კლუბის პრეზიდენტმა, დანიელე სებასტიანიმ სცადა:

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაცას ძალიან უნდა, "პესკარას" ბოლოდროინდელი წარმატებები
ორი მარცხის გამო დავიწყებას მიეცეს. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და დროა, რომ ეს უმსგავსოება დამთავრდეს.

ვეთანხმები იმ აზრს, რომ განვლილ ორ პაექრობაში დაცვა ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ყველაფრის მხოლოდ უკანახაზელებზე გადაბრალებაც მეტისმეტია. ამიტომ კარგი იქნება, თუ ეს გადამეტებული კრიტიკა შეწყდება და მცველებს, ისევე, როგორც მთლიანად გუნდს, მშვიდად ვარჯიშის საშუალებას მივცემთ.

ჯოვანი სტროპა ჭკვიანი სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, რომ მდგომარეობას უმოკლეს დროში გამოასწორებს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული